marao.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.
ამ ფაქტმა ის კიდევ ერთხელ დააფიქრა უსაფრთხოების საკითხებზე, რაც ასე აქტუალურია ჩვენს გზებზე და ასევე, ადამიანის სრულ დაუცველობაზე. გთავაზობთ თეას ნაამბობს:
"ბოლო პერიოდში ძალიან რომ გახშირდა ავარიები, ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა რას გრძნობენ ამ დროს დაშავებულები? ასწრებენ თუ არა მომხდარის გააზრებას... თურმე ვერა. ყველაფერი ისე სწრაფად და უცნაურად ვითარდება, თითქოს დრო შენელდა, თითქოს საკუთარი სხეული შენ აღარ გეკუთვნის... მერე გიჩნდება ერთადერთი კითხვა - "რა მოხდა?"
მერე, თითქოს, მექანიკურად აკეთებ ყველაფერს... აზროვნებაც დაბინდული გაქვს... ადამიანების ვაი-ვუი ჩაგესმის და მეორე აზრი, რაც შენს შენელებულ გონებაში ფორმირდება, არის: - "მგონი, ავარია იყო..."
გარეთ ხალხი ძალიან სწრაფად გროვდება. მარშრუტის საავარიო გასასვლელის კარს (რომელიც გაუქმებულია იმის გამო, რომ მეტი სკამია ჩადგმული) ხსნიან და ხალხი გარეთ გადაჰყავთ... შენ დგახარ ბოლოში და შენს რიგს ელოდები...
აცნობიერებ, რომ არავინ დაშავებულა სერიოზულად, მაგრამ უცებ სახეზე სისველეს გრძნობ და ხელს ისვამ... ხელი მუქი სითხით ისვრება: - "ალბათ, სისხლია" . გეჩვენება, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა და ძალიან გინდა, ამ ჩაკეტილ სივრცეს დააღწიო თავი...
გარეთ, კართან 2 მამაკაცია, ვისაც მგზავრები ჩამოჰყავთ. ჩემ დანახვაზე სახის გამომეტყველება ეცვლებათ და ერთ-ერთი ამბობს: "სასწრაფო გამოიძახეთ და დასვით სადმე ეს გოგო!" - მგონია, რაღაც საშინელება მჭირს სახეზე. პირველად შევიგრძენი ტკივილი, სადღაც მარჯვენა თვალთან და ზემოთ...
სანამ ვასწრებ სიტუაციის გააზრებას, უცნობი გოგო მკიდებს ხელს და სადღაც მივყავარ. მეუბნება, რომ ჭრილობას დამიმუშავებს. ნაბიჯებსაც მექანიკურად ვადგამ. ყველაფერი ბურუსშია. გოგონას იქვე, რაღაც რესტორანში შევყავარ, სკამზე მსვამს და ჭრილობას სპირტით ამუშავებს. პირველად ვიკითხე, რა მაქვს...
მეუბნება, რომ ჭრილობაა და გაკერვა დასჭირდება. იქ სხვა პერსონალიცაა, რაღაცებს მეუბნებიან. მამხნევებენ, რომ არ შემეშინდეს. არ მეშინია... არც შიშს ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. მერე სასწრაფო მოდის და მე მეძებენ. გოგოს ისევ უკან მივყავარ (მადლობა მას, არ ვიცი მისი ვინაობა).
იქ პატრულია, 2 სასწრაფოა და პირველად ვხედავ ავარიის ადგილს. მანქანას წინა ნაწილი, ფაქტობრივად, აღარ აქვს... განაგრძეთ კითხვა