ქართული მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავი კრისტი ყიფშიძე მოდასა და სილამაზეზე გვესაუბრა.
მოდელი ფიქრობს, რომ ყველა ქალს შეუძლია იყოს ლამაზი. მას ძალიან საინტერესო შეხედულება აქვს მოდაზე და როგორც აღმოჩნდა, კრისტი ყიფშიძე თავს "შლოპანცებში" უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, ვიდრე მაღალქუსლიან ფეხსაცმელში.
- რომ არა მოდა, როგორი იქნებოდა მსოფლიო?
- ვერ წარმომიდგენია. მოდა მარტო ტანსაცმელი ხომ არაა? მოდაში შეიძლება იყოს მუსიკა, ტანსაცმელი, მიმდინარეობები... მოდა არის ძალიან ფართო ცნება. როგორი იქნებოდა სამყარო მოდის გარეშე? არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, ძალიან ცუდი... იმიტომ, რომ მოდა არის სტილი და დღევანდელ დღეს ის ქმნის ყველაფერს.
- სამი ყველაზე მოდური ადამიანი შეგიძლიათ დაასახელოთ?
- მოდური ადამიანი არის ადამიანი, რომელიც იმ მომენტში, აი, მაგალითად, დღეს არის ძალიან პოპულარული. ჩემთვის არ არსებობს ავტორიტეტები, ჩემთვის ყველა ერთნაირია. არიან ისეთები, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია; ადამიანები, რომლებსაც ვენდობი, ვისი ხედვებიც მომწონს და ვისგანაც ჩემთვის სასიხარულო იქნება ჩემი ნამუშევრის შექება. უფრო ვიწრო კონტექსტში რომ განვიხილოთ, ყველაზე მეტად კეტი მოსის ჩაცმულობა და სტილის შეგრძნება მომწონს. მსოფლიო დონის ვარსკვლავებზე თუ ვლაპარაკობთ, ისაა ჩემთვის ქალი, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომა ამ მხრივ. სხვა შემთხვევაში კი, ინდივიდუალიზმს ვანიჭებ უპირატესობას და ყოველთვის ვცდილობ, პირველ რიგში, ვიყო ინდივიდი. თუმცა შესაძლებელია რამე ფილმმა, მუსიკამ, პერსონაჟმა ან მსახიობმა უმნიშვნელო გავლენა იქონიოს ჩემზე და მსგავსი ვარცხნილობა გავიკეთო ან სხვისნაირად ჩავიცვა. მე ამას მიბაძვას არ ვეძახი, ეს ინსპირაციაა.
- ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ყველა ქალი ლამაზია, უბრალოდ, ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს, თავს არ უვლის?
- რა თქმა უნდა, ვეთანხმები! ყველა ადამიანი ლამაზია, უშნო ადამიანი უშნო ხასიათისა და გაბოროტებული სულის პატრონია მხოლოდ. მართლა არსებობენ ასეთები, აღზრდა, გარემო, ცხოვრების სტილი და სხვა უამრავი კომპონენტი აბოროტებს ადამიანის სულს. ჩემთვის გარეგნულად ყველა ერთია, მთავარია, შინაგანად იყოს ძალიან მდიდარი და ლამაზი, მთელი სერიოზულობით გეუბნებით.
- დაასახელეთ სამი სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა ქალს გარდერობში...
- როგორც შანელი იტყოდა, ერთი პატარა შავი კაბა მართლა აუცილებელია, რადგან ყველა სიტუაციაში გამოგადგება; ჯინსი და კარგი სუნამო.
- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები რომელ ეტაპზეა?
- როცა ხდება დედა, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. გააჩნია, ვისთვის როგორ. სტუდენტობის პერიოდიც სასიამოვნოდ მახსენდება. ასევე ძალიან ტკბილად მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები პოდიუმზე... მაგრამ მე შეუდარებლად მიმაჩნია ის პერიოდი, როცა დედა გავხდი.
- როდის არის ქალი ყველაზე მოდური?
- ყველაზე ლამაზი თუ გინდა ნახო ქალი, უნდა ნახო დილით, ახალი გაღვიძებული, უმაკიაჟოდ.
- რომელი ეპოქის მოდაა თქვენი ფავორიტი?
- ახლა, მაგალითად, 90-იანებია ძალიან მოდაში. მე, მაგალითად, რამდენიმე ეპოქა მომწონს: 30-იანები, 40-იანები, 70-იანები... თუნდაც 90-იანები, ჩემს ბავშვობასთანაა ასოცირებული. ერთს ვერ გამოვყოფ, ძალიან მომწონს ბევრი.
- რა განსხვავებაა მოდურობასა და გემოვნებას შორის?
- როგორც უკვე გითხარით, მოდა არის სტილი. ეს მარტო ჩემი ნათქვამი არ არის, ასევე ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა მოღვაწემ, კოკო შანელმა თქვა. მოდას თავად ქმნი. შეიძლება ადამიანი ძალიან მოდურად იყოს ჩაცმული, მაგრამ სასაცილოდ გამოიყურებოდეს. მთავარია, გაგაჩნდეს შინაგანი სტილი.
გემოვნება მარტო ტანსაცმელი არაა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი აღზარდო გემოვნებიანად, გემოვნებიან პროდუქციაზე. კარგი ფილმი, კარგი მუსიკა, დახვეწილი ტანსაცმელი, კარგ სპექტაკლებზე, წიგნებზე... თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ ადამიანმა ბავშვობიდან ყველაფერი უნდა ნახოს და საბოლოოდ თავად გადაწყვიტოს, რა არის კარგი და რა - ცუდი.
- რომ არა კაცები, ქალი თუ აჰყვებოდა მოდას?
- ნორმალური ქალი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეპრანჭება.
- რომელია თქვენი საყვარელი ფერი?
- ზოგადად, ფერები ძალიან მიყვარს, თითქმის ყველა ფერი მომწონს, ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც... მაგრამ ხაზგასმით თეთრისა და შავის გამოყოფა შემიძლია.
- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად, 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში?
- ეს არის ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი.
- მოითხოვს თუ არა სილამაზე მსხვერპლს?
- რა თქმა უნდა.
- მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ თავს თუ კედებში?
- გააჩნია სიტუაციას, ისე, ძალიან მიყვარს „შლოპანცი“.
- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი?
- ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაქვს, რომელიც სულ მიკეთია და ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, მომწონს სამაჯურები, ბეჭდები, სათვალეები, ფეხის სამაჯურები, გრძელი და მოკლე საყურეები. ყურზე 7 საყურე მიკეთია. ასევე მაქვს ძალიან ბევრი სათვალე და არასდროს მბეზრდება ახლის ყიდვა. მათ შორის ერთი გამორჩეულად მიყვარს.
- რა არის თქვენთვის სილამაზის ფორმულა?
- არაფერი ისეთი, უნდა იყოთ კარგ ხასიათზე, იფიქროთ სიკეთეზე... ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო კარგ განწყობაზე, ლაღები და ბედნიერები იცხოვრებთ, მით უფრო ლამაზები იქნებით. ნეგატივი მოიშორეთ, გიყვარდეთ და გიხაროდეთ ყველაფერი.
მერიემ კაკაურიძე