თუ ჩემი კატა ყეფს. ე.ი. ის ძაღლია?..
მე ჰიბრიდული კაცობრიობის წარმომადგენელი ვარ. მე და ვახტანგს, როგორც მანდილოსნებს, თანაბარი უფლებები გვაქვს და საპირფარეშოს გვერდითა კაბინაშიც თავის ვაჟკაცს, მთელი თავისი „ქალურობით“... მოკლედ: თავს დაჩაგრულად ვგრძნობ ზუსტად იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც ქალზე ძალადობას აპროტესტებს და „ქალის ჩაგვრის თემას“ შირმად იყენებს. რეალურად კი, სანამ ამით სპეკულირებს, აქტიურად მუშაობს ქალის იდეის დაკნინებაზე. კეთილგანწყობის მოპოვების იოლი საშუალებაა იმის კიჟინი, თუ როგორ „იბრძვიან“ მდედრთა უფლებებისთვის...
...და საპირისპირო მიზნის შესანიღბად ჭკვიანური იარაღია საზოგადოებისთვის აქტუალური და მტკივნეული, ქალთა ჩაგვრის საკითხის წამოჭრა-უტრირება. თანაბარუფლებიანობა - სქესის გათანაბარების სარჩულის და იდენტობის წაშლის ქვეტექსტის მატარებელია და პირდაპირ უკავშირდება ქალის ფენომენის, მისი როლის დაკნინებას - სუსტი სქესის შევიწროებას.
სინამდვილეში ამ „უფლებადამცველებს“ ქალი არ აინტერესებთ. არ აინტერესებთ, რას ვგრძნობთ ქალები, რომლებზეც გამუდმებით ძალადობენ და ფსიქოლოგიურ წნეხში გვამყოფებენ, როცა (მო)გვთხოვენ ბუნებრივი, ბიოლოგიური სიცხადის უარყოფას და გვაიძულებენ, მივიღოთ ნორმად, თითქოს კაცის გენიტალიების მქონე განსხვავებული ორგანიზმი იგივეა, რაც ქალი მისი რეპროდუქციითა თუ თვიური ციკლით...
ისინი რომ სამართლიანობისთვის მართლა იბრძოდნენ, ჩვენ დაგვიცავდნენ პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, რომელიც ხორციელდება ქალებზე, როცა მეუბნებიან, რომ მე და ბიოლოგიური მამრი, მისი შესაბამისი ფიზიოლოგიითა და ჰორმონალური მდგომარეობით, ერთი და იგივე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მას არც საშო აქვს და არც საკვერცხეები.
პარადოქსია, რომ ამ პირდაპირ შევიწროებას „სიტყვის თავისუფლების“ კლასიფიკაციას აძლევენ და საწინააღმდეგო პოზიციას კი - ძალადობისას. სიტყვათა თამაშს ჰგავს: „უფლებადამცველებისგან“ არ გვაქვს უფლება, დავიცვათ საკუთარი იდენტობა და ჯანსაღი აზრი (რომელზეც კაცობრიობამდე ბუნება შეთანხმდა)...
პარაზიტული და ავადმყოფური აზრის თესვის გარდა, ახორციელებენ ფსიქოლოგიურ და უკვე ფიზიკურ ჩაგვრას ჯანსაღ საზოგადოებაზე. გვაიძულებენ მივიღოთ ავადმყოფობა ნორმად და მიმტკიცებს, რომ თუ ჩემი კატა ყეფს, ე.ი. ის ძაღლია...
არ მაქვს განცდა, რომ ისინი ქალის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ჟანა დ'არკის იდეური მემკვიდრეები არიან, როცა გაურკვეველ თეორიას იმავენაირი ფიზიონომიით მახვევენ თავს. ქალის კეთილდღეობა მათი მიზანი სულაც არ არის, ძალადობის თემა მხოლოდ სქესთაშორის მტრობის გაღვივებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში - ჰუმანიზმს. ე.ი. მათ არ აინტერესებთ არც ადამიანის კეთილდღეობა, თორემ მამაკაცების ფსიქოლოგიურ წნეხზეც გაამახვილებდნენ ყურადღებას, იმ ირიბ და პირდაპირ ჩაგვრაზე, რასაც ისინი ბავშვობიდან განიცდიან, როცა უნერგავენ და აჩვევენ ათას ვალდებულება-პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს ცალკე თემა და ფსიქოლოგიური განხილვის სფეროა, რომელზეც ყველა დუმს, იმიტომ, რომ თუ ორივე შემთხვევაში არსებული პრობლემა თანაბრად განიხილება (ნაცვლად ზედაპირზე ტივტივისა და უკვე მიღებული შედეგით სპეკულირებისა) და ფუნდამენტს ჩავუღრმავდებით, გავაცნობიერებთ - მსხვერპლია ორივე მხარე და ორივეგან თანაბარია შეცდომები, რომელიმე კონკრეტული სქესის კი არა - ადამიანის, კაცობრიობის, საზოგადოების დამახინჯებული აზრისა. უტოპიაა რომელიმე ერთ სქესის ბრალის ძიება.
ამ აბსურდის კიდევ ერთი ურთიერთსაპირისპირო დეტალია რომელიმე, ერთ-ერთი სქესის დემონიზირება, როცა საერთოდ სქესის წაშლისთვის იბრძვიან და ლოზუნგია თანაბარსქესიანობა. ე.ი. მონსტრია არა კაცი ან ქალი, არამედ ორივე (ან არცერთი). ამ დაბნეულობით სიმართლის წისქვილზე ასხამენ წყალს.
საინტერესოა, როგორ გადაიქცა ჯერ განსხვავებული ორიენტაცია (როგორც ამას თვითონვე აღნიშნავდნენ) „განუსხვავებლობად“(?).
ქალთა უფლებების დარღვევის მაქსიმალური გაზვიადებით და აბსოლუტური დრამატიზებით, ჯერ თანასწორუფლებიანობა მოითხოვეს, შემდეგ - თანაბარსქესიანობა, იდენტობის წაშლა და ქალის უფლების დარღვევიდან ისევ საწყისამდე - მათი უფლების შელახვამდე მივიდნენ...
ლიბერალიზმის პარადოქსულობისა და აბსურდულობის ფარგლებშიც კი შეუძლებელია ჰუმანური იყოს კატეგორია, რომელიც აბორტს ნორმად მიიჩნევს, ანუ კაცთკვლის და კაცობრიობის გამრავლების შეწყვეტის წამქეზებელია. ამასთან, ტირაჟირებს აზრს, რომ ქორწინება მონობაა და ამით შეურაცხყოფას აყენებს ყველა ოჯახის ქალს. ყველაფერი მიზანმიმართულად ეტაპობრივია: ჯერ ოჯახის ინსტიტუტს ვებრძვით და ამიტომაა ქორწინება მონობა, შესაბამისად - აბორტი ნორმა (და ჩვილის უფლებები არ ირღვევა?)..და თუ არც ოჯახი და არც ჩვილები საჭირო არაა, რა მნიშვნელობა აქვს სქესს? რა მნიშვნელობა აქვს ერს? ფერს? თუ ყველამ დაკარგა ინდივიდუალობა და იდენტობისთვის „ბრძოლა“, იდენტობის განადგურებას ემსახურება... უნდა ვიქცეთ ერთ ბიოლოგიურ მასად, სქესისა და ინდენტობის გარეშე... თუმცა ეს ბლოგის სხვა თემაა...
თეკლა ლაზი