პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ახალი პერსონაჟები თითქმის ყოველ სერიაში ჩნდებიან.
ამჯერად, დოშკა ოჩიგავაზე შევჩერდებით, რომელიც კვაზი მანტკავას საცოლედ შეურჩიეს, მაგრამ ოჩიგავებთან ხელის სათხოვნელად მისული სასიძო შინაბერა დოშკამ უარით გაისტუმრა, რის გამოც გავლენიანი ბიზნესმენის განრისხება დაიმსახურა...
დოშკას როლს მსახიობი ნანა შონია ასრულებს. მისი ნამუშევარი მაყურებელმა უკვე მოიწონა. რას ფიქრობს ნანა შონია საკუთარ პერსონაჟზე და რა დაეხმარა მას დოშკას როლის შექმნაში, ამაზე თავად გვესაუბრება.
"როდესაც სცენარი წავიკითხე და ჩემს გმირს გავყევი, გამართული ხაზი იყო. მსახიობისთვის მნიშვნელობა აქვს, როდესაც პერსონაჟი საშუალებას იძლევა, მასში რაღაც შენი ჩადო. ეს სცენარისტის დამსახურებაცაა, ის მიმართულებას გაძლევს, შესაბამისი პერსონაჟი შეიქმნას. მოკლედ, ამ როლზე მუშაობა მომინდა. გამახსენდა კლასიკური პერსონაჟებიც, რაღაც სიტუაციები, დავით კლდიაშვილიც და ამ ყველაფერმა კიდევ მეტად მომხიბლა, რომ საშუალება მქონდა, ყველაფრისთვის ხორცი შემესხა. პედაგოგების ოჯახში გავიზარდე - დედა და და პედაგოგები არიან. ამიტომ ჩემი როლისთვის გარკვეულ უნარ-ჩვევებს ალბათ ეს უნებლიე გავლენაც განაპირობებს, რაშიც მთელი ცხოვრება ვტრიალებ", - გვეუბნება ნანა შონია.
მას მერე, რაც მსახიობმა სახე შექმნა, ამბობს, რომ მისი პერსონაჟი პრინციპული, საკმაოდ ჯიუტი ხასიათით გამოირჩევა, თუმცა გარდა სიჯიუტისა, აქვს ლავირების უნარიც, ხოლო როგორ განვითარდება გმირის ბედი, წინასწარ არ იტყვის - ისე, რეალურად არც იცის. "დოშკა მე არ მგავს, მაგრამ ჩემი პრინციპები მეც მაქვს", - აღნიშნავს ნანა შონია.
გაგრძელება