"1195 წელს შამქორისკენ მიმავალ ლაშქარს საქართველოს მეფე ფეხშიშველი მიუძღოდა წინ."
1203 წელს მუსლიმანთა დიდი კოალიცია საქართველოს გასანადგურებლად დაიძრა. თამარი მაღლობზე ავიდა. მთელი მხედრობა გამოჩნდა. მუხლებზე დავარდნილი დედოფალი ლოცულობდა, მიწას ცრემლებით ალბობდა. მან ერისთავებს უბრძანა, წმინდა ჯვარს მთხვეოდნენ. ერისთავები ჯვარსა და თამარს ემთხვივნენ. შემდეგ ჯვარი თვითონ თამარმა აიღო, მხედრებს სამჯერ გარდასახა და დალოცა. ქართველები ბასიანისკენ დაიძრნენ... თამარმა სამცხეს მიაშურა და ოძრხეში განაგრძო ლოცვა. კეთილი ამბის მაცნეს აქ ელოდა...
1184-1213 წლებში, თამარის მეფობის პერიოდში საქართველოში ოქროს ხანა იდგა. პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა.
2018 წელს მადლიერმა ქართველებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" წმინდა თამარი პრეზერვატივზე გამოსახეს.
ისტორია აქ სრულდება.
დღეს თამარის დროშის ნაცვლად თამარის პრეზერვატივებს შლიან. ახალი თაობა თამარის ღვაწლს სხვაგვარად დაინახავს და სხვა "ძლევაი საკვირველზე" ისაუბრებს. როცა ბეთანიის ეკლესიაში ნაცნობ პორტრეტს წააწყდება, ეჭვი მეპარება, მის მიმართ მოწიწებით განიმსჭვალოს და თუ ისტორიაში თამარის ჯვრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაევალება, პედაგოგს აღარც ის უნდა გაუკვირდეს, მოსწავლე თუ პრეზერვატივის აღწერას ჩაურაკრაკებს.
ეს მთავარი პრობლემაა და მაინც ისმის კითხვა - რა დააკლდება წმინდა თამარ მეფეს?
წლების წინ, როცა გავიგე, რომ თამარის საფლავი უცნობი იყო, ათასგვარი რამ მიტრიალებდა თავში. ვერც იმას ვხვდებოდი, როგორ შეძლო ეს და არც ის მესმოდა, რატომ გაასაიდუმლეს საფლავის ადგილსამყოფელი. დღეს მეორე კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი მაქვს - მეფეს საფლავის წაბილწვის ეშინოდა, ჩვენი ეშინოდა... საფლავი ისევ დაკარგულია, თუმცა 4 ტაძარში შემორჩენილი ფრესკები მეფის სახის წაბილწვის საშუალებად მაინც გვრჩება...
მარიამ ელიაშვილი