ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ Instagram-სა და Youtube-ს ბევრი მომხმარებელი მოემატა და საქართველოში ამ ქსელების პოპულარულობაც გაიზარდა. თუ Instagram-ს გადახედავთ, შეატყობთ, რომ ინფლუენსერები, ბლოგერები და იუთუბერები ჩვენს ქვეყანაში უკვე არც ისე ცოტანი არიან. სულ ცოტა ხნის წინ 21 წლის ინფლუენსერმა და მოდის ბლოგერმა გიგა უჩუვატოვმა ქართველი მაყურებლისთვის Youtube-ზე ახალი, პირველი ქართული რეალითი-შოუ შექმნა, სადაც ქართველი ბლოგერები და ინფლუენსერები მაყურებელს სრულიად სხვა თვალით დაანახა.
„ბლოგერ შოუ“ - ასე უწოდა გიგამ ახალ იდეას, რომელიც სოციალურ ქსელებში მალევე გახდა პოპულარული. ახალ წამოწყებაზე გიგას ვესაუბრეთ:
- „ბლოგერ შოუში“ სოციალურ მედიაში აქტიური და გავლენიანი ადამიანები მონაწილეობენ, ისინი, ვისაც ბევრი გულშემატკივარი და გამომწერი ჰყავს. შოუ იუმორისტულ-სატირული ჟანრის არის და პერიოდულად პატარა სკანდალები იჩენს თავს, რითიც „ბლოგერ შოუ“ მეტად ემსგავსება რეალითი-შოუს სტილს. პირველი ეპიზოდი 5 თვის წინ დავდეთ და უკვე 80-დან 320-მდე მაყურებელი გვყავს. ამ ეტაპზე შოუს 12 სერიაა გამოსული.
საიდან გაგიჩნდა „ბლოგერ შოუს“ დაწყების იდეა?
- მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამზე" აქტიურად დავიწყე გამოჩენა და ჩემი აუდიტორიაც გაიზარდა, ბევრი ქართველი ბლოგერი გავიცანი. ბლოგერები სულ ვკითხულობდით ერთმანეთს, ვაქტიურობდით და ხშირად გვიწევდა ერთ სივრცეში ტრიალი, სხვადასხვა ადგილას წასვლა. ერთხელაც დავფიქრდი, რა კარგი იქნებოდა, ამდენი ბლოგერი და ინფლუენსერი ვინმეს ერთად გადაეღო და ეს იდეაც გაჩნდა.
როდესაც“ბლოგერ შოუს“ გადაღებები დავიწყეთ, მაშინ ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, პანდემიის პერიოდის შემდეგ სიტუაცია ყველგან პასიური იყო. ამ პერიოდში ზუსტად ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა ჩემი გადაცემა, რომელიც საზოგადოებას გამოაცოცხლებდა. შოუს ინსპირაცია კარდაშიანებისა და ჰილტონების ცნობილი შოუები იყო, თუმცა ჩემი იდეა დაიხვეწა და სხვა სახე მიიღო. თავიდან მსურდა, „ბლოგერ შოუს“ მუდმივი წევრები ჰყოლოდა, თუმცა ეს სტილიც შევცვალე.
რა პრინციპით ირჩევა შოუს მომავალი სტუმრების სია?
- შოუს გადაღებამდე ხალხის მოთხოვნების მიხედვით ვარჩევ, ვინ იქნება შემდეგ ეპიზოდში. ხშირია სხვადასხვა სახეზე მოთხოვნა, თუმცა ბოლო სერიებში ლიზა ყენია, ანი ჩხეიძე და თათია თექთურმანიძე მყავდა, რადგან მე თვითონ მსიამოვნებს ამ გოგონებთან მუშაობა, საინტერესო ადამიანები არიან და მაყურებელსაც უყვარს ისინი. ჩვენი მაყურებელი ხშირად გვთხოვს ანი ლოლაძისა და ანი ჯავახის გამოჩენას, ისინიც უყვარს ხალხს.
ელოდი ამხელა გამოხმაურებას?
- პირველი გადაცემის შემდეგ არც მიფიქრია, თუ ხალხს ასე მოეწონებოდა ჩემი იდეა. მეორე დილით შოუს უკვე 20-30 ათასი ნახვა ჰქონდა და ბევრი თბილი კომენტარიც დამხვდა. სანამ შოუს გადავიღებდი, სოციალურ ქსელში საერთო ჩათი შევქმენი და ყველა ბლოგერი დავამატე. შემდეგ ყველას ვუთხარი, თუ რა იდეა მქონდა და ვკითხე, რას ფიქრობდნენ ამაზე. თავიდან სკეპტიკოსები გამოხტნენ, თითქოს ძალიან რთული იქნებოდა შოუს შექმნა და ვერ შევძლებდი, თუმცა ზოდიაქოთი კურო ვარ და რასაც მიზნად დავისახავ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ამიტომ ერთი ოპერატორით, რისთვისაც ირაკლი კიკვიძის მადლობელი ვარ, პირველი ეპიზოდი გადავიღეთ. როგორც კი რეიტინგი და ბევრი ნახვა დააგროვა შოუმ, ის სკეპტიკოსებიც დამთანხმდნენ შემდეგ ნაწილში მონაწილეობაზე. არ სჯეროდა ბევრ, მაგრამ "ბლოგერ შოუ" შედგა.
შენი მოლოდინები თუ გაამართლა „ბლოგერ შოუმ“ და ახლა რა ეტაპზეა გადაღებები?
- შოუმ მოლოდინებს გადააჭარბა. ჩემთვის Youtube ძალიან რთული პლათფორმა იყო, არ მეგონა, რომ მარტო შევძლებდი, თუმცა, როგორც ჩანს, გამოვიდა. ყველა იმ მონაწილის მადლობელი ვარ, ვინც თითოეულ ეპიზოდში გამოჩნდა. ყველა უსასყიდლოდ იხარჯებოდა იმისთვის, რომ გადაცემა კარგი გამოსულიყო.
ახლა „ბლოგერ შოუს“ უფრო მეტი გართობა და სხვადასხვა გამოწვევა დაემატა, უფრო მეტად სპორტული და სახალისოა. ამ ეტაპზე, პანდემიიდან გამომდინარე, ყველა წესის დაცვით ვიღებთ ეპიზოდებს. ახალ წამდე გამორჩეულს არაფერს გპირდებით, თუმცა საახალწლო ეპიზოდი ძალიან გრანდიოზული იქნება.
ბოლო შეკითხვა, რატომ უნდა ვუყუროთ „ბლოგერ შოუს“?
- დღეს ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება და შესაბამისად, ეს შოუ კარგი გართობის საშუალებაა, გემოვნების მიხედვით. ვისაც ეს სტილი აინტერესებს, უნდა გვიყურონ და თან პირველი რეალითი-შოუა, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს.