დედა 7 წლის ასაკში გარდამეცვალა, მამამ გამზარდა... არა, ეს გადაჭარბებული ნათქვამია. საჭმელი მოჰქონდა ხოლმე.
სახლში, ძირითადად, მე და ბებია ვიყავით. მამაჩემის დედა ძალიან ხანდაზმული იყო. რთული სათქმელია, ვინ ვის უვლიდა. კოშმარულ მოგონებებად მახსოვს, როგორ ეჩხუბებოდა მთვრალი მამაჩემი ბებიას, რომელიც სთხოვდა, ყურადღება ერთადერთი შვილისთვის მიექცია და ქალებში სიარული და სმა შეეწყვიტა. ერთხელ მოხუცი კუთხეში მიიმწყვდია და მოკვლით დაემუქრა.
მე მაშინ 10-12 წლის ვიქნებოდი. მას შემდეგ ამ კაცის მიმართ პანიკური შიში გამიჩნდა, რომელიც წლებთან ერთად კი არ პატარავდებოდა, პირიქით - იზრდებოდა. მიზეზებიც უამრავი მქონდა. ერთხელ ისე მცემა, სირცხვილით სახლიდან რამდენიმე დღე ვერ გამოვდიოდი, მერე კი ქორწილში დათვრა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომვარდა და სახლში წამათრია. მახსოვს ისიც, სკოლაში მთვრალი რომ მომივარდა, პედაგოგებს ჩემი ნიშნები ჰკითხა და განრისხებულმა ფეხქვეშ გამიგდო. ვიყავი თუ არა დამნაშავე? არა. ახლა,როცა ჩემი ბავშვობიდან დაახლოებით 20 წელი გავიდა, ვფიქრობ, რომ მე ყველაზე ნაკლები ბრალი მიმიძღვის ჩემს ცუდ ნიშნებშიც და ქმედებებშიც, რადგან უპატრონოდ გავიზარდე. არ ვამბობ, იდეალური მოზარდი ვიყავი-მეთქი, არც უხამსი სიტყვების თქმას ვერიდებოდი და არც თანატოლებთან ხელჩართულ ჩხუბზე ვამბობდი უარს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მაშინ ეს დასაშვები მეგონა. მეტიც - ადამიანებთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად სწორედ ამას ვთვლიდი.
16 წლისას ბებია გარდამეცვალა და სულ მარტო დავრჩი. ვიგრძენი, თურმე როგორ მეხმარებოდა ის. მე კი სულ უხეში, უცენზურო სიტყვებით ვესაუბრებოდი. ისიც ვიცოდი, სააბაზანოში რომ იკეტებოდა და ტიროდა ხოლმე, მაგრამ ეს იმდენად ჩვეულებრივად მიმაჩნდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. დღემდე ვნანობ, რომ მისთვის სიკვდილის წინაც კი არ მითხოვია პატიება.
ბებიის გარდაცვალების შემდეგ მამის ცემის ერთადერთი ობიექტი მე გავხდი. ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის ამოჭრა რომ შემეძლოს, სწორედ იმ 3 წელს ამოვჭრიდი.
ერთ დღესაც მამა სახლში ვიღაც კაცთან ერთად ფხიზელი მოვიდა. მითხრა, რომ სტუმარი მისი კლასელი იყო და მთხოვა, მისთვის ბიძია არ დამეძახა. სიმართლე გითხრათ, კაცებში უკვე იმდენად გარკვეული ვიყავი, დავინახე თუ არა უცნობის მზერა, მაშინვე ყველაფერს მივხვდი.
შუახნის მაღალი, ოდნავ ჭაღარაშერეული კაცი იყო. ასაკი, მამაჩემისგან განსხვავებით, არ ეტყობოდა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ჩემი ქმარი ზუსტად მამაჩემის ასაკის უნდა ყოფილიყო, გამაღიზიანა. მაგიდიდან ადგომა და ოთახში ჩაკეტვა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. მოვალეობის მოხდის მიზნით ვიჯექი და კითხვებზეც ძალდატანებით ვპასუხობდი. მერე მამა გავიდა, მარტო დაგვტოვა. მეგონა, ხელების ფათურს დამიწყებდა, მაგრამ ასე არ მოქცეულა. ის ჩვეულებრივ აგრძელებდა კითხვების დასმას და ჩემი განწყობის შეცვლას ცდილობდა. ამან ცოტა დამაბნია და მისადმი სიმპათიით განმაწყო. ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით, მერე კი მითხრა, რომ ჩემი ცოლად მოყვანა უნდოდა. ისიც მითხრა, რომ ნებართვა მამაჩემისგან უკვე ჰქონდა, მაგრამ თუ მე უარს ვეტყოდი, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ არ მოიქცეოდა. მე ხომ პირველივე შეხვედრისას გამოვუტანე თავს განაჩენი. ასე რომ, თავის დაფასება აღარ დამიწყია...
მე მიშას პირველი ცოლი ვიყავი. არ გეტყვით, ვუყვარდი ან ჩემზე გიჟდებოდა-მეთქი, უბრალოდ, 45 წლის იყო, ოჯახი და ცოლი უნდოდა. ეძებდა გოგონას, რომელიც მასზე იზრუნებდა, მაგრამ მე მისი იმედები არ გავამართლე. მიუხედავად მისი დამყოლი და მშვიდი ხასიათისა, თანაცხოვრების პირველ წელს თავს ოჯახში კი არა, ციხეში ვგრძნობდი. კლუბებსა და ბარებს ჩვეული ვიყავი, სახლის საქმეების კეთება ჩემთვის უცხო იყო. რამდენჯერმე სახლიდანაც გავიპარე, მაგრამ მიშამ მიპოვა და ისევ უკან დამაბრუნა.
უკვე 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვხვდები, ეს კაცი რომ არა, არავინ იცის, ახლა რომელ თხრილში ვიწვებოდი. ყველაფერი თვითონ მასწავლა და დღემდე გვერდით მიდგას. უნივერსიტეტის დამთავრებაშიც კი დამეხმარა. შვილი არ გაგვიჩნდა, მაგრამ მე დღეს ქალი ვარ, ჩამოყალიბებული პიროვნება, რაც თავიდან ბოლომდე ჩემი ქმრის დამსახურებაა. მამაჩემს კი ყველაფერს ვპატიობ. ეს კაცი ხომ თავისი ცოდვების გამოსასყიდად გამაცნო?
P.S. გამოგვიგზავნეთ თქვენი ან უბრალოდ, საინტერესო ისტორიები მეილზე: marao@palitra.ge