ყოველ ჯერზე, როდესაც მამაკაცს შეხვედრაზე უარს ეუბნები, სადღაც იბადება კნუტი, რომელიც შენთან იცხოვრებს, როცა 40 წელს გადააბიჯებ.
არა, არ გეგონოთ, რომ მარტო ცხოვრების წინააღმდეგი ვარ. მარტოობა ზოგჯერ ძალიან მიყვარს კიდეც, მაგრამ მხოლოდ ზოგჯერ... ხშირად წარმოვიდგენ, რომ მოხუცი ვარ, ვზივარ სავარძელში, გაზის გამათბობელთან ახლოს, მუხლებზე პლედი მაქვს გადაფარებული და ფანჯრიდან გავყურებ ფოთლებშემოძარცვულ ხეს, რომელიც საკუთარ თავს მაგონებს... უცბად, ძალიან მინდება ცხელი არომატული პიტნის ჩაი, რომლისთვისაც ადგომა და სამზარეულოში გასვლა მომიწევს... არადა, რა კარგი იქნებოდა, ახლოს შვილიშვილები რომ დარბოდნენ, ხომ გავძახებდი, ბებო გენაცვალოს, სამზარეულოში გაიქეცი და დედიკოს უთხარი, ბებოს ჩაი დაუსხიო?.. არა, ასეთი ფიქრები მართლა ცუდ ხასიათზე დაგაყენებს ადამიანს...
მართალია, ჯერ სულ რაღაც 27 წლის ვარ, მაგრამ წინ უკვე ვიხედები და კატიან შინაბერად რომ არ დავრჩე, არც მამაკაცებს ვეუბნები უარს შეხვედრაზე...
პაემნებზე სიარულის დიდი გამოცდილება მაქვს. რამდენად კარგი - ეს კიდევ ცალკე თემაა. მოდით, ამაზე ნუ დავწვრილმანდებით და გავიხსენოთ ფრაზა: „ვინც არ ეძებს, ვერ იპოვის“. ჰო, სწორედ ასეა! ამ ფრაზით ვამხნევებ საკუთარ თავს ყოველი მორიგი წარუმატებელი პაემნის შემდეგ, სადაც აღმოვაჩენ, რომ მას არ აღმოაჩნდა იუმორის გრძნობა, ან ზედმეტად ნარცისია, ან ზედმეტად ეჭვიანი. მოკლედ, დასაწუნი მიზეზები არ მელევა. არადა, სულაც არ ვარ წუნია და ვიცი, რომ იდეალური მამაკაცები არ არსებობენ.
წარმოიდგინეთ სიტუაცია! სოციალურ ქსელში მოგწერა ვინმე სიმპათიურმა, რომ ძალიან ლამაზი ხარ. შენც უგზავნი მოკრძალებულღიმილიან სმაილს და გულისფანცქალით ელოდები, რას მოგწერს... თუ „დასინავს“ და დიდი პაუზაა, ან ფიქრობს, რომ რამე ორიგინალური მოგწეროს და არ გაბანძდეს, ან სპეციალურად არ გწერს, რომ მოლოდინის ეფექტი შექმნას და ღირსეულ ტიპად წარმოჩინდეს (ეს უკანასკნელი, როგორც წესი, არ გაამართლებს თქვენს მოლოდინს). მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სრულიად შემთხვევით ერთი უცხოელი ტურისტი გავიცანი. გერმანელია, ბერლინში ცხოვრობს. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, ცოტა ცივი და მკაცრი გარეგნობა აქვს, მაგრამ საკმაოდ სიმპათიურია. მოგზაურობის „ფეიჯზე“ ჰქონდა დაკომენტარებული, ძალიან მინდა თბილისში საინტერესო ადგილების მონახულება, მაგრამ სამწუხაროდ, ნაცნობი არავინ მყავსო... ეგრევე „პმ“-ში მივწერე, სხვებს რომ არ დაესწროთ. ხვალ თავისუფალი ვარ და სიამოვნებით დაგათვალიერებინებდით თბილისს-მეთქი. არადა, სამსახურში ორი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი და კიდევ თათბირი, რომელიც მინიმუმ 1 საათი გრძელდება ხოლმე.
ჰელმუტ ჰაკერმა პასუხი არ დააყოვნა. ინგლისური საკმაოდ კარგად სცოდნია. დალოცოს ღმერთმა google translate-ის შემქმნელი. თავიდან კარგად ვერ გავერკვიე, ჰაკერი მისი გვარი იყო თუ ჰობი, მაგრამ მერე ჩემს მეგობარს მივწერე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მითხრა, ასეთი გვარი ნამდვილად არსებობს და ჰაკერი რომც იყოს, ეგრე ღიად არ დაწერდა მაგასო.
დილით მომიწია ჩახლეჩილი ხმით დარეკვა უფროსთან და მისი მოტყუება, რომ ანგინა დამემართა და ხმა აღარ ამომდის; რომ სიცხიანი ლოგინში ვაგდივარ და ნერწყვის გადაყლაპვისას სიმწრისგან ნიანგის ცრემლებს ვღვრი. ჰაკერს პირველ საათზე შევხვდი.
ჯერ ორთაჭალაში წავიყვანე, რიყის პარკი და ძველი ქუჩები ვანახე. მეგონა, შარდენზე რომელიმე ბარში დამპატიჟებდა სასმელზე, მაგრამ გავწბილდი. ყველაფერს ფოტოებს უღებდა და იმხელა ნაბიჯებით დაქროდა, ძლივს ვეწეოდი. მერე საბაგიროთი ავედით ნარიყალაზე და იქიდან გადმოვხედეთ თბილისს. სხვა ადგილებიც ვაჩვენე. რუსთაველზეც გავისეირნეთ. ხინკალს და მწვადს გაგასინჯებ-მეთქი, შევთავაზე, მაგრამ გაკვირვებული მიყურებდა. მგონი, ვერ გაიგო კარგად, რას ვეუბნებოდი. უცბად, KFC დაინახა და სახეზე კმაყოფილების განცდა დაეუფლა. აქ შევიდეთო - მითხრა. ჩემს პასუხს არ დაელოდა და დიდი ნაბიჯით გაექანა შესასვლელისკენ. რას ვიზამდი? მეც გავყევი. შევედით.
იმის გათვალისწინებით, რომ მთელი დღე ტაქსის ნაცვლად ავტობუსებით მატარა, ველოდი, რომ ყველაზე ხელმისაწვდომ რამეს იყიდიდა. მაგალითად, აი, ტვისტერს ან ლონგერს, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც სალაროსთან 25-იანი ბასკეტი შეუკვეთა, ჰო, 25-ცალიანი ცხარე ფრთების ბასკეტი. გამიხარდა, რადგან საშინლად მშიოდა, მაგრამ აქაც გაწბილება მელოდა! მოულოდნელად ჰელმუტი ჩემკენ შემობრუნდა და თავისი დიდი ტორი გამომიწოდა, რომ ჩემი წილი მე გადამეხადა. ამას ნამდვილად აღარ ველოდი.
უკვე აღარ მანაღვლებდა, ეს პაემანი როგორ დამთავრდებოდა. სავარაუდო პროგნოზი უკვე ვიცოდი. ამიტომ მორიდება გვერდზე გადავდე და გადავწყვიტე, ჭამით მაინც მიმეღო სიამოვნება.
გაოცებული მიყურებდა, როგორ შევჭამე ნახევარზე მეტი. იმდენად გემრიელი მეჩვენა, რომ ცხარე ფრთების იქით ვეღარაფერს ვამჩნევდი. ვერც ჩემი უფროსიც შევნიშნე, რომელიც ჩვენს მაგიდასთან იდგა და პირდაღებული მომჩერებოდა. მე კიდევ ვიჯექი და ლამის მთელ-მთელ ფრთებს ვყლაპავდი.
რომ დავინახე, იმხელაზე წამოვიყვირე, მე თვითონ შემეშინდა. ჩემმა უფროსმა ჰელმუტი შეათვალიერა, მერე ისევ მე შემომხედა და ეშმაკური ღიმილით ჩემი ჯანმრთელობის ამბავი იკითხა. მერე, კარგად გაერთეთო - გვითხრა და თავის ორ შვილთან ერთად გავიდა კაფედან. საშინლად შემრცხვა. სირცხვილ და ბასკეტნაჭამი ერთიანად გავწითლდი. ჰმ, ბედი არ გინდა? ამ ჰაკერმა მართლა „დამჰაკა“. ჰელმუტს ცივად დავემშვიდობე და საბოლოოდ გადავწყვიტე, კნუტი ამეყვანა.
P.S. ისე, ყველა წარუმატებელ პაემანში არის რაღაც კარგი. მაგალითად ის, რომ უკვე ვიცი, KFC-ში უგემრიელესი ბასკეტებია. 16-ცალიანი და 25-ცალიანი. იდეალური ვარიანტია 2 ან 3 მეგობრისთვის, რომლებიც ანგარიშს ერთობლივად გადაიხდიან.