ამის თქმას არ ვაპირებდი... - თქვენ მაიძულეთ...
ასე მწვავედ გამოხატვა არ მინდოდა - თქვენ მიბიძგეთ...
არც სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა მიყვარს, პირიქით, მთელი არსებით მძაგს! - თქვენს პასუხად ვერევი... (აქვე განმარტებისთვის ვიტყვი: ეს არ ეხება ყველას! ვისაც ეხება, საკუთარ თავს თავად ამოიცნობს!)
აღარ მეგონა, ეს თემა თუ ისევ აგორდებოდა - ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ გავიზარდეთ...
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: სხვისი უბედურების ცქერა რატომ გსიამოვნებთ?!
- არა!!! - შემეპასუხებით თქვენ, - განა გვსიამოვნებს, უბრალოდ, არ გვესმის, რატომ არ იქცევიან სხვები ისე, როგორც საჭიროა!
- და საიდან იცით, რა არის საჭირო, სწორი და მართებული?!
დიდი ხანი არ არის, რაც მე თქვენ შორის ვცხოვრობ. ის წლები, რომლებიც ამქვეყნად ავად თუ კარგად დამაქვს, სამყაროსთვის ძალიან მცირე ხანია, სულ პატარა ნაკუწია! ჩემთვის და თქვენთვის კი იქნებ მთელი მარადისობაც ერთ წამში ჩაეტიოს! მაგრამ, მიუხედვად დროის სიმცირისა, რაც მე აქ - ჩვენ შორის ვნახე, საკვებსა და სეირზე დამშეული მხეცების, ძალაუფლებას დახარბებული მონსტრების მარათონს უფრო ჰგავს!
არ გჯერათ, რომ შესაძლოა, მხეცი და მონსტრი თქვენშიც ცხოვრობდეს?! - მაშინ დააკვირდით საკუთარ ფიქრებს, როცა სხვის ბედნიერებისგან გაბრწყინებულ სახეს ხედავთ; ჩაუღრმავდით საკუთარ სულებს, როცა სხვისი წარმატების, სიკეთისა და სიხარულის მოწმე ხდებით, - გსიამოვნებთ?!
ანდა როგორ იქცევით მაშინ, როცა უბედურებაში მყოფი ადამიანის ცხოვრებისკენ შემობრუნების სასოწარკვეთილ მცდელობას ხედავთ? რატომ ვერ ეგუებით, როცა განადგურების პირას მყოფი ბოლო ხავსს, სიცოცხლის ბოლო ღივს ებღაუჭება და სიცოცხლეში დაბრუნება სურს?! რატომ გგონიათ, რომ ეს მის მდგომარეობასთან შეუსაბამოა, რატომ ელით, რომ აუცილებლად ყველას თვალწინ აუწყობელ ნაწილებად უნდა დაიმსხვრეს და დაიშალოს, ან გაუნელებელი ცეცხლით ისე დაიშანთოს, რომ აყვავება ვერასდროს, აღარასდროს შეძლოს!..
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იქნებ მიპაუხოთ: თქვენ რა გემატებათ ამით?!
რა, სისხლი გწყურიათ თუ წარმართებივით გჯერათ, რომ კაცობრიობის უბედურებაში ვიღაც ადამიანები არიან დამნაშავენი და მათი მსხვერპლად შეწირვა ხალხს სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან განკურნავს?! წარმოიდგინეთ, იმ დროსა და ეპოქაში რომ გეცხოვრათ, როცა მიცვალებულებს "იმქვეყნად" ოჯახის წევრებს ატანდნენ და ამისთვის მათ ცოცხლად წვავდნენ ან მარხავდნენ. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით, იქნებ პირველს თქვენ მოგწვდომოდათ ბრმა ბედისწერისა და კიდევ უფრო ბრმა ტრადიციის გამანადგურებელი ხელი?!
მაგრამ თქვენ ხომ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკენი, ყველაზე დიდი ფილოსოფოსები, სჯულმდებლები და ბრალმდებლები ხართ! თქვენ ხომ ყოველთვის იცით, რა არის სწორი, საჭირო, მორალური და აუცილებელი! თქვენ ხომ არც თვალი გაგექცევათ, არც სული წაგძლევთ, არც ენა გაგისწრებთ და არც უწესობას ჩაიდენთ! რა სისულელეა!
მთავარი და ღირებული, რაც მე თქვენ შორის ცხოვრებით ვისწავლე, რამდენიმე ძირითად წესად შემიძლია ჩამოვაყალიბო. ეს ჩემი წესებია, არ არის სავალდებულო, თქვენიც გახდეს, თუმცა გულწრფელად გირჩევთ, გაითვალისწინოთ:
1. ნუ გაუკეთებთ ბოროტებას ნურავის - თუნდაც მტერს (ეს ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ, დაისჯებიან თქვენი შვილები და შვილიშვილები, მოხვდებით ჯოჯოხეთში, მეორე ცხოვრებაში მატლად მოხვალთ ან დაგეკისრებათ ნებისმიერი სასჯელი, რისაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს სჯერათ და ფილოსოფიურ მოძღვრებებში არსებობს)!
2. თქვენ არ იცით, რას მოიმოქმედებდით, სხვის ადგილას რომ ყოფილიყავით!
3. ნუ იქნებით კატეგორიული მათ მიმართ, ვინც პირადად თქვენ არაფერს გიშავებთ.
ის ადამიანი კი, ვინც შვილის სიკვდილის შემდეგაც ვერ მოინელეთ, ზუსტად ვიცი, არაფერს გიშავებთ, მიუხედავად იმისა, რომ კბილის ჭიასავით შეუჩნდით და განუწყვეტლივ ხრავთ!
ამიტომ თქვენი ავყიობით მეტად ნურც თქვენ დაუშავებთ, ისედაც საკმაოდ ბევრი ატკინეთ!
თუ თვლით, რომ ცუდი წამყვანია და გემოვნებას გიფუჭებთ, ნუ უყურებთ! თუ მიგაჩნიათ, რომ არასწორად იქცევა, უბრალოდ, შეეშვით და თქვენ თავად მოიქეცით სწორად!
თუ გგონიათ, რომ მესია ხართ და აქ ღმერთმა თავის მოადგილედ გამოგგზავნათ, გეგონოთ, ოღონდ განკითხვა საკუთარი თავით დაიწყეთ!
ასევე წაიკითხეთ: