"დაგპირდით, რომ გიამბობდით დამარხული ტყუპის შესახებ. ვინაიდან ეს ისტორია შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მიქმნის უდიდეს ემოციურ ფონს. ამიტომ შევეცდები გადმოგცეთ ეპიზოდებად... იმერეთის ერთ-ერთ რაიონში დაიბადა ტყუპი და-ძმა. დედას ჯერ უთხრეს, ძნელად გადარჩებიანო, მერე კი აუწყეს, დღენაკლულები დაიღუპნენო. ვითომ ბავშვები დამარხეს და დედა ცარიელი გაუშვეს სახლში. არადა, სამშობიაროს შეკვეთა ჰქონდა გავლენიანი ოჯახიდან, რომ ბავშვის აყვანა სურდათ. ვინაიდან დედა დაარწმუნეს შვილების დაღუპვაში, ტყუპისცალი ბიჭი გადასცეს დამკვეთ ოჯახს, ხოლო გოგონა დარჩა საავადმყოფოში, მედპერსონალის ყურადღების და მოვლის ქვეშ. სამი თვის შემდეგ იმშობიარა ქალმა, რომელსაც ჰყავდა უშვილო მული და ეს დატოვებული ჩვილი გოგონა წაიყვანა.
ეს გოგონა მე ვარ!" - წერს სოციალურ ქსელში ქალბატონი ანჟელა არჩვაძე, რომელმაც მართალია, სიმართლე გაიგო და ხელში ჩავარდნილი ძაფის გორგალს ბოლომდე მიჰყვა, მაგრამ ამითაც ვერ მშვიდდება, რადგან ფიქრობს, რომ მას მოჰპარეს ყველაზე ძვირფასი რამ - ბავშვობის წლები, რომელიც თავისი დედმამიშვილების გვერდით უნდა გაეტარებინა.
- 3 თვის ვყოფილვარ, როცა მიშვილეს და მას შემდეგ ქუთაისში ვცხოვრობ. საუკეთესო ოჯახი და ბრწყინვალე დედ-მამა (გამზრდელები) მყავდა. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ ბედნიერად და კარგად მეგრძნო თავი. ძალიან მოსიყვარულე, თბილი, კეთილი და პატიოსანი ადამიანები იყვნენ. გამზრდელები არაფერს იშურებდნენ ჩემი კეთილდღეობისთვის. მეც ლაღი და ბედნიერი გახლდით, თუმცა... ყოველთვის მაკლდა სიმშვიდე, მუდამ ვეძებდი და ველოდი ვიღაცას; მუდამ ვგრძნობდი, რომ მეძებდნენ. მინდოდა ვიღაცას ჩავხუტებოდი, ვიღაცა მეტირებოდა, ვიღაც მენატრებოდა. ვიყავი ბედნიერი, მაგრამ უბედური; ყველაფრის მქონე, მაგრამ არაფრის პატრონი; სავსე, მაგრამ ცარიელი; მეოცნებე და იმედგაცრუებული.
საერთოდ, რაც მახსოვრობა მაქვს, იქიდანვე ვფიქრობდი, რომ სრულყოფილი არ ვიყავი და რაღაც მაკლდა. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვარ და სადღაც უსასრულობაში ჩემი ნაწილია.
ბავშვობაში რაიმეს რომ მიყიდიდნენ მშობლები, აუცილებლად ორი უნდა ყოფილიყო, ერთი არ მაკმაყოფილებდა და არც მომწონდა. თუმცა გამზრდელებიც ითვალისწინებდნენ ყოველივეს და სურვილს მისრულებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ტყუპისცალი ვიყავი და ეს ჩემი ერთგვარი ინტუიცია თუ აკვიატება გახლდათ. მოკლედ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჩუქრები თუ რაიმე ნივთი, ყველაფერი ორი უნდა მქონოდა.
- როგორ გაიგეთ, რომ მშობლებს აყვანილი ჰყავდით?
- 14 წლის ასაკში სკოლის მეგობარმა გოგონამ, თანაკლასელმა და მეზობელმა მითხრა, რომ რაღაც საიდუმლო იცოდა, მაგრამ ვერ მეტყოდა, რადგან არ შეიძლებოდა. ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი ეჭვი დადასტურებულიყო. თან, სანათესაოში ძალიან განსხვავებულად, ზედმეტად ყურადღებით მექცეოდნენ და ეს მიკვირდა, მით უმეტეს, რომ ირგვლივ ბევრი ჩემი თანატოლი იყო...
როცა გადავწყვიტე, რომ ჩემ შესახებ ყველაფერი უნდა მცოდნოდა და დრო იყო უკვე სიმართლის გაგების, მივადექი დაბადების ადგილს - სამშობიაროს, საბუთების მოსაძიებლად. იქ მითხრეს, საბუთები 7 წელი ინახებოდა და შემდეგ ცენტრალურ არქივში, თბილისში იგზავნებოდაო. ჩავედი თბილისში, რადგან მაშინ კომპიუტერი და ერთი თითის დაჭერით ყველაფრის ძიება ძალიან უცხო და მიუწვდომელი ფუფუნება იყო. ძლივს, ვაი-ვაგლახით და დიდი ბრძოლის შემდეგ მოვიპოვე დაბადების ისტორია, სადაც ეწერა დედის ვინაობა, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი უცვლელად - დღესაც ეს მაქვს. გავიგე, რომ დედას შეეძინა ორი ცოცხალი ნაყოფი, ქალ-ვაჟი. ისტორიაში არ იყო დაფიქსირებული რომელიმეს გარდაცვალება... რადგან ჩემი ვარაუდი დამტკიცდა, რომ ტყუპისცალი ვიყავი, გადავწყვიტე, პირველ რიგში, ძმა მეპოვა და ორივე ერთად მივსულიყავით ბიოლოგიურ დედასთან.გაგრძელება...