არა მგონია, ქალისთვის შოპინგზე უკეთესი თერაპია არსებობდეს. გიმაღლებს განწყობას, გმატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, გაძლევს სტიმულს, დაძლიო ოფისში ხანგრძლივი ჯდომით აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.
მაგრამ შოპინგი ერთიორად დიდი სიამოვნებაა მაშინ, როცა ბარათზე დარჩენილ ლარებს მწარედ არ ითვლი და გულში უკვე მერამდენედ არ აღრიცხავ ნაყიდსა და საყიდელ ნივთებს.
შოპინგი ჩვენში მაინც სულ სხვაა! განსაკუთრებით, სეილზე. ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა და ალბათ, თქვენც ჩემზე უკეთ იცით, როგორ ფასდაკლებებს გთავაზობენ თქვენი საყვარელი მაღაზიები!
ამჯერად თქვენს ყურადღებას ამ ბოლო ხანს გაპოპულარულებულ ე.წ. ონლაინშოპინგსა და სოციალურ ქსელში დარეკლამებულ ბუტიკებზე შევაჩერებ.
უყურებ გადასარევ ფოტოს, ალაიქებ, წერ ფატალურ ფრაზას: "რა ხირს?" (ვერაფრით გამოვიძიე, ასო ხ აქ როგორ მოხვდა!), მერე სახლიდან გაუსვლელად იხდი თანხას, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურს და ნივთი პირდაპირ ხელში მოგდის. ანდა ფოტოს მოწონების შემდეგ მიასკდები ბუტიკს და არ იმჩნევ, თუ შენი დალაიქებულ-არჩეული ნივთი მთლად ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდი...
სიმართლე გითხრათ, ერთადერთხელ გამოვიწერე 4 წყვილი ფეხსაცმელი ამერიკიდან (ნუ გაგიკვირდებათ და მეც სარა ჯესიკა პარკერის გმირივით ვგიჟდები ფეხსაცმელზე!) და ამ 4-დან მხოლოდ 1 მოვირგე. ჰო, კიდევ: ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონის ბუტიკში შევიძინე ულამაზესი, მოქარგული ბლუზა და გიჟივით მიხაროდა, ასეთი მაგარი რამ როგორ "ავაგდე"-მეთქი, თუმცა, პირველივე გარეცხვაზე (გეფიცებით, პირველივეზე!) ყველა ნაქარგი მოსძვრა… რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე არ შეიძლება მტკიცება, რომ ყველა ასე იმედგაცრუებული დარჩება. რასაკვირველია, ამ ბაზარზეც არსებობენ კეთილსინდისიერი "მოთამაშეები".
თავიდან, სანამ ამ ახალ ხილში გავერკვეოდი, ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ არ პასუხობდნენ "ფეისბუქგვერდების" ადმინები საყოველთაო ვედრებას: "ფასი დაწერეთ რაა!" სიმართლე გითხრათ, მათ გულგრილობაზე ვღიზიანდებოდი კიდეც. ერთხელაც მოთმინების ძაფი გამიწყდა და მივწერე. თურმე ნუ იტყვით და, ადმინები ყველას სათითაოდ პირად შეტყობინებებში პასუხობენ. წარმოიდგინეთ, რამდენი შეტყობინების გაგზავნა უწევთ დღის განმავლობაში! მათ ადგილას მე გავაფრენდი! რომ ვკითხე: რატომ საჯაროდ არ აწერთ ფასებს-მეთქი, მიპასუხეს: ათას სისულელეს დააკომენტარებენ და მაგათი ნერვები არ გვაქვსო. ადვილად მიხვდებით, უბრალოდ, არ აწყობთ! საკმარისია, ფასთან ან ხარისხთან დაკავშირებით რამე კრიტიკული დაუწერო, ეგრევე დაგბლოკავენ.
დაკვირვებიხართ, რამდენად ადეკვატურია საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფასი მის ხარისხთან, წარმომავლობასთან, ქვეყნის ეკონომიკურ და ხალხის ფინანსურ მდგომარეობასთან შედარებით? არაკომპეტენტურობა და გულუბრყვილობა რომ არ დამწამოთ, გეტყვით, რომ მშვენივრად მესმის ფასწარმოქმნის, იმპორტის, განბაჟების, ბაზარზე კონკურენციის, ხარისხის, ბრენდის და ა. შ. ცნებები.
გასაგებია, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ნაწარმი ყველა ქვეყანაში ძვირია და მისი შეძენა მხოლოდ მაღალი სეგმენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ. ამაზე არავინ დავობს! მაგრამ, დალოცვილო, რატომ მატენი პატენტს, რომელსაც ზოგჯერ სახელწოდებაც კი არასწორად აწერია, სამმაგ და ოთხმაგ ფასად, ვიდრე ის რეალურად ჯდება?
მაგრად ვხალისობ ამ დროს აბსოლუტურად დაუკვირვებლად და მექანიკურად წამოსროლილ ფრაზებზე: "კარგი ყველაფერი ძვირია", "ეს ხარისხი ამ ფასად?! - დაუჯერებელია!" "ნაღდი ვერსაჩეა, შანელია, გუჩია" და ა. შ.
მაინც რა ნიშნით არჩევთ, ნამდვილი ბალენსიაგაა თუ კარგი ნამუშევარი პატენტი? - წარმოშობის სერტიფიკატს ითხოვთ? თუ უკვე ისეთი გაწაფულები ხართ, რომ ერთი თვალის შევლებითაც ხვდებით განსხვავებას? როგორ გგონიათ, ჩინელებს და არაბებს, მიუხედავად მათი განსხვავებული ფიზიოლოგიური აგებულებისა, ჩვენზე ნაკლებად აქვთ ახელილი თვალები?! - მათ თითქმის ყველა დეტალი და ნიუანსი შეისწავლეს, როგორ მიამსგავსონ ორიგინალს მაქსიმალურად. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, კარგი პატენტიც კარგი ფული ჯდება!
ჰოდა, მიუხედავად ბრენდებისადმი ჩვენი გადარეული სიყვარულისა, დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა თბილისურ ბაზრობებზე. უმრავლესობა მეტჯერაც. ბევრს "თავისი ქალიც" ჰყავს, რომელსაც ენდობა და სასურველ "ზმანს" უკვეთავს. სხვათა შორის, ცნობილი პერო-ქალბატონებიც საკმაოდ ხშირად დაძვრებიან იქ.
ნუ გაგიტყდებათ, ძვირფასებო, თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და ყველას ყველაფერი უცებ "უბაზრდება".
მეც ვიცნობდი ქალს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობდა, შედარებით კარგი და ხარისხიანი საქონლით, რომელმაც დაუფარავად მითხრა: საბურთალოს და ვაკის ბუტიკების უმრავლესობას ჩემგან მიაქვს საქონელი, ორმაგ ფასს ადებს და როგორც ორიგინალს, ისე ყიდისო! "მაკაარ, მოგვატყუეეეს!" - იკივლეთ ახლა და დაითვალეთ გადაყრილი ასები და ათასები.
და კიდევ ერთი, არ ვიცი, რა ნიშნის მიხედვით აფასებენ თბილისს ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულების ქალაქად. რაც თავი მახსოვს, ყველა ან ერთიანად შავად, ნაცრისფერ-ყავისფრად ჩაჟამებულები დავდიოდით, ან ყველა შემოხეული ჯინსებითა და კედებით დავრბივართ. ჰო, კიდევ ეს ე. წ. ბალეტკები - ფეხსაცმელი, რომელიც ჩემი აზრით, ქუჩისთვის საკმაოდ მოუხერხებელია და უმრავლესობას საერთოდ არ უხდება. მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში. მარტო დედაქალაქში კი არა, ქვეყნის დასალიერში მდებარე ბოლო სოფელშიც კი ერთნაირად აცვიათ. ანუ ეს არის ყოვლისმომცველი და მომქანცველი ერთფეროვნება, რომლისგანაც თავს ვერა და ვერ ვაღწევთ.
ჰოდა, ვერც დავაღწევთ, სანამ ისე უზომოდ და უგონოდ გადავირევით ბალენსიაგას "ნიანგებზე", სამხედრო სტილის "ბატინკებზე", ყვავილებიან კაბა-ხალათებზე, მოქარგულ მაისურებსა თუ მაღალწელიან ჯინსებზე, რომ მთელ ხელფასს მივათხლიშავთ, ანდა უარესი: გავცვივდებით და სწრაფ სესხს ავიღებთ, ოღონდ ჭკვიანი ჩინელების მიერ მიმსგავსებულ და კიდევ უფრო ჭკვიანი ქართველების მიერ გასამმაგებულ "ბრენდში" გავიზმანოთ, რომელსაც მეორე თუ არა, მესამე ჩაცმაზე ან ძირი გასძვრება, ან გახუნდება, ან კიდევ გაიტყლარწება.
ასევე წაიკითხეთ: