… ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, უჩვეულო ამბის თხრობას ჩვეულებრივ დავიწყებ: ამას წინათ უხერხულ და უსიამოვნო სცენას შევესწარი, როცა მე და ჩემმა მეგობარმა ერთ პატარა კაფეში ყავის დასალევად და სასაუბროდ შევიარეთ. ჩვენ გვერდითა მაგიდასთან წყვილი სადილს შეექცეოდა.
დაკვირვებიხართ წყვილებს? გინახავთ, როგორ გამოიყურებიან ისინი გვერდიდან, ან შეგიძლიათ გამოიცნოთ, რა ურთიერთობაში არიან: შეყვარებულები, ცოლ-ქმარი, გერლფრენდ-ბოიფრენდი თუ ახლად გაცნობილი ადამიანები, რომლებიც ის-ისაა იწყებენ ერთმანეთის მოხიბვლას? - არადა, გამოცნობა საკმაოდ მარტივია. ყველა ამ წყვილს ქცევის განსხვავებული, დამახასიათებელი მანერა აქვს. ვიცი, არ გესიამოვნებათ, თუ გეტყვით და, სიმართლე გითხრათ, ამის აღიარება არც თავად მსიამოვნებს, მაგრამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მოწყენილად წყვილი - ცოლ-ქმარი გამოიყურება...
ხშირ შემთხვევაში ჭამენ უხალისოდ ან პირიქით, ისე, რომ მთელი აქცენტი დანაყრებაზე აქვთ გადატანილი; საუბრობენ მშრალად, ძირითადად ყოფით თემებზე, საოჯახო საქმეებზე ან პრობლემებზე. მამაკაცები შიგადაშიგ ათვალიერებენ გარშემომყოფებს, უმეტესად, ქალებს. ქალებიც ქალებს ათვალიერებენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი დაკვირვების საგანი ძირითადად ჩაცმის სტილი და ტანისამოსი, მაკიაჟი ან კარგი ფეხსაცმელია. უმეტესად, კამათობენ ან სულ ჩუმად სხედან. სადილის დამთავრების შემდეგ სწრაფად იხდიან ანგარიშს და სერიოზული გამომეტყველებით, ცალ-ცალკე და არა ხელგადახვეულნი, გადიან (აქვე დავამატებ, რომ საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ და შესაძლოა, მრავლადაც და ეს მე ძალიან მიხარია!).
აი, დაახლოებით ასეთი წყვილი იჯდა ჩვენ შორიახლოს. ჯერ ჩუმად, უღიმღამოდ ჭამდნენ, მერე კი, მოულოდნელად, ახმაურდნენ.
ბუნებრივია, სხვისი საუბრის მოსმენა აზრადაც არ მოგვსვლია, მაგრამ მათი ლაპარაკი ნელ-ნელა კამათში, მალე კი ისეთ ჩხუბში გადაიზარდა, ძალაუნებურად ოჯახური დრამის მოწმენი გავხდით.
რა უნდა ქნა ამ დროს? - ძნელი სათქმელია. უფრო სწორად, სათქმელად კი იოლია, მაგრამ გასაკეთებლადაა ძნელი. რამდენჯერმე თვალი გავაპარეთ, შემდეგ დაჟინებითაც ვუმზირეთ, ბოლოს ჩვენც ხმამაღლა ავლაპარაკდით, ჩავურთეთ უკმაყოფილების გამომხატველი შორისდებულებიც, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! - ვუწევთ ხმას ჩვენ, უწევენ ისინიც!
ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე, სიმშვიდისკენ მოვუწოდებ ან მეგობრულად დაველაპარაკები, დახმარებას შევთავაზებ-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე: მათი ლექსიკისა და ინტონაციის მიხედვით მივხვდი, რომ ამ შემთხვევაში ის კლასიკური სცენა გათამაშდებოდა, სადაც წამყვანი ფრაზებია: "შენ ვინ გეკითხება?!", "რა შენი ტრ...ის საქმეა?!" ან მთლად უარესი: "წადი შენი..." და ა. შ. სხვა გამონათქვამები თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია...
გქონიათ შემთხვევა, როცა თავს ვერ ერევით, ბრაზს ვერ მალავთ და ემოციების მოთოკვა არაფრით შეგიძლიათ? აი, დაახლოებით ისეთი სიტუაცია, ტყვია რომ გესროლონ, მაინც ვერ შეგაჩერებენ. - დაახლოებით მსგავს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იყვნენ ეს ადამიანებიც. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, გარშემომყოფებს ვერც კი ამჩნევდნენ, ან ისე იყვნენ წყობიდან გამოსულნი, საერთოდ არ აინტერესებდათ ვის რა ესმოდა, ვინ წუხდებოდა და ვინ რას იფიქრებდა...
ძალიან ავღელდი არა მარტო იმის გამო, რომ მეგობარს წესიერად ვერ დაველაპარაკე, არამედ იმ უცნობი ადამიანების ბედის გამოც... ადამიანურად შევწუხდი, დავღონდი, გული მეტკინა! მივხვდი, რომ მათი ურთიერთობა უკვე ისეთ ჩიხში იყო შესული, როცა სიტყვა "გაგება" ან "პატივისცემა" საერთოდ უადგილოა, მათთან არაფერი ესაქმება, როცა მდგომარეობა ამ ეტაპზე, უბრალოდ, უიმედოა... ნეტა, საკუთარი სიტყვები მაინც თუ ესმოდათ, რადგან ერთმანეთის ნათქვამი რომ ვერ გაიგეს, ცხადზე ცხადი იყო... ეს იყო სიტუაცია, როცა ორივე მართალია და იმავდროულად, ორივე მტყუანი!..
ადამიანური ტრაგედიების ცქერა მტკივნეულია. მტკივნეულია ფილმებშიც და მით უმეტეს, ძნელია, როცა ამას უცქერ რეალურ ცხოვრებაში. და რაც უნდა უცხონი იყვნენ ეს ადამიანები, გინდა მიხვიდე, თვალებში ჩახედო და უთხრა: "არა! ეს გზა, რომელიც თქვენ ურთიერთობის გასარკვევად აირჩიეთ, ყველაზე უვარგისია! საკუთარი სიმართლის აგრესიული ფორმით, საჯარო ჩხუბით მტკიცება დამაკნინებელია! ყველას დასანახად ერთმანეთის დამცირება ამაზრზენია!" - მაგრამ აზრი არ აქვს! - არ მოგისმენენ! არ მიიღებენ! უფრო მეტად გაბრაზდებიან! გაბრაზდებიან არა მარტო შენზე, არამედ საკუთარ თავზეც, როცა (თუ) მიხვდებიან, რამხელა წუმპეში ჭყუმპალაობენ... ყველას - თუნდაც უცხოების თვალწინ!
და ნუ იტყვით, რომ მართლა ჰკიდიათ, ასე რომ ყოფილიყო, ხმის აწევისა და აგრესიული გამოხდომების აუცილებლობაც არ დადგებოდა... მათ სტკივათ და ამიტომ სტკენენ სხვასაც! არ აქვს მნიშვნელობა, ნებსით თუ უნებლიეთ, შერაცხადობისა თუ შეურაცხადობისას, აფექტის დროს თუ სრულ ჭკუაზე მყოფნი...
ასე მგონია, ადამიანი თავის პირველქმნილი ბუნებით რბილი და მგრძნობიარე არსებაა, რომელიც ცხოვრების ქარტეხილების გამოვლის შემდეგ ნელ-ნელა იფარება სქელი, ტლანქი და უხეში გარსით, რომელიც ისხლეტს სამყაროდან მისი მიმართულებით გაშვებულ ნათელ სხივებს. სული ნელ-ნელა ევსება ეჭვითა და უნდობლობით იმ სირთულეებისა და გამოწვევების (როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას!) პასუხად, რომელთანაც მას გაუთავებლად უწევს გამკლავება...
... და ამიტომაც არსებობს სინანული... - ეს საოცარი ძალის მქონე გრძნობა, სიყვარულთან ერთად, რომელსაც სასწაულის მოხდენა - დაკარგულის დაბრუნება შეუძლია!..
და ალბათ, სასწაულები ძლიერი ემოციური აფეთქების შემდეგაც ხდება, რადგან სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ წყვილს შორის ყველა ხიდი უკვე ჩატყდა, ყველა ნაპირი ერთიანად გადაიწვა და გადაიბუგა, როცა გოგონა წამოდგა სიტყვებით: "მაშინ მე ჩემს გზაზე წავალ!.." სულ რამდენიმე წამში (რომელიც საუკუნედ მომეჩვენა), მამაკაციც წამოდგა და მის ნაბიჯებს უსიტყვოდ გაჰყვა...
ასევე წაიკითხეთ:
შოშიას ბლოგი: რატომ გვიყვარს ის მამაკაცები, რომლებიც გვძულს?!