ყველა ამბავი, რომლის მონაწილე ან მაყურებელი ვყოფილვართ, ტოვებს მოგონებას, რომელიც ტვინის ერთ "ფირზე" კადრებად იწერება და დროდადრო თავს გვახსენებს. ხშირად კი ჩვენი გონების ლენტაზე ჩახვეული ადამიანი რაღაცის სიმბოლოდ გვექცევა.
მეც ასე მახსენდება ბავშვობის ყველაზე გაუგებარი ისტორია, რომლის მთავარი გმირი ახალშობილი გოგონაა.
ახლაც ბავშვობის თვალებიდან ვხედავ, როგორ ავყურებ აივანზე მდგარ იარაღმომარჯვებულ ბედნიერ კაცს, რომელსაც ოთახიდან ახლად დაბადებულის სქესი აცნობეს. მას სახეზე ფერი ეცვლება, იქუფრება, მერე იარაღს უშვებს და ქვემოთ ჩამოდის...
დღემდე, როცა სადმე სიტყვა "ფემინიზმს" მოვკრავ ყურს, კლარა ცეტკინი ან მერი ვოლსტოკრაფტი კი არა, პირველად ის კაცი მახსენდება, რომელმაც ვერც ახალდაბადებული გოგონასთვის და ვერც მეუღლისთვის სითბო ვერ გაიმეტა.
ამ ამბიდან წლები გადიოდა, დავდიოდი სკოლაში, ვსწავლობდი ფიზიკას, მათემატიკას, ვეცნობოდი მსოფლიო ლიტერატურას და წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი სასტიკი იქნებოდა სამყარო ჩემ მიმართ, თუნდაც 150 წლის წინ რომ მეცხოვრა. საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ მე არ მექნებოდა არათუ ხმის უფლება არჩევნებზე, არ მექნებოდა ხმის უფლება საკუთარ სახლში. პირველად როცა ეს გავიაზრე, წარმოვიდგინე ის ახალშობილი, რომლის ტირილს მამამისი ყოველ საღამოს ყვირილს უზავებდა და გავაცნობიერე, რომ კაცების სამყაროსთან ქალების ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როცა ბრძოლა დაწყებულიც კი არ იყო და ქალებს ერთი დანიშნულება ჰქონდათ - ადამიანთა გაჩენა. ახალშობილისთვისაც და დედისთვისაც უკეთესი იყო, თუ ვაჟი აღმოჩნდებოდა. სხვა შემთხვევაში ის გაიზრდებოდა ისეთივე ბორკილებდადებულ მონად, როგორებადაც ფერადკანიანები აქციეს. პირველი 18 საუკუნის განმავლობაში ადამიანები კანის ფერისა და სქესის გამო საზოგადოებისგან, ანუ მამაკაცებისგან იდევნებოდნენ. არსებობდა მხოლოდ ერთსქესიანი სამყარო და ორი სახეობის ადამიანი, რომელთაგან აბსოლუტური უპირატესობით მამაკაცები სარგებლობდნენ. ეს არაა უბრალოდ დრამატული სიტყვები, ეს იმ პლანეტის ისტორიაა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ და არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი ისტორია.
ბევრი დღესაც ამრეზით უყურებს ფემინისტებს და იზიარებს იმ წარმოდგენას ქალებზე, რაც თითქმის 20 საუკუნე არსებობდა, თითქოს ქალების გონებას არ შეუძლია შექმნას რაიმე ღირებული. ავიწყდებათ, რომ ქალებს ამის უფლება არ ჰქონდათ, მათ არც განათლების მიღების და არც აზრის გამოხატვის ნებას აძლევდნენ.
გათავისუფლებისთვის ბრძოლა მე-19 საუკუნეში სუფრაჟისტების გამოჩენით იწყება. პირველად 1857 წლის 8 მარტს ნიუ იორკში შეიკრიბნენ სამრეცხაოს, ფეხსაცმლის და სამკერვალო ფაბრიკის ქალი თანამშრომლები, რომლებსაც მამაკაცებზე გაცილებით მძიმე სამუშაო გარემო და ამდენჯერვე ნაკლები ხელფასი ჰქონდათ. მათ 10-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ნათელი და სუფთა სამუშაო გარემო და მამაკაცების ანალოგიური ანაზღაურება მოითხოვეს. ამ დღის შემდეგ შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაცია. 1910 წელს სოციალისტების საერთაშორისო კონფერენციაზე კოპენჰაგენში კლარა ცეტკინი გამოვიდა სიტყვით და დამსწრეებს შესთავაზა, 8 მარტი ეღიარებინათ საერთაშორისო ქალთა დღედ, რათა მსოფლიოს ყველა ქალი ჩართულიყო თანასწორობისთვის ბრძოლაში. მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიზეიმოთ 8 მარტი, სწორედ ესაა - 8 მარტამდე ქალი, როგორც ადამიანი, არ არსებობდა.
ნელ-ნელა ის საზოგადოების წევრი ხდება. იწერება ნაშრომები ქალთა უფლებებზე, ჩნდებიან სტუდენტი გოგონები და მელევე ასპარეზზე გამოდიან ქალი ლექტორები და პოლიტიკოსები, თუმცა ქალის სქესი დღემდე სუსტად ითვლება და ქალს თავისი სქესი ჩაგრავს. ამის არგუმენტად ყველასათვის ცნობილ სერიალს, "გრეის ანატომიას" მოვიყვან, რომლის მთავარი გმირების, მერიდიტ გრეისა და დერიკის როლის შემსრულებლების ანაზღაურება მხოლოდ სქესის გამო განსხვავდებოდა. ელენ პომპეი სექსიზმს წლები ებრძოდა და ახლა ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მსახიობია. მას თავისი სქესი ვეღარ ასუსტებს, მაგრამ ის ერთადერთი არაა, ვინც კაცების სამყაროში ჩვენს დროშიც ეჯახება უთანასწორობას, თუნდაც ახალშობილი ჩემი მოგონებებიდან...