პირველად სერიალ "მეგობრებით" გაიცნო ფართო საზოგადოებამ, სადაც რეიჩელის როლს თამაშობდა. მის ვარცხნილობას და ჩაცმის სტილს სერიალის მაყურებელი ქალბატონები მისაბაძად მიიჩნევდნენ, მისი სექსუალურობით კი მამაკაცები ტკბებოდნენ.
მერე ჯერ ბრედ პიტის ცოლი იყო, მერე, დიდხანს - ყოფილი ცოლი. ბრედის შემდეგ მის ცხოვრებაში რამდენიმე მამაკაცი იყო, ოღონდ არც ერთი - სერიოზული.
და როგორც იქნა, თავისი სიყვარული იპოვა, თანაც, რეალურ ცხოვრებაში. მისი ახალი რჩეული ჯასტინ ტეროა, 40 წლის, და ჯენიფერ ანისტონი ბევრ რამეს გაიღებს, რომ მასთან ბედნიერება იპოვოს.
- როგორია თქვენი სურვილების სია?
- მინდა ვიმუშაო, საინტერესო როლები მივიღო, მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადავიღო. ვოცნებობ კაცზე, რომელიც ბედნიერებასა და სტაბილურობას მაჩუქებს.
რომელთან ერთადაც ხელიხელჩაკიდებული ვივლი. არ მინდა ვიყო გლამურული ქალბატონის მაგალითი, თუნდაც მომწონდეს შოპინგი, ისევე როგორც ნებისმიერ ქალს.
- ალბათ არა მხოლოდ ფილმებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც გქონიათ შემთხვევა, როცა საყვარელ მამაკაცს მიუტოვებიხართ. როგორ ახერხებთ ასეთი მომენტების გადატანას?
- საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად ისევ ჩაერთო თამაშში, თუმცა ისიც უნდა გააცნობიერო, რაში შეცდი და გამუდმებით სრულყო საკუთარი ხასიათი. ფილმი მხოლოდ თამაშია, ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ხანდახან წლები გადის, სანამ მიხვდები, თუ რატომ დაშორდი საყვარელ ადამიანს.
- ცხოვრებისეული წესები თუ გაქვთ?
- არასდროს დანებდე! დილიდან დღე რომ არც შედგეს, ყველაფერიც რომ ჩემ წინააღმდეგ მოქმედებდეს, მაინც არ უნდა მოვეშვა და არ დავნებდე. მაშინაც კი, როცა ჟურნალებში საკუთარ თავზე დამამცირებელ რამეებს ვკითხულობ.
სერიოზულად ვუდგები საქმეს, მჯერა მეგობრობის. და თავი არ მიმაჩნია უიღბლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში განქორწინება იყო და ჯერ კიდევ არ მყავს შვილები.
- მამაკაცში რისი პოვნა გსურთ?
- სილამაზის არა, უფრო მომხიბვლელობის, ინტელიგენტურობის, სიმპათიის, სპონტანურობის, ადამიანური სითბოსი, მოსმენის უნარის, თანაც, უნდა ესმოდეს, ვინ არის მის გვერდით.
- სექსი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- ძალიან მნიშვნელოვანია. მას სიყვარულისგან არ ვაცალკევებ. თუმცაღა მე, ისევე როგორც ბევრ ქალს, მჭირდება იმის სწავლა, რომ ეს ცნებები ხანდახან მაინც გავაცალკევო. უფრო თავდაჯერებული რომ გახდე, სექსს სხვანაირად უნდა შეხედო, თუმცა ეს მთელი ფილოსოფიაა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)