ყველა ქალს სურს, სტანდარტული, სექსუალური ფორმები ჰქონდეს, მაგრამ მოდელის ფიგურის შენარჩუნება არც ისე მარტივია.
განსაკუთრებით რთულია გაუმკლავდე ზედმეტ კილოგრამებს, როცა საქმე საქმიან ქალბატონებს ეხებათ. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, უძილობა, ბევრი საქმე, სამსახური და ისევ სამსახური, ნამდვილად არ მიეკუთვნება მიმზიდველი ფიგურისთვის ხელისშემწყობ ფაქტორებს. ჩვენ დიეტასა და დიეტისთვის საჭირო მოტივაციაზე ნანუკა ჟორჟოლიანს ვესაუბრეთ.
- ხართ თუ არა ფასტ-ფუდების მოყვარული?
- არა, ვფიქრობ, კარგი იქნება, ყველამ ამოიღოს კვების რაციონიდან ე.წ. ფასტ ფუდები, იმიტომ, რომ ცელულიტებს აჩენს.
- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?
- არა, მსგავს დეტალებს არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. თუმცა, ყოველთვის ვუკვირდები, რამდენ კალორიას შეიცავს და რა რაოდენობითაა შაქარი ამა თუ იმ პროდუქტის შემადგენლობაში. ძირითადად, ყურადღებას ვაქცევ შაქრის შემცველობას.
- ჭამის მადა განსაკუთრებით ძლიერდება ხოლმე შებინდებისას ან გვიან ღამით, თუმცა ამას არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს. თქვენ გიყვართ გვიან ღამით წახემსება?
- არა, გვიან ღამით არ ვჭამ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩემი წონა არ ითვალისწინებს "ღამით წახემსების სტანდარტებს". რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამე გვიან ღამით.
- ხშირად დიეტობთ?
- სულ ვდიეტობ.
- ხომ არ გახსენდებათ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენი პრაქტიკიდან?
- ჰერბალაიფის დიეტაა ყველაზე კარგი და ეფექტური დიეტა მათ შორის, რომლებიც გამომიცდია. სამსაათიანი კვების ჯანსაღი რეჟიმი აქვს.
- არსებობს რამე დიეტა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?
- აბებს არ დავლევ არასდროს.
- რომელია თქვენთვის გამორჩეული, საყვარელი მავნე პროდუქტი, რომელზე უარის თქმაც ყველაზე მეტად გიჭირთ?
- ძალიან მიყვარს ყველიანი მაკარონი, ხაჭაპური, პური.. და საერთოდ, ცომეულზე უარის თქმა მიჭირს ძალიან.
- რთულია სიამოვნებაზე უარის თქმა, როცა დიეტაზე ხართ. რა გაძლევთ მოტივაციას?
- ამ ბოლო დროს ზაფხულია ჩემი მოტივატორი. როცა მახსენდება, რომ ზაფხული მოდის, თავისთავად მეძლევა მოტივაცია, რომ გავიხადო, სირცხვილი არ იყოს. გააჩნია, ხან რა მაძლევს მოტივაციას, ხან - რა.
- რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებსაც სურთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, მაგრამ არ ჰყოფნით ნებისყოფა, სად უნდა ეძებონ მოტივაცია?
- მოტივაცია თუ არ აქვთ, ძალიან კარგი, ჭამონ რამდენიც უნდათ! თუ გახდომა არ უნდათ, უკეთესია, უფრო ძლიერები იქნებიან.
მერიემ კაკაურიძე