ღამის 4 საათია და ყველაფერი რიგზეა, ასე იტყოდა ალბათ ლეპოლდინო, მე კი ვამბობ გერმანიის დროით ღამის პირველი საათია და საერთოდ არაფერი არაა რიგზე...
მემენგენი-ქუთაისის რეისი პილოტის გულის აფანცქალების გამო გადაიდო, სტიუარდესები უფასო სასტუმროებით უზრუნველყოფას დაგვპირდნენ, რაც ასეთ შემთხვევაში კომპანიის პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა ამ ბლოგს აეროპორტიდან, ჰამაკის მსგავს რაღაცაში ჩავარდნილი ვწერ. როგორც განგვიმარტეს ''ეტა კრავატ''.
სიმართლე გითხრათ, არ მჯერა პილოტის შემცვლელი რომ ვერ იპოვეს.
დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა თვალში მომხვდა მგზავრთა სიმცირე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ყველა მათგანი ქართველია. მგზავრთა შორის არიან 2-3 წლის ბავშვები და 75 წლის ხანდაზმული, რომელიც აქ სამკურნალოდ იყო ჩამოსული... თუ რამდენად გამართლებულია მათი აეროპორტში ღამის გათევა, თავად განსაჯეთ. გასაგებია, რომ რეისის გადადება ხშირი შემთხვევაა, ამიტომაც არსებობს გარკვეული წესები, რომელთა შესრულებაც კომპანიას ევალება, თუმცა... რაც მეტია კანონი, მეტია დანაშაული...
ყველაფერი უსაფრთხოების რთული პროცედურების გავლით დაიწყო. მგზავრების უმრავლესობას გაუგებარი მიზეზების გამო გერმანიაში ნაყიდი ნივთების დატოვება მოუწია, რადგან თვითმფრინავში არ აატანინეს, თუმცა მათ, ვინც იგივე პროდუქტი, აეროპორტში შეიძინა, დაუბრკოლებლად გაიარეს შემოწმება. თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე გვიან დაეშვა და ჩასხდომაც გვიან დაიწყო. აფრენის დრო რომ ნახევარ საათს გადაიწია, გავიფიქრე კანტი ალბათ ახლა საფლავში ტრიალებს-მეთქი.
"სტიუარდესებმა" ამის მიზეზად ჯერ დოკუმენტების მოუწესრიგებლობა დაასახელეს, შემდეგ კი ''ეთენშენი'' მოითხოვეს და თვითმფრინავიდან "ამ სოუ სორის'' ძახილით ჩამოგვაბუნძულეს.
ახლა მთელ მემინგენში ქართული სჯა-ბაასი ისმის. არა, არ იფიქროთ, ვინმე აქციის მოწყობას გეგმავდეს. ქალაქობანას თამაშობენ და კარგა ხანია ''ბ'' ასოზე ქალაქს ვერ იხსენებენ... არა, ჩვენ ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით!
არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩვენი გაფრენა-აფრენის ამბავი, მაგრამ ჩემთვის გერმანული დრო - სიზუსტის იდეალი უკვე ფეხქვეშაა გათელილი.
მარიამ ელიაშვილი