საპიოსექსუალი ნიშნავს ადამიანს, რომელიც გონებრივ მონაცემებს, ინტელექტუალურ კოეფიციენტს აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას პარტნიორში. ზოგისთვის ალოგიკურია, მოიხიბლო ინტელექტით, ზოგისთვის კი ეს სრულიად ბუნებრივია. იცოდით, რომ გიორგი სუხიტაშვილი სწორედ ინტელექტს აყენებს უპირველეს ადგილზე ქალის შეფასების დროს?
- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალში?
- არ აქვს მნიშვნელობა, ქალში თუ კაცში, ზოგადად, ადამიანში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინტელექტი.
- რა გაღიზიანებთ ქალში?
- რაც არის ინტელექტის ანტონიმი, უინტელექტობა.
- ამბობენ, რომ ზოგიერთ მამაკაცს ჭკვიანი და ძლიერი ქალები აშინებს. რას ფიქრობთ ამაზე?
- ჭკვიან და ძლიერ ქალთან ურთიერთობის სუსტსა და უტვინოს შეეშინდება მხოლოდ.
- თქვენთვის რით განისაზღვრება ქალის პატიოსნება?
- პირველ რიგში, მაგ სიტყვას ღირსებით ჩავანაცვლებ. ღირსება ბევრად უკეთესი სიტყვაა. პატიოსნებას თითქოს განმარტება არ აქვს. რაც დრო გადის, უფრო მიჭირს გავიგო, რას ნიშნავს ეს სიტყვა. მე ვთვლი, რომ ადამიანი ღირსეული უნდა იყოს, ღირსება კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისადმი სიყვარულით განისაზღვრება. საკუთარი თავისადმი სიყვარული სხვების აზრის უგულებელყოფას არ ნიშნავს. ზოგადად, ვთვლი, რომ რთულია თქვა, ერთი კუთხით ადამიანი თუნდაც, ღირსეულია თუ არა. უამრავი კომპონენტი არსებობს, ოჯახის სიყვარული, მეგობრების სიყვარული, კომპრომისებზე წასვლის უნარი, პატიების უნარი და ა.შ. ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ მაქვს.
- დაალაგეთ შემდეგი კომპონენტები თქვენთვის პრიორიტეტულის მიხედვით:
ა) ინტელექტი
ბ) ვიზუალი
გ) იუმორი
დ) ხასიათი
- გააჩნია სიტუაციას, მაგრამ მაინც: ა) ინტელექტი; ინტელექტთან პირდაპირ კავშირშია იუმორი, რადგან ვისაც აქვს ეს უკანასკნელი, შინაგანი ინტელექტიც ყოველთვის აქვს, აუცილებელი არაა მთელი ბიბლიოთეკა ჰქონდეს ადამიანს გადაკითხული ან მოსიარულე ვიკიპედია იყოს, მაგრამ შინაგანი ინტელექტი და ზოგადი განათლება უმნიშვნელოვანესია. ასე რომ, ბ) იუმორი, გ) ხასიათი და დ) ვიზუალი.
-პირველ ეტაპზე, როდესაც ქალს ხედავთ, ხომ არ ჩანს, აქვს თუ არა ბიბლიოთეკა გადაკითხული ან ინტელექტის კოეფიციენტი? პირველ რიგში, ხედავ ვიზუალს... ასე არაა?
- ამიტომაც აღვნიშნე თავდაპირველად, გააჩნია რა გარემოში ხდება-მეთქი. კლუბში, ბიბლიოთეკაში, მეგობრების გარემოცვაში, ქუჩაში თუ სად. კლუბში თუ ხდება, საერთოდ სხვა მახასიათებლები შეიძლება ჰქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია განწყობა, რა განწყობით ვარ სახლიდან გამოსული. საშოპინგოდ წასულს სხვანაირი განწყობა მაქვს, კლუბში სხვაგვარად აღვიქვამ. კოსმეტოლოგთან როცა მიდიხარ, უკვირდები, რამდენად მოწესრიგებულია; ფიტნესკლუბში ყურადღებას აქცევ, მწვრთნელი როგორ ფორმაშია და ა.შ.
- აქტიური გოგონები უფრო გხიბლავთ თუ მშვიდი ხასიათის?
- ესეც ვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა რეცეპტების რახარუხი ჩემგან არასწორი იქნება. შესაძლოა, ერთ დღეს ისეთ ადამიანთან იგრძნო თავი კომფორტულად, რომელთანაც ვერასდროს წარმოიდგენდი, ოდესმე საერთოს თუ ნახავდი.
- ფემინისტ ქალებზე რა აზრის ხართ?
- მე მგონია, რომ ჯერ თვითონ უნდა გაიგონ კარგად ამის მნიშვნელობა. ყველას არ ეხება, თუმცა უმრავლესობას რომ ვაკვირდები, ვფიქრობ, თვითონ არ იციან ამის მნიშვნელობა. ისინი არ უყურებენ ფემინიზმს, როგორც საპირისპირო სქესზე უარის თქმას. რატომღაც ყველას ერთ ქვაბში ჩაყრის პრინციპი აქვთ და მე ეს არ მომწონს. შეიძლება ვცდები...
- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ კაცისთვის ყოველთვის სასურველი დარჩეს?
- მრავალფეროვანი უნდა იყოს. ყოველი დღე ერთმანეთს არ უნდა დაამსგავსოს, უნდა ვითარდებოდეს. პროგრესი არ უნდა შეაჩეროს.
- რას ვერ აპატიებთ საყვარელ ქალს?
- ალბათ, უნდობლობას. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები როცა ერთმანეთს შორდებიან, ერთ მიზეზს აბრალებენ ყველაფერს, მაგრამ რა მოხდა მანამდე, ამას არავინ განიხილავს.
როგორც კი რაღაცის რღვევა დაიწყება, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილო. ორივე მხარე უნდა ეცადოს ურთიერთობაში, რომ ნდობა შეინარჩუნოს. ვფიქრობ, ვერც იმას ვაპატიებ, რომ ნდობა დამაკარგვინოს, სიტყვას გადავიდეს. როცა ადამიანს სიტყვას აძლევ, რაღაცას ჰპირდები, ეს დაპირება არ უნდა გატეხო.
- საჭიროების შემთხვევაში, რისი დათმობა შეგიძლიათ საყვარელი ქალის გამო?
- გააჩნია რა ხდება, გააჩნია რისთვის. თუ ადამიანი დაგაყენებს გამოცდის წინაშე, არაფერი არ უნდა დათმო, მაგრამ თუ საჭიროა, ყველაფერს დავთმობ, ალბათ.
- ქალის #1 ვალდებულება რა არის, თქვენი აზრით?
- მე ასე არ დავყოფ, რა შუაშია ქალი?! ეს სქესის დისკრიმინაციაა. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ვალდებულებები, მაგრამ კონკრეტულად ქალის ვალდებულება არ არსებობს.
მერიემ კაკაურიძე
"ვერასდროს ვიურთიერთებ გოგოსთან, რომელსაც..." - რა აღიზიანებს და რა მოსწონს ქალში "სანის"