მოკლედ, ასეთი ამბავია!
ჩემი ცოლი წინასაახალწლოდ სამსახურიდან ერთი კვირით მივლინებაში გაუშვეს. დავრჩი მარტო! - სრული თავისუფლება!
პერანგები გარეცხილი და გაუთოებულია. მაცივარში ერთი კვირის საჭმელია. ყვავილებს როგორღაც მოვრწყავ და ძაღლსაც ჩავიყვან. ამოვიტან ლუდს და მთელი საღამო დივანზე დავეგდები. ფეხბურთს ვუყურებ!
***
ვინ გაცადა? ჩემი ცოლი წავიდა თუ არა, ძმაკაცმა დამირეკა, საღამოს დასალევად მივდივართ ბიჭები და შენც წამოდიო. უარი ვუთხარი, ვერ წამოვალ, ძაღლი უნდა გავასეირნო-მეთქი. - შენი ცოლი ვერ გაასეირნებსო? მეც წამომცდა, ცოლი მივლინებაში გავუშვი-მეთქი. მოკლედ, გადაწყდა, რომ ჩემთან ამოვლენ და ფეხბურთს ერთად ვუყურებთ. - რა გაეწყობა? მოვიდნენ... მთავარია, ჩემი ცოლი არ დამიწყებს მერე ჩხუბს, მარტო დალევაზე ფიქრობო...
***
მოკლედ, ამოვიდნენ ბიჭები. დავლიეთ და რაც ჩემმა ცოლმა ორი კვირის სამყოფი საჭმელი დამიტოვა, გადაუშვეს კუჭში. ძლივს წავიდნენ. მე დივანზე დამეძინა. დილით „პახმელიამ“ კინაღამ მომკლა! სამზარეულოში გამოვედი... - ეს რა კოშმარია! რა არის ეს? ოცდათორმეტი ჭუჭყიანი თეფში. ჭიქები, ჩანგლები... და ეს ყველაფერი ხუთი კაცის გამო? რა ჯანდაბას დებდნენ ამდენ თეფშზე? წარმოდგენა არ მაქვს. ეს კვირა დღე ასე უაზროდ უნდა გავიდეს, ჭურჭლის რეცხვაში. თან, ალერგია მაქვს ამ ქიმიურ საშუალებებზე... მძაფრ სუნსაც ვერ ვიტან. ლიმონიანი ჟელეთი რომ გარეცხო ჩაის ჭიქა და მერე ჩაი დაისხა, შეგიძლია აღარც ჩაიგდო შიგ ლიმონი.
მოიცა, ეს რაღაც ახალია... ჩემს ცოლს ახალი ჭურჭლის სარეცხი სითხე მოუტანია. რა სასიამოვნო სურნელი აქვს... სულაც არ არის მძაფრი. თანაც, აწერია, ანტიალერგიულიო. ვნახოთ აბა...
***
- რა ბედნიერებაა! ასე სწრაფად და ხარისხიანად ჭურჭელი მსოფლიოში არც ერთ მამაკაცს არ დაურეცხავს! მე პირველი კაცი ვარ! დაილოცოს ეს „ფროში“. მორჩა! ახლა ჩაის დავისხამ, წამოვწვები და რამე კარგ ფილმს ვუყურებ!
***
ეს დღე იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. ამჯერად ჩემმა თანამშრომელმა ლადომ დამირეკა, მეგობარ გოგონას უნდა შევხვდე, ვერსად მიმყავს და შეიძლება ცოტა ხნით შენთან მოვიდეთ, დივანზე დავსხდეთო? - უარს ხომ ვერ ვეტყოდი... ამას წინათ, ფული რომ დამჭირდა, მაგან მასესხა. ჰოდა, უხერხულია... ძაღლს გავასეირნებ, მერე ზურას შევუვლი ცოტა ხნით, დროს გავიყვან...
***
კოლეგა კი არა, ნამდვილი ღორია. რას დაუმსგავსებია სახლი. მთელი დივანი წითელი ღვინით მოურწყავს. გადასაფარებელი გადავაძრე და სარეცხის მანქანაში შევაგდე. მატრასს აივანზე გავიტან, ეგებ გაუვიდეს სუნი. ტფუი! ეს მინდოდა ახლა?
***
ჯანდაბა! ლაქები ისევ ისე დარჩა. რას იფიქრებს ჩემი ცოლი? მოდი და დაარწმუნე, რომ ლადოს ნაშას გამოა და მე არაფერ შუაში ვარ! - ან ეს რა არის? აბაზანაში, გამოსაჩენ ადგილზე პომადა დაუდია. პირსაბანის სარკის თაროზე კიდევ რაღაც უბედური ფორმის სავარცხელი დაუტოვებია. ზედ ქალის თმებია დახვეული... სავარცხელს თუთიყუშის ფორმა აქვს და ტარზე ბაფთა აქვს გამობმული. სასწრაფოდ მოვისრიალე ნაგავში პომადაც და სავარცხელიც. მანქანიდან გარეცხილი გადასაფარებელი ამოვიღე. ლაქები ისევ ისეა. - სასოწარკვეთილებაში ვარ!
ისე, ხომ შეიძლება იმ ჭურჭლის სარეცხის სითხის ბრენდს ლაქების ამომყვანი საშუალებაც ჰქონდეს რამე? - სასწრაფოდ უნდა ჩავირბინო მარკეტში.
***
- ვუალა! ეს რა კარგი რამ ყოფილა! „ფროშის“ სარეცხი სითხე ალოე ვერა. უნივერსალური სითხეა, გინდა ფერად ტანსაცმელზე გამოიყენე და გინდა თეთრზე. ფხვნილი აღარ სჭირდება. ჩაასხი და გარეცხე. შესანიშნავად გამოიყვანა ლაქები და თან რა კარგი სუნი დატოვა. ყოველი შემთხვევისთვის ლაქების ამომყვანიც ვიყიდე. თავისი ღრუბელი მოჰყვება. გადმოაბრუნებ და იჟღინთება ეს ღრუბელი. წაუსვამ ლაქას და - ბინგოო! ლაქები აღარსადაა!
***
ხუთი დღე ისე გავიდა, ერთჯერადი თეფშების ყიდვა აღარ დამჭირვებია. „ფროში“ იდეალურად აკრიალებს ყველაფერს. მაგრამ დღეს მეექვსე პერანგი ჩავიცვი. ყველა გასარეცხია. გარეცხვით კი გავრეცხავ სარეცხის მანქანაში, ჩემი ახალი სარეცხის სითხით, მაგრამ უთო? - ჭირივით მეჯავრება! სამი საათი მოვუნდი უთოობას. ძაღლი სულ გადამავიწყდა. საწყალი, ოთახში იყო გამოკეტილი და ტელევიზორის პულტი სულ დაუღეჭავს სიმწრისგან... არა რა, თევზები გვეყიდა თავის დროზე, ის ჯობდა...
- ეს რა ხდება? ძაღლს პირდაპირ ფეხის გასაწმენდ ხალიჩაზე მოუშარდავს! ჯანდაბა! მომკლავს ჩემი ცოლი. სასწრაფოდ ესეც უნდა გავრეცხო. რა ბედნიერებაა, რომ სწორედ ამ საუკუნეში დავიბადე, სადაც სარეცხის მანქანაც არსებობს და სისუფთავის უამრავი საშუალება. საერთოდ რაღად გინდა ცოლი კაცს?
***
ცოლს დავხვდი სადგურში და სახლში მოვიყვანე. მშვენივრად გამოიყურება. ეგრევე სამზარეულოში შევარდა და გაოცებისგან პირი დააღო. მეგონა, ჭერამდე დამხვდებოდა აკოკოლავებული ჭურჭელიო... შემაქო. მერე მაცივარი გამოაღო და გაოცებულმა მკითხა, სუპი რატომ არ ჭამეო? მთელი ქვაბი ხელუხლებელიაო. მე რა ვიცოდი, რა იყო ქვაბში? საერთოდ არ ჩანდა, ლუდის ბოთლების გამო...
მერე აბაზანაში შევიდა და სარეცხიც დარეცხილი დახვდა. - ამაზე კარგ საჩუქარს საახალწლოდ ვერ გამიკეთებდიო, გამომძახა. - ისე, ჩემი პომადა და სავარცხელი არ გინახავს, თუთიყუშს რომ ჰგავსო? - ტუჩზე ვიკბინე.
მე კიდევ ტელევიზორის წინ, დივანზე წამოვწექი. მალე ცოლი გემრიელ სადილს მოამზადებს. ძაღლს გაასეირნებს... მე კიდევ დავისვენებ, ფილმს ვუყურებ...
არა, მართლა რა სასიამოვნო სუნი აქვს იმ სარეცხის სითხეს...
წყარო: teasblogi