ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც - ასე იწყება ყველაზე კითხვადი ბლოგების დიდი ნაწილი, მაგრამ მე ასე არ დავიწყებ და იმიტომ არა, რომ არ მინდა, ჩემი ბლოგი ბევრმა ნახოს. საქმე ისაა, რომ მე თვითონ ვარ ის მეგობარი. მეგობარი, რომელიც სულ დიეტაზეა.
რატომ? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. ახლობლებს რომ თავი დავანებოთ, წონისა და სიმაღლის ფარდობის გამომთვლელიც მეუბნება, მსუქანი არ ხარ და გამხდარის სტატუსამდე 3 კილოგრამი გაკლიაო. ვიცი, რომ ეს მინუს სამი კილოგრამი არც ირინა შეიკად გადამაქცევს და არც სკარლეტ იოჰანსონად. სხვათა შორის, ეს ჩვენი სკარლეტი ჩემზე დაბალი და ჩემზე პუტკუნაც ყოფილა (ხაზს ვუსვამ ჩემზე!). მარა მაგას რა ენაღვლება, სკარლეტია, იოჰანსონი. ჰო, ერთი პერიოდი ჰოლივუდელების მონაცემებს ვნახულობდი და ვეჯიბრებოდი. არა, მოცლილი არ გეგონოთ, მეტი საქმე მქონდა, უბრალოდ, თვითმოტივაციის მეთოდებს მივმართავ ხოლმე და ვინ იცის, რამდენი ღამე გამიტარებია საჭმელზე ფიქრში. მერე გავიგე, თუ არ ვარჯიშობ და ვარჯიშზე ფიქრობ, კუნთები ოდნავ მაინც გივითარდებაო. არიქა, ფიქრი არ შემერგოს, არ გავსუქდე-მეთქი და ფიქრსაც თავი დავანებე.
მე ის ტიპური "დიეტიშნიკი" არ გეგონოთ, ორშაბათიდან რომ იწყებენ. მაგ საქმეში აბსოლუტურად პატიოსნებით დავიკვეხნი. გარშემო მყოფები რაც უფრო მეტად ცდილობენ, აზრი შემაცვლევინონ, მით უფრო მეტი შემართებით ვიკლავ თავს შიმშილით. გალაკტიონი წერდა დღიურებში, დაწოლილი კაცი უკეთესად იტანს შიმშილსო. ამართლებს. მეც ვწევარ. საჭმელზე აღარ ვოცნებობ. ჩემი მუცელი მტრედის ხმებს გამოსცემს, მაგრამ ჯიუტად ვცდი ნებისყოფას.
მეგობრები მეუბნებიან, მალე გამოწიწიბურდები და ერთ დიდ "გრეჩიხად" გადაიქცევიო. ზოგჯერ კარგიცაა დიეტაზე მყოფის სტატუსი, მაგალითად, თუ ვინმე ისეთი, ვის გვერდითაც ტყვიად ყოფნაზე ოცნებობ (ნეტა, ტყვიად რატო არ გავჩნდი, აქედან გავვარდებოდიო), სადმე გეპატიჟება, შეგიძლია უთხრა, რომ დიეტაზე ხარ და წიწიბურის მეტს არაფერს ჭამ.
ამ დიეტების გადამკიდეს ბევრი გემრიელობა დამითმია, ზოგი ნებსით, ზოგიც უნებლიეთ. ერთხელ სამეგობრო შევიკრიბეთ. ბარში მისვლა ცოტა დამაგვიანდა. გზაში ვფიქრობდი, 21-ე დღეა უზეთო და უმარილო წიწიბურით "ვსაზრდოობ", ერთი დღე "ჩასკდომა" რას მიზამს-მეთქი და გონებაში სასურველი კერძების მენიუც შევადგინე. მივედი და რას ვხედავ - აჭარული ხაჭაპურები, ცეზარი, კარტოფილი "ფრი", ლუდი და ერთი ჯამი მოხარშული წიწიბურა. ასე მათ ჩემი იმედები არასდროს გაუცრუებიათ. ამ გრძნობას ლიკა კიდევ უფრო მიმძაფრებდა, რომელიც ბედნიერი სახით მიყვებოდა სიმპათიური მიმტანის და სპეციალურად ჩემთვის მოხარშული წიწიბურის ისტორიას. რა უნდა მექნა? დავჯექი და უჟმური სახით ვჭამე. მას შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით დავარხიე ხმა, რომ დიეტაზე აღარ ვარ! გადავწყვიტე, სახლში ვიდიეტო და აღარასდროს ვთქვა უარი კაფე-ბარების მენიუზე!
ჰო, აი ჩემი წიწიბურის დიეტა
მარიამ ელიაშვილი