72-ე საჯარო სკოლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა კათედრამ აიღო ვალდებუბლება რაიმე სახით ჩართულიყო სკოლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულში.
დაწყებითი კლასების კათედრამ სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა, რისთვისაც მასწავლებლებმა დაუღალავად იშრომეს და 13 აპრილს, არტ-ჰოლში პრემიერამაც წარმატებით ჩაიარა. მუშაობის პროცესსა და შთაბეჭდილებებზე marao-ge-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, პედაგოგი ნაირა ნატროშვილი ესაუბრა:
- როგორ შეხვნენენ თქვენი მოსწავლეები და მათი მშობლები პედაგოგთა გადაწყვეტილებას?
- მშობლებსა და მოსწავლეებში დიდი ინტერსი გამოიწვია, აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენს ღონისძიებაში. ყველა მათგანი მოუთმენლად ელოდა სპექტაკლის პრემიერას და მათი პედაგოგების მსახიობის როლში ნახვას.
- რამდენად რთული და საინტერესო იყო მუშაობის პროცესი?
-საერთოდ პედაგოგები გარკვეულწილად არიან მსახიობებიც და რეჟისორებიც. ეს იყო ერთგვარი თერაპია, საერთოდ არ იყო რთული, თუ გავითვალისწინებთ მონაწილეთა ასაკობრივ სხვაობას, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მაინც ვახერხებდით გვევლო რეპეტიციებზე და დაგვეხარჯა ენერგიის მაქსიმუმი. რეალურია ისიც, რომ სწავლის პროცესში არ გვაქვს ერთმანეთის ხშირად ნახვის ფუფუნება, ამ სპექტაკლმა და რეპეტიციებმა ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო და დაგვანახა ერთმანეთის დადებითი მხარეები.
-რის შესახებაა სპექტაკლი და რა არის მისი მთავარი სათქმელი?
-სპექტაკლი არის „ბერნარდა ალბას სახლის" მიხედვით და იგი ქალის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს. რადგან გვინდოდა სპექტაკლი პროფესიონალურ დონეზე გვეთამაშა და სცენა ყოფილიყო ისეთივე, როგორც მაღალი დონის თეატრებშია, ამისათვის დახმარება ვთხოვეთ ახალგაზრდა, ნიჭიერ და წარმატებულ რეჟისორს, კიაზო ჯობავას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა და განუსაზღვრელი ენერგია დახარჯა იმისათვის, რომ პედაგოგებისათვის ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარი გამხდარიყო და სცენაზე ვმდგარიყავით შემდგარი მსახიობები. სპექტაკლის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ყველა ქალი განსხვავებულია თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, მაგრამ ყველა მათგანი უნიკალურია განუსაზღვრელი შესაძლებლობებით.
- პრემიერამ როგორ ჩაიარა?
- ვფიქრობთ, პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ყველა გაოცებული დარჩა... პედაგოგოები სცენაზე და ასე პროფესიონალურ დონეზე...
მარიამ ელიაშვილი