რომ შემეძლოს, მივიდოდი ლიკასთან, წყნარად ჩამოვუჯდებოდი საწოლის კიდეზე და მორიდებით ვკითხავდი: რით გატკინეთ ყველაზე მეტად?!
რომ შემეძლოს, ვაგრძნობინებდი, რომ ვხედავ, მისი ღრმა და ფიქრიანი თვალები საით იმზირებიან. შემიძლია წარმოვიდგინო ის სხვებისთვის უცნაური სამყარო, სადაც მას, როგორც გამორჩეულს, ეძახიან...
რომ შემეძლოს, ვეტყოდი, რომ მჯერა ამ განსხვავებულის და მიუწვდომლის არსებობისა!
რომ შემეძლოს, დავუბრუნებდი იმ გამაოგნებელ სილამაზეს, რომელიც არც კალმით აიწერება და არც ენით გამოითქმის - მას მხოლოდ გრძნობენ და ტყვევდებიან!
რომ შემეძლოს, დავუბრუნებდი იმ არაამქვეყნიურ მზერას და ღიმილს, რომლითაც მან დრო გააჩერა და სილამაზის უნიკალური საზომი შექმნა...
რომ შემეძლოს, დავუბრუნებდი სიცოცხლის წყურვილს - ყველაზე ხარბსა და დაუოკებელ გრძნობას... და ცხოვრების ხალისს - რომ ამ სიცოცხლით დამტკბარიყო...
რომ შემეძლოს, გულიანად გავაცინებდი - ისეთ სასაცილო რამეებს მოვუყვებოდი, ჩაჟირებამდე რომ ეცინა...
რომ შემეძლოს, რიჟრაჟს ვაყურებინებდი - როცა ბნელი ცისკიდური გაბაცდებოდა, გამტრედისფერდებოდა, ვარსკვლავები დასაძინებლად გაიკრიფებოდნენ, სამაგიეროდ, გაიღვიძებდნენ ჩიტები და ყვავილები. მოგისმენიათ, რა გატაცებით გალობენ ფრინველები გამთენიას? - ამაზე სასიამოვნო მოსასმენი ამ ქვეყანაზე ცოტა რამ მეგულება! ჰოდა, ამ ჭიკჭიკს მოვასმენინებდი... მერე მინდორში წავიყვანდი და ბალახის კამკამა ცვრით ავახორკლინებდი კანს... ბოლოს კი ყველა ყვავილისგან შევკრავდი გვირგინს და დავადგამდი თავზე, როგორც პირველქმნილი, უმანკო სილამაზის დედოფალს!..
რომ შემეძლოს, თაკარა მზის გულზე გაშლილი ყაყაჩოების ზღვაში დავაყენებდი და მათ თავისუფლების წყურვილსა და ველურ სილამაზეს მთელი გზნებით განვაცდევინებდი. ვეტყოდი, რომ მოწყვეტისას ყაყაჩოს ფურცლები შემთხვევით არ სცვივა - ის მხოლოდ საკუთარ ფესვებზე, საკუთარ მდელოზეა ლამაზი და ბრიალა - მაშინ, როცა ბუნებრივი და თავისუფალია!
მერე მთის მდინარეს აღმა ავუყვებოდით და წყურვილს პეშვით მოვაკვლევინებდი ისეთი ცივი წყლით, მთელ სახეს რომ გაგვიყინავდა...
რომ შემეძლოს, ზვარში შევიყვანდი... ვაჩვენებდი მტევნებს შორის გაჩრილ ჩიტის ბუდეებს, დაბრაწულლოყებიან ბავშვებს, საწნახელებში ჩამდგარ ჯიშიან კაცებს, მაჭრით შემთვრალ მომღიმარ ახალგაზრდებს... თვალწინ მიდგას, თავადაც როგორ გაეღიმებოდა...
რომ შემეძლოს, ვაჩვენებდი, როგორ აკრავდა თონეში პურს ჩემი ბებია. როცა პური დაიბრაწებოდა, იმ სივარვარეში ისევ ჩაეყუდებოდა, სწრაფი მოძრაობით "ამოხდიდა" და რომელიმეს გადაამტვრევდა. იმ პურის სურნელი და ცხელი ოხშივარი თითქოს, სახეს ახლაც მიწვავს...
რომ შემეძლოს, ამოვარჩევდი ყველაზე ლამაზ, მოხდენილ ბედაურს და გავაჭენებინებდი შორს, ძალიან შორს და იმდენ ხანს, რომ ქარზე გაშლილ ცხენის ფაფარს მისი ყველა დარდი და უბედურება გაჰყოლოდა...
...და რომ შემეძლოს, ადამიანთა გულებს ვაჩუქებდი! რომ ამოერჩია ყველაზე წრფელი, სუფთა და ნამდვილი და შეენახა ის საკუთარ გულთან ახლოს - სათუთად და სამუდამოდ!