ნენე ახობაძე ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩინურ კულტურასა და ყოფას აქტიურად აცნობს ქართულ საზოგადოებას. ნენე 2015 წლიდან ჩინეთში სასწავლებლად წავიდა, დღემდე სწავლით და კვლევებით არის დაკავებული და ამავე დროს, მოდელობს კიდეც. როგორია ნენეს ჩინური ცხოვრება? - იხილეთ ინტერვიუ.
- პირველად ჩინეთში თსუ-ს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი და ვსწავლობდი ჩინურ ენასა და კულტურას, ავიღე ჩინური ენის სერტთიფიკატი, მერე ისევ დავბრუნდი საქართველოში და თსუ-ში სწავლის პარალელურად, ჩინური ენის თარჯიმნად ვმუშაობდი. შემდეგ ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე და უკვე მეორედ 2017-18 სასწავლო წლებში ჩამოვედი ჩინეთში, ჭეძიანგის კონგშანგის უნივერსიტეტში და ვსწავლობდი ბიზნესჩინურს უცხოელ სტუდენტებთან და ასევე, არაბულ ენას ჩინელ სტუდენტებთან ერთად. მაგისტრატურის გაგრძელება ჩინეთში მინდოდა, რათა შემესწავლა ჩინეთის ისტორია. ამჯერადაც მოვიპოვე დაფინანსება და 2019 წლის სექტემბერში ჩამოვედი ჩინეთის წამყვან ჭეძიანგის უნივერსიტეტში.
- არაერთი ვლოგერი აღნიშნავს, რომ ჩინელებს უცხოელების მიმართ უხეში დამოკიდებულება აქვთ. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- პირიქით, თავზე გვყვებიან და უხარიათ უცხოელის დანახვა, პატარა ბავშვებივით არიან, მოდიან და შენთან ფოტოების გადაღებას ითხოვენ. თუ გაეცნობი და დაელაპარაკები, აუცილებლად სადმე საჭმელად გეპატიჟებიან და მოკლედ, ძალიან თბილად ექცევიან უცხოელებს. მაგრამ თუ შეამჩნიეს (რაც ხშირად ხდება და ჩემი მეგობრებისგანაც შემინიშნავს), რომ ზემოდან უყურებ ან დასცინე, თუნდაც იმაზე, რომ სურათის გადაღება გთხოვა, მერე უკვე ადგილს მიგიჩენენ. თავს უცხოელად არ მაგრძნობინებენ. თავიდან რომ დამინახეს კურსელებმა, ყველა გაოცებული მიყურებდა. პირველი ორი თვე ჯგუფურ კვლევებშიც ყველაზე მარტივ დავალებას მინაწილებდნენ, რაზეც მე სულ პრეტენზიას გამოვთქვამდი, ეგრე ნუ მიყურებთ-მეთქი, მაგრამ მერე შემეჩვივნენ და ფრაზას "შენთვის რთულია" აღარ მეუბნებიან, პირიქით, ხანდახან რჩევას მეკითხებიან. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, კურსელმა პირველად კვლევა რომ გადმომიგზავნა და რჩევა მკითხა, მეთქი, შეცდომით ხომ არ მომწერა. მერე უკვე რამდენიმემ რომ მკითხა რჩევა, მივხვდი, რომ შემეჩვივნენ და ზოგადად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ახლა ხანდახან ისე მირთულდება ხოლმე კვლევის პროცესი, გულის სიღრმეში ვფიქრობ, - ნეტა ისე მომექცნენ, როგორც უცხოელს და თუ შეცდომას დავუშვებ, ძალიანაც ნუ გაამახვილებენ ყურადღებას-მეთქი, მაგრამ აღარ აღმიქვამენ უცხოელად.
- გამოდის, რომ სტუმართმოყვარეები არიან...
- ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და უყვართ დახმარება. ჩინელებს იმდენად უყვართ, ადამიანს რომ ეხმარებიან, ცოტა მიკვირს კიდეც. ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, აინტერესებთ ყველაფერი შენი გადმოსახედიდან და კარგი მეგობრობა იციან, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვთ - ცხოვრებით ტკბობა არ იციან. სულ მუშაობენ ან სწავლობენ, დასვენება არ იციან.
- მათ ტრადიციებზე რას გვიამბობ?
- ტრადიციებიდან ძალიან ბევრი რამ მომწონს, როგორიცაა ადგილობრივი დღესასწაულების აღნიშვნის ფორმა, განსაკუთრებით, გაზაფხულისა და დრაკონის ნავების ფესტივალები. ასევე მომწონს ის პრინციპი, რომ დღესასწაულებზე თითქმის ყველა და ყველაფერი ისვენებს. არ აქვს მნიშვნელობა, მაღაზიის გამყიდველი ხარ თუ ქვეყნის პრეზიდენტი, გაქვს უფლება, დაისვენო. კიდევ მომწონს ის, რომ აქტიური მოხუცები ჰყავთ, ყოველ საღამოს და დილით, თუ გაივლით პატარა მოედნებთან, დაინახავთ ვარჯიშით დაკავებულ ან მოცეკვავე ხანშიშესულ ხალხს. მოხუცები პატივს სცემენ ახალგაზრდებს, მათ აზრს და დამოკიდებულებას. საქართველოში უფროსი თაობისგან ხშირად მსმენია, - სად იყო ჩემ ახალგაზრდობაში მასე და გაფუჭდა ახალგაზრდობაო... აქ ასე არ ხდება, პირიქით, იმედით უყურებენ ახალ თაობას. ტრანსპორტში თუ ახალგაზრდამ ადგილი დაუთმო მოხუცს, ეს უკანასკნელი ბუზღუნს იწყებს, - კარგად ვარ, არ მჭირდება დაჯდომა, ეს შენ უფრო გჭირდება, მთელი დღე მუშაობო...
- რა არ მოგწონს?
- არ მომწონს ხმაურით ჭამის ტრადიცია. თუმცა, მგონი, ამ ტრადიციის გადაგდების გზას ადგანან, ახალგაზრდები იშვიათად ჭამენ ხმაურით. კიდევ არ მომწონს, პლაჟზე რომ საცურაო კოსტიუმით არ დადიან და უცნაურად მიმაჩნია ის ტრადიცია, რომ ქალისთვის დეკოლტეს ჩაცმა არცთუ ისე მისაღებია, მაგრამ მისაღებია უმოკლესი კაბის ჩაცმა.
- ჩინელ ბიჭებზე რას იტყვი, როგორები არიან?
- ზოგადად აქაური კაცები ისეთები არიან, თითზე დაიხვევ და სულ შენს ჭკუაზე ატარებ. თვითონაც ამბობენ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან. ურთიერთობის დასაწყებად გოგონები უფრო აქტიურობენ ხოლმე. ჩინელი კაცები ამბობენ, ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო. დაოჯახებულს ან შეყვარებულს ვისაც ვიცნობ, ვხედავ, რომ ყველა წყვილში ქალის სიტყვაა ხოლმე გადამწყვეტი. ერთი კია, ურთიერთობაში უფრო თავისუფლები არიან, არ არის ისე, რომ მაგალითად, კურსელები ვიკრიბებით და ცოლი ან ქმარი გამოყჰვეს შეკრებაზე; ან სადმე მივდივართ და ცოლიც წამოვიდეს. ალბათ, უფრო ენდობიან ქმრებს, ვიდრე ჩვენ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდები არიან, თან მართლა ისე დაიხვევ ხელზე, როგორც გინდა და თავზეც გადაყოლა იციან, მაგრამ ძირითადად მხოლოდ მეგობრები მყავს. როგორც მამაკაცი, ჯერ აქაური არავინ მომწონებია.