ინტერვიუ

„ჩემს სამზარეულოში შეფიც მე ვარ, შეგირდიც და დედოფალიც“ - ქართველი ემიგრანტის ნამუშევრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო

„ჩემს სამზარეულოში შეფიც მე ვარ, შეგირდიც და დედოფალიც“ - ქართველი ემიგრანტის ნამუშევრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ერთი საოცარი ჯგუფი "რეცეპტორი" არსებობს, სადაც კულინარიის მოყვარული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ შედევრებს უზიარებენ. 28 წლის სოფო ბერუაშვილიც იქ გავიცანი. ქართველი ემიგრანტი გოგო უკვე 4 წელია იტალიაში ცხოვრობს. მან ბოლო პერიოდია ახალი საქმიანობა შეიძინა, კულინარიამ გაიტაცა და თავისი ნამუშევრებით ხალხიც გააოცა. სოფოს თავისი ისტორიის მოსასმენად იტალიაში დავუკავშირდით.

სოფო ბერუაშვილი: 

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, სამართლის ფაკულტეტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ახლა ცოტა ხნით ემიგრაციაში ვარ და მალე ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები. საკუთარ თავზე
საუბარი არ მიყვარს, თუმცა ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ პოზიტიური, ლაღი და მხიარული ვარ, უჟმურობა ჩემი საქმე არაა.

იტალიაში 4 წლის წინ, კონკრეტული მიზნების შესასრულებლად ჩამოვედი. მიზნებს სულ მალე მოვიყვან სისრულეში და საქართველოში დავბრუნდები. აქ ყოფნისას ჩემს თავში კულინარიის დიდი სიყვარული აღმოვაჩინე, თუმცა მხოლოდ ტკბილეულის და ლამაზი, გემრიელი საკვების გაკეთება მიყვარს. ცოტა წუნია ვარ და საჭმელი ვიზუალურად თუ არ მომეწონა, იმას არც ვაკეთებ და არც ვჭამ. ხომ გაგიგიათ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ჩემთვის ემიგრაცია საკუთარი თავის საპოვნელად საუკეთესო გზა აღმოჩნდა. დღეს ზუსტად ვიცი, თუ რა მინდა გავაკეთო მთელი დარჩენილი ცხოვრება და საკუთარ თავს შევპირდი, რომ საქართველოში საკონდიტრო განათლების გარეშე არ დავბრუნდები, საკუთარ თავთან დადებულ პირობებს კი ყოველთვის ვასრულებ.



- როდის დაიწყე ამ ლამაზი ნამუშევრების შექმნა?
- დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე ფოკაჩას გაკეთება. ფოკაჩა იტალიური პურია და მხოლოდ ბოსტნეულით მორთვის იდეით ვერ მოვიხიბლე. ამიტომ კეთების პროცესში გადავწყვიტე, მზესუმზირები დამეხატა. მოუხდა და პირველი შედევრიც გამოვიდა. შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამიზიარა გუსტავ კლიმტის "კოცნა" ასევე ფოკაჩაზე გაკეთებული და მომწერა, შემდეგს შენგან ამას ველიო. მე ვიუარე, არ მეგონა, თუ გამომივიდოდა, თუმცა ცდას რა ედგა წინ და გამოვიდა...



ამ ყველაფერმა აზარტში შესვლა იცის, სულ გინდა აკეთო და აკეთო. სამზარეულოში რომ ვარ, დროის შეგრძნება მეკარგება. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს სამზარეულოში შეფიც მე ვარ, შეგირდიც და დედოფალიც-მეთქი. ცხობა აქტიურად იტალიაში დავიწყე. საქართველოში ისეთი კულინარი და მყავს, მის ფონზე არავინ მაკარებდა სამზარეულოს, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

- შენს ნამუშევრებს საკამოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, ელოდი ასეთ შედეგს?
- სიმართლე რომ ვთქვათ, მცირედი იმედი მქონდა, რომ ხალხს მოეწონებოდა, რადგან მანამდე ჩემი ნამუშევრები სხვა კულინარიულ ჯგუფში დავდე და იქ საზოგადოებისგან უამრავი თბილი კომენტარი მივიღე. მაგრამ მეორეჯერ, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. ეს ყველა კომენტარი და მოწონება ჩემთვის ერთგვარი სტიმულია. რამდენიმე თვე ჩავარდნა მქონდა. ახლა ჩემი მუზები დამიბრუნდნენ. მიხაროდა, მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა და პოსტიც დავდე.



- ამ ნამუშევრების შექმნას დიდი დრო სჭირდება...
- დიახ, ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია და დიდი დრო სჭირდება. კლიმტზე ვიტყვი, ის პირველი და განსაკუთრებულია ჩემთვის. სანამ რაიმეს შევქმნი, ჯერ ნახატს ვაკვირდები კარგად, შემდეგ ვფიქრობ, რა, რომელი ინგრედიენტით შემიძლია გავაკეთო, ყველა დეტალს ცალ-ცალკე ვამუშავებ. მაგალითად, კლიმტის ნამუშევარში თმა ზეთისხილით გავაკეთე და საწრუპით სულ სათითაოდ გამოვჭერი, შემდეგ კი ფრთხილად ავაწყვე. ამ დროს შეცდომები არ უნდა დაუშვა, რადგან მერე ცომი ფუჭდება და ნახატიც სხვანაირი გამოდის.



- მოგვიყევი, როგორი იყო შენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც პირველი ნამუშევარი ნახეს?
- ჩემი ოჯახის და მეგობრების რეაქცია კარგად მახსოვს, გაოცებას ვერ მალავდნენ. პირველად კლიმტის სურათი ნახეს და ძალიან მოეწონათ. ახლა შეეგუენ და აღარ უკვირთ. ხშირად მეუბნებიან, ჩამოდი და ჩვენთვისაც გამოაცხვეო.

- როგორია შენი იტალიური ცხოვრება და როდის გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?
- ჩემი იტალიაში ცხოვრება ისეთივეა, როგორც ძირითადად ყველა ემიგრანტის - მუშაობა, მუშაობა და მუშაობა. მაგრამ კარგი ისაა, რომ ვცდილობ, სახლის პირობებშიც ბევრი რამ ვისწავლო, დავხვეწო. არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი გაკეთებულით, სულ მგონია, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. ნელ-ნელა უმჯობესდება ჩემი და "გემრიელობების"ურთიერთობა. ჯერჯერობით მხოლოდ "იუთუბი" მყავს მასწავლებლად, მაგრამ აქტიურად ვეძებ საკონდიტროს კურსებს, რომელიც ჩემს გრაფიკს მოერგება.



როგორც უკვე ვახსენე, იტალიაში კონკრეტული მიზნისთვის ვარ ჩამოსული, რომლის ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია და როგორც კი სისრულეში მოვიყვან ყველაფერს, ავიკრავ გუდა-ნაბადს და ჩემს საქართველოს, მზისა და ვარდების მხარეს დავუბრუნდები.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნელიკო
უდიდესი წარმატება ჩემს პოზიტიურ,კეთილ,ყურადღებიან და ნიჭიერ გოგონას ???? პ.ს.ჩემი დაბადების დღისთვის გამომცხვარი ულამაზესი და უგემრიელესი ტორტისთვის კი საჯარო მადლობა ????????
16:03 / 01-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ინგა დეიდა
ჩემო ჭკვიანო,მიზან დასახულო და პოზიტივო ყველაფერს შეძლებ,მალე აგისრულდება ყველა ნატვრა .მინდა ძალიან ბედნიერი იყო ????
15:54 / 01-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93