ბოლო დროს ლალი მოროშკინა ქართული ტელეგადაცემების არცთუ ისე ხშირი სტუმარია. შეიძლება ითქვას, რომ მან ცხოვრების ამ ეტაპზე შოუბიზნესი პოლიტოლოგიითა და სოციალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელებით ჩაანაცვლა.
მან ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ქუთაისში განახორციელა და გასართობი პაბი გახსნა. უახლოეს გეგმებსა და თავისი თვალით დანახულ ქუთაისზე მოროშკინა marao.ge-ს ესაუბრა:
- ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. 25 იანვარს დიდი ხნით საფრანგეთსა და შვეიცარიაში ჩემს დებთან მივდივარ. ჩემი სიძე ჟენევაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირია და ერთად საინტერესო სოციალურ პროექტზე ვმუშაობთ.
ასევე, აქტიურად ვმონაწილეობ პოლიტოლოგის რანგში რუსეთის დიდ თოქ-შოუებში, რაც სრულად აკმაყოფილებს ჩემს პოლიტიკურ ამბიციებს.
ლალი მოროშკინა ძმასთან ერთად
- ქუთაისის გასართობი პაბი როგორ აეწყო, გაგიმართლათ მოლოდინები?
- პროექტი შედგა. გაცოცხლდა ისტორიული შენობა - "ლომებიანი სახლი", რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის ობიექტი იყო და შუაგულ ქალაქში საკმაოდ არაპრეზენტაბელურად გამოიყურებოდა. ახალგაზრდებთან ერთად გავწმინდეთ, გავარემონტეთ და ახალი სახე მივეცით. მინდა გითხრათ, რომ დასავლეთ საქართველომ ევროპული ტიპის კლუბური ცხოვრება მიიღო.
"ლე გარაჟის" ერთ-ერთ სართულზე გაიხსნა ცნობილი ქუთაისელი მხატვრების გალერეა. მოეწყო პოეზიის საღამო და გაიმართა საახალწლო ღონისძიებები. ჩვენი ხშირი სტუმრები არიან ესპანელები, გერმანელები და პოლონელები.
ეს იყო ექსპერიმენტული პროექტი რეგიონებში ახალგაზრდების სხვადასხვა სახის პროექტში ჩაბმის ხელშეწყობის მიზნით, რამაც პრესტიჟულ დაჯილდოებებზე - "წლის ბრენდი" და "ბიზნეს დაჯილდოება" ორი ჯილდო მომიტანა.
ანალოგიურ პროექტს სხვა რეგიონშიც სიამოვნებით განვახორციელებდი, თუმცა უახლოესი ნახევარი წელი ევროპაში ვიქნები.
- როგორია თქვენი თვალით დანახული ქუთაისი?..
- ქუთაისი, როგორც გაპრანჭული ქალბატონი, სულ ფორმაშია, მაგრამ თუ წინდაზე თვალი წაუვიდა, ხასიათი უფუჭდება. გამოსავალი კი მარტივია! სათადარიგო წინდა და ფორმაში დაბრუნება. მინდა, ქუთაისელები იმას იღებდნენ, რისი დიდი სურვილიც აქვთ. სხვათა შორის, საოცარი ახალგაზრდობა მოდის - ლამაზი, ჭკვიანი და კრეატიული. ჩემს მეგობრებს ვეუბნები, რომ შვილებმა "გადაუჯოკრეს". ვივა ახალგაზრდული ქუთაისი!
- თქვენს პირად ცხოვრებაში რაიმე ახალს ხომ არ უნდა ველოდეთ?
- პირად ცხოვრებაში ახალი შვილიშვილია და კვლავაც ველი პაწაწუნებს!
მარიამ ელიაშვილი