წელს პირველად გადავკვეთე საზღვარი. თვითმფრინავის ნორმალურად დათვალიერებაც ვერ მოვასწარი, ჯერ მასში აღმოვჩნდი, მერე ჰაერში, მერე გერმანიაში ჩავფრინდი და მეცხრე ცაზე ამოვყავი თავი.
ემოციებით დავიხუნძლე და ახლა მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
გერმანია-შვეიცარია-ლიხტენშტეინმა 2 მთავარი ქართული მითი შემომაფლითა:
1. გერმანული დრო - სიზუსტის ეტალონი არა, ის...
ყველა მატარებელი დაახლოებით ათი წუთით იგვიანებს. ამას აღნიშნავენ თავად გერმანელებიც და შეხვედრებზე თვითონაც იგვიანებენ, თუმცა არა მატარებლის გამო.
2. "მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი საქართველოშია"
მე არ ვიცი, ვინ იყო ის ერთადერთი ქართველი, ვინც მთელი მსოფლიო შემოიარა, სამშობლოში "მრავალჭირნახული" დაბრუნდა და ზემოთ აღნიშნული განცხადება გაავრცელა, მაგრამ მე ეს წინადადებაც შვეიცარიული თოვლივით შემომადნა.
გერმანიიდან შევეიცარიაში მატარებლით წავედით და დანიშნულების ადგილზე გამთენიისას ჩავედით. სადღაც კი ჩავედით, მაგრამ არც ერთმა არ ვიცოდით, საით უნდა წავსულიყავით, რადგან ერთ-ერთმა, რომელსაც სასტუმროს მისამართი მობილურში ჰქონდა ჩანიშნული, ეს უკანასკნელი დაკარგა. ასე გზააბნეულები გამვლელებს დახმარებას ვთხოვდით, რათა მობილური ენათხოვრებინათ და იმეილზე შესვლის საშუალება მოეცათ ( ქალაქის wifi ფასიანია. ჩვენი მოსიყვარულე TBILISI LOVES YOU სანატრელი გაგვიხდა). ინგლისურად ბევრი ვერ საუბრობდა და ლამის იმედგადაწურულები საკუთარ ჩემოდნებზე წამოვსკუპდით. ფილმებში ხომ გინახავთ, უცებ საჭირო დროს საჭირო ადგილზე რომ ჩნდებიან კეთილი ადამიანები? ზუსტად ეგრე გამოგვეცხადა შუახნის კაცი, რომელმაც მობილურიც გვათხოვა და სასტუმრომდეც თავისი მანქანით მიგვიყვანა, რა თქმა უნდა, უფასოდ.
კიდევ ერთი - შეგიძლია, ტრასაზე თვალდახუჭულმა იარო!
თუ მძღოლი გზის პირას დაგინახავს, სანამ მოგიახლოვდება, მანქანას ორ მეტრში აჩერებს. ამას მიუჩვეველი ქართველი ტურისტები მორცხვად ვკვეთდით ქუჩებს.
ქვეყანა, რომლის სანდოობის მაჩვენებელი პლუს უსასრულობას აჭარბებს!
ლიხტენშტეინი შვეიცარიასთან ახლოს, ჯუჯა-სახელმწიფოა. ამ ქვეყნებს შორის საზღვარიც კი არაა და ავტობუსით 10 წუთის გზაა, ბილეთის ფასი 3 ევროა (სხვათა შორის, ავტობუსებსა და მატარებლებში ბილეთებს არავინ ამოწმებს).
ლიხტენშტეინის დედაქალაქი, ვადუცი, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, მთლიანად ფეხით შემოვიარეთ. ქალაქს ზემოდან ერთი ნაგებობა დაჰყურებს. როგორც გავარკვიეთ, სწორედ აქ ცხოვრობს სამეფო ოჯახი. თურმე, ამ პაწაწინა ქვეყანაში, თვალშისაცემი პატარ-პატარა ხალხით, კონსტიტუციური მონარქია ყოფილა, მაგრამ ხალხი იმდენად შინაურული და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილია, უცებ წარმოვიდგინე, როგორ სვამენ საღამოობით ლუდს მეფე და მთელი ქალაქი.
თუ საქართველოს მაღაზიებში ნივთებს ორკილოიანი "ბროშკები" აქვს დამაგრებული, არავინ მოიპაროს, ლიხტენშტეინში მსგავს რამეს ვერ იპოვით. თუ აქ საფეხბურთო სტადიონები დაცვითაა გარშემორტყმული, ვადუცის სტადიონზე შესვლა ნებისმიერს შეუძლია. მგონი, ლიხტენშტეინელების ლექსიკონში სიტყვა "ქურდი" საერთოდ არაა...
როგორ ვერ მოვიფიქრე, მეკითხა...
მარიამ ელიაშვილი