ნიუ-იორკში 15 წელი ვცხოვრობდი და იქ დამეუფლა განცდა, რომ მე არ ვარ მხოლოდ ამერიკის მოქალაქე
დალი ჩიტალაძე: "მსურს მასა გავაფერადო"
"დაბალმა და მსუქანმა ქალბატონმა შეიძლება ისე ჩაიცვას სპორტული ტანსაცმელი, რომ ძალიანაც მოუხდეს. ჯინსები არსებობს სხვადასხვანაირი სტილის: თავისუფალი, გამოყვანილი და ასე შემდეგ"... - ამბობს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, რომელსაც სურს, თბილისი რაც შეიძლება ფერადი გახადოს...
- ბავშვობაში რომელი მწერლები და წიგნები იყო თქვენთვის ყველაზე საყვარელი?
- ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა: "ტომ სოიერის თავგადასავალი", "ბიძია თომას ქოხი", "კარლსონი, რომელიც ცხოვრობს სახურავზე"... ვიდრე მულტფილმი "კარლსონი" პოპულარული გახდებოდა, მანამდე დედა გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას ამ წიგნს და ძალიან შეგვიყვარდა ეს პერსონაჟი. თბილად მახსენდება ის პერიოდი, დედა წიგნს რომ კითხულობდა და ჩვენ სიცილით ვკვდებოდით... როცა წამოვიზარდე, რომანების კითხვა ჩუმად დავიწყე. ემილ ზოლასა და ონორე დე ბალზაკის რომანები განსაკუთრებით მიზიდავდა. აკრძალული ლიტერატურა იყო ჩვენთვის. დედამ რომ მითხრა, - ჯერ პატარა ხარ და ვერ გაიგებო, უფრო დამაინტერესა. ღამით, ჩუმად ვკითხულობდი, რომ არავის გაეგო. რაც აკრძალულია, ის ბავშვისთვის უფრო საინტერესოა.
- რომელი ქვეყნებია თქვენთვის სამოგზაუროდ უფრო მიმზიდველი - მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?
- ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ: იმდენი შესაძლებლობა მქონდეს, რომ აუცილებლად მოვიარო ის ქვეყნები, რომლების ნახვაც ძალიან მინდა... უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. საერთოდ, კოსმოპოლიტანი ვარ და ვთვლი, რომ პლანეტის მოქალაქე უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი სამშობლო! ნიუ-იორკში 15 წელი ვცხოვრობდი და იქ დამეუფლა განცდა, რომ მე არ ვარ მხოლოდ ამერიკის მოქალაქე (ორმაგი მოქალაქეობა მაქვს - ამერიკის და საქართველოსი), მინდა ვიყო პლანეტის მოქალაქე. ჩვენ უნდა გვიყვარდეს დედამიწა! ერთხელ თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოვხტი. საოცარია დედამიწის მიზიდულობის ძალა! ზევით ხომ ძალიან ცივა და რომ ეშვები, გრძნობ დედამიწის სითბოს. ეს სასწაული განცდაა! ძალიან ბევრი და კარგი მოგონება მაქვს მოგზაურობიდან და ამიტომაც მინდა, კიდევ ბევრი ადგილი ვნახო!
- ცოტა ქართველს თუ უცხოვრია 15 წელი ნიუ-იორკში, მით უმეტეს, თქვენ იქ მოდის სფეროში მუშაობდით... როგორია თქვენი თვალით დანახული ნიუ-იორკი?
- მე ვთვლი, რომ ადრე რომი იყო მსოფლიოს დედაქალაქი, მაგრამ ახლა - ნიუ-იორკია... ეს არის ევროპისა და მთელი მსოფლიოს კულტურის ნაზავი, მთელი მსოფლიოდან ჩასული ხალხის ქალაქი! ამიტომ ვამბობ, რომ ნიუ-იორკში ცხოვრებამ მომცა ეს განცდა, რომ პლანეტის მოქალაქე ვარ. ნიუ-იორკი სხვა ცნებაა, ეს არ არის ამერიკა! ეს ოცდამეორე საუკუნის ქალაქია! ერთ ნახევარსფეროში ნიუ-იორკია და მეორეში - ტოკიო! ძალიან მინდა ტოკიოს ნახვაც...
- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება გემოვნებიანი მცხოვრებლების თვალსაზრისით?
- ნამყოფი ვარ შემდეგ ქვეყნებში: ამერიკა, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, რუსეთი, სომხეთი... საერთოდ, ძალიან მიყვარს სიძველე. ისტორიული ქალაქები მიყვარს. სხვათა შორის, ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა. ახლაც ფილმები უფრო მეტად, ისტორიული ჟანრის მიყვარს - ხელოვნების ისტორია, დედამიწის ისტორია ძალიან მაინტერესებს. მჯერა ფანტასტიკის. ჟიულ ვერნმა რაც დაწერა საუკუნეების წინ, ხომ ყველაფერი ახდა?! რაც შეეხება მოვლილ და გემოვნებით გამორჩეულ ხალხს, თავის მოვლა ყველგან ერთნაირია. მიყრუებულ სოფელშიც რომ იცხოვროს ადამიანმა, იქაც მოახერხებს თავის მოვლას, თუკი ამის სურვილი ექნება... გემოვნებით კი პარიზსა და ნიუ-იორკში ძალიან საინტერესოდ ჩაცმულები დადიან. ნიუ-იორკში თავისებური სტილი აქვთ - კომფორტული და ამასთანავე, ძალიან ელეგანტური. ჩემი საყვარელი დიზაინერია ამერიკელი რალფ ლორენი. სწორედ მას აქვს ასეთი სამოსი შექმნილი. ასევეა კელვინ კლაინიც... განსაკუთრებული გემოვნებით ჩაცმულები დადიან პარიზში, მილანში, ლონდონში... რომ შეხედავ, მიხვდები კიდეც, ვინ პარიზელია, ვინ მილანიდან და ვინ - ლონდონიდან...
- როგორ უნდა იმოსებოდეს ქალი, ყოველთვის სწორად რომ ეცვას?
- ჩემი დევიზია, რომ ყველა ქალმა უნდა მოირგოს ყველანაირი სტილი! ერთ სტილში თუ გაცვია, საინტერესო არ ხარ!... მაგალითად, დღეს მთელი დღე საყიდლებზე ვიყავი და "სთრით სთაილი" (ქუჩის სტილი) უნდა მცმოდა, ანუ კომფორტული და თან, ელეგანტური. შენი გემოვნება უნდა აჩვენო, როგორ ააწყობ საკუთარ "ქუჩის სტილს". როგორ ხასიათზეც ვარ, ისე ვიცვამ... საქმიან მოლაპარაკებაზე სხვანაირი ჩაცმული წავალ, წვეულებაზე - სხვანაირი და ოპერაში - სრულიად განსხვავებული. რადგან მოდის ექსპერტი ვარ, ყველას მოვუწოდებ, რომ სცადონ და ყველანაირი სტილი მოიხდინონ! არასწორი გამოთქმაა, - მე ეს სტილი არ მიხდებაო! რას ნიშნავს, არ გიხდება? - სწორად თუ ჩაიცვამ, აუცილებლად მოგიხდება!
- დაბალ და მსუქან ქალბატონს სპორტული ტანსაცმელი მოუხდება?
- დიახ! დაბალმა და მსუქანმა ქალბატონმაც შეიძლება ისე ჩაიცვას სპორტული ტანსაცმელი, რომ ძალიანაც მოუხდეს. უკაცრავად, მაგრამ მე არ ვამტკიცებ, რომ ას კილოზე მეტი წონის მქონე ქალბატონი უპრობლემოდ მოირგებს სპორტულ სამოსს. კარგად გამიგეთ, ჯერ უმთავრესია ჯანსაღი ცხოვრების წესი! თავის მოვლა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება! ზოგჯერ ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც ჰორმონული დარღვევები აქვთ და აუცილებლად უნდა მიხედონ თავს! როცა ჯანმრთელი ხარ, მაშინ გინდა, კარგად გეცვას და ლამაზად გამოიყურებოდე!