ასეთ ამბებს სიტყვები არ ჰყოფნის, მაგრამ დუმილი იმ კედელზე დადებული კიდევ ერთი აგურია, 20-მდე ახალგაზრდა რომ მიეფარა და ვერავინ ვერაფერი დაინახა, ან არავინ არაფერი...
90-იანი წლები ხავსს ეჭიდება... დღეს საქართველო გარდაცვლილებს და თინეიჯერ მკვლელებს გლოვობს. მე მათ დახეული ჯინსების თაობას დავარქმევ და კრიმინალურ გარჩევაში მონაწილე თთოეული ბავშვის ოჯახს სამძიმარს გამოვუცხადებ...
არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. მსხვერპლი, რაც უნდა დამნაშავე ყოფილიყო, ფაქტი ერთია - მას ცხოვრება არ აცადეს. როცა 16-17 წლის ბავშვი კვდება, მას არც უცხოვრია.
სიმაღლეში გაზრდაც კი ვერ მოასწრეს და სისულელეა დანარჩენზე საუბარი. მათ ვერ მოასწრეს ვერც სიყვარული, ვერც კარიერა. დედებთან დამშვიდობებაც კი არ დასცალდათ. ბავშვები უბრალოდ სკოლაში წავიდნენ...
ეს ამბის ტრაგიკული დასაწყისია. ისტორიას კი შემზარავი გაგრძელება ექნება.
დღეს თუ ხვალ მკვლელი ბავშვები ციხეში შევლენ და მათ ცხოვრებაში აღარასდროს აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ. ამ ბავშვებმა მსხვერპლთან ერთად მოკლეს თავიანთი თავებიც, საკუთარი გეგმები საკუთარი დანებით დაანაკუწეს. აღარასდროს აღარავინ იამაყებს მათით. გისოსებს მიღმა ვერავინ დაინახავს მათ პიროვნებას. ისინი იქცევიან იმაზე უარეს ჯალათებად, ვიდრე დღეს არიან, ან სისუსტე სძლევთ და თავიანთ მსხვერპლებზე უფრო საცოდავები გახდებიან.
როცა 7-15 წლის შემდეგ რკინის კარი მათ ზურგს უკან მიიხურება და გარეთ მდგარი თითო-ოროლა ადამიანი გულში ჩაიკრავს, ყველა იგრძნობს სიცივეს და უცნობ, "ნაციხარ" ადამიანს მათ წინაშე. ისინი არასდროს ისაუბრებენ, არასდროს გაიხსენებენ, თუ რა გადახდათ, თუმცა ისედაც ყველას გვეცოდინება, როგორ ქრებიან ციხეში 16-17 წლის ბიჭები.
ჰოდა, ვინაა დამნაშავე?
დედა? ოჯახი? სკოლა? მანდატური? სინამდვილეში ყველაფერი ურთიერთობების გადაფასების ბრალი მგონია. ჩვენ გვეზარება გამოვხატოთ დადებითი ემოციები, სამაგიეროდ, შანსს არ ვუშვებთ, დავაფიქსიროთ უარყოფითი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ასე იბადება სიძულვილი. ასე დაიწყო ალბათ ეს ჩხუბიც, მაგრამ მანამდე, ჩემი მიამიტური აზრით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ქალაქში ბოლო კუკარაჩა მოკლეს...
თქვენ იცით, როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვს თავი ისე, რომ მისი მართვაც შეძლოთ? არ იცით... კუკარაჩამ იცოდა. თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ბავშვის ნდობა და თან თქვენდამი შიში და პატივისცემა ჩაუნერგოთ? - არ შეგიძლიათ. აი, კუკარაჩას კი შეეძლო. რატომ? იმიტომ, რომ მას უყვარდა თავისი საქმე. უყვარდა ბავშვები და სძულდა მათი დანაშაული. ჰოდა, დღეს რომ კუკარაჩები გვყოლოდა, იქნებ საქმე აქამდე არ მისულიყო.
ამ ამბავში მანდატურის დადანაშაულება მე ლოგიკას მოკლებული მგონია. ნუთუ ყოველ დილით სკოლის თითოეული მოსწავლე უნდა გაეჩხრიკათ და გაკვეთილების შემდეგ ჩუმად გაჰყოლოდნენ... თუმცა მანდატურის ფუნქცია ზედამხედველობა კი არა, ბავშვებთან დამეგობრება და მათთვის "კაცური" რჩევების მიცემა რომ ყოფილიყო, ის ბავშვი დასახმარებლად დეიდაშვილს კი არა, მანდატურს მიაკითხავდა და იქნებ ეს ამბავი არც მომხდარიყო.
მარიამ ელიაშვილი