ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრი ინფლუენსერი გამოჩნდა, ინფლუენსერები სოციალურ მედიაში გავლენიანი ადამიანები არიან, რომელთა მეშვეობით სხვადასხვა საინტერესო სიახლეს, რეკლამასა და შეთავაზებას იღებს ხალხი. "ინსტაგრამს" თუ გადაავლებთ თვალს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში წარმატებული ინფლუენსერები ნამდვილად გვყავს. 21 წლის გიგა უჩუვატოვი მოდის ბლოგერი და ამასთანავე, წარმატებული ინფლუენსერია. მან კარანტინის პერიოდში საზოგადოებას თავი ლაივ რუბრიკით გააცნო, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე საუბრობდა. გიგას ინფლუენსერობასა და წარმატების ფორმულაზე ვესაუბრეთ:
- ჩემი კარიერა 14 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც მუშაობა Musicbox-ში დავიწყე. ვთვლი, რომ ეს პირველი წარმატება იყო ჩემს სფეროში. შემდეგ ბევრი სფერო გამოვიცვალე, სამოდელო სააგენტოები, სარეკლამო კომპანიები და სხვა. ვწერდი ჟურნალ "ნარგიზში" და ვმუშაობდი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. ამასთანავე, ვანვითარებდი ჩემს ბლოგს, რომელიც ონლაინჟურნალად გადავაკეთე და დღეს პირველი ქართული ბლოგია მოდის სფეროში. როგორც ბლოგერი, ცნობილი ჩემი ბლოგის მეშვეობით გავხდი. რაც შეეხება ინფლუენსერობას, კარანტინის დაწყების შემდეგ საზოგადოებას ლაივ-რუბრიკის მეშვეობით გავეცანი. "ინსტაგრამზე" ვესაუბრებოდი სხვადასხვა ცნობილ ადამიანს. ამ რუბრიკით 10 000-მდე გამომწერი მომემატა და ჩემი "ინსტაგრამიც" უფრო გააქტიურდა.
მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ონლაინჟურნალი ვარ, რომელსაც რაღაცის გამო იწერენ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ გამომწერზე. ვცდილობ, არავინ მოვატყუო და ცუდ რამეს არ გავუწიო პროპაგანდა.
თუ უნდათ, რომ ბევრი გამომწერი ჰყავდეთ, მაქსიმალურად ისეთი თემა უნდა აარჩიონ, რაც მოთხოვნადია, მაგალითად, მოდა, სილამაზის სფერო და სხვა. ასევე, მომავალი ინფლუენსერები უნდა დააკვირდნენ სურათების სინთეზს. ამბობენ, რომ თუ ერთ ფერში არის სურათები, უფრო მეტად იწერს მას ხალხი. აუცილებელია, რომ თქვენი გამომწერები გათამაშებებით, საინტერესო ამბებით გააანებივროთ და მუდმივი კონტაქტის შექმნა და გულწრფელობა ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია.