უმშვენიერესი მოდელი და უკვე ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ტელეეკრანებზე, გადაღებებსა და სოციალურ ქსელში მუდამ ჩანს, ალექსანდრას სიახლეებს მისი გამომწერები და ქართველი ხალხი მალევე იგებს, თუმცა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და საზოგადოება მისი ცხოვრების ახალი დეტალებითაც მუდამ ინტერესდება. უკვე რამდენიმე თვეა, მოდელმა "ინსტაგრამზე" საოცრად პოზიტიური, სიკეთის მატარებელი კამპანია დაიწყო, ის თავისი გარდერობიდან სრულიად უსასყიდლოდ ქალბატონებს კაბებს ჩუქნის. ალექსანდრას ამ ახალ წამოწყებაზე, ცოტა ზაფხულის გეგმებსა და სიყვარულზე ვესაუბრეთ.
ალექსანდრა პაიჭაძე:
- პირველ რიგში ზაფხულია და დასვენების სეზონი გაიხსნა სად გეგმავ დასვენებას ?
- წარმოდგენა 0არ მაქვს, ვიცი რომ საქართველოს ფარგლებს ვერ გავცდები, დედაქალაქში ბევრი საქმე მაქვს. კვირაში რამდენიმე დღე თბილისში ყოფნა მიწევს შესაბამისად, ან დასავლეთისკენ წავალ, ან აღმოსავლეთისკენ.
დასვენებას წინასწარ არ ვგეგმავ ხოლმე, სპონტანურად ვწყვეტ სად წავალ. შავიზღვისპირეთში თითქმის ყველა სასტუმრო მელოდება და მიხარია, არჩევანის გაკეთების საშუალება მაქვს, გადავწყვეტ რომელს ვესტუმრო ქვიშიან სანაპიროს თუ ხრეშიანს. დიდი არჩევანი მაქვს მაგრამ ქვიშას ვამჯობინებ ხოლმე.
- საოცარ ფორმაში ხარ, გაგვიზიარე რას აკეთებ იმისთვის რომ ფორმიდან არ ამოვარდე?
- პირველ რიგში ყველა ქალს უნდა გვინდოდეს რომ ფორმაში ვიყოთ, ეს არის მთავარი მოტივი. როგორც კი ვატყობ რომ იმ დოზებს გადავაჭარბე, რამაც შეიძლება ფორმიდან ამომაგდოს, რა თქმა უნდა, ძველ რეჟიმს ვუბრუნდები. სიმკაცრე, აკრძალვები და რადიკალი ჩვენს გონებას განაწყობს იმისკენ რომ შეგვეწინააღმდეგოს შესაბამისად, მივხვდი იმას, რომ რაღაც ახალ რეჟიმზე რომ გადავალ იმით უნდა ვისიამოვნო.
- როგორც ვიცი 18 საათიანი შუალედით იკვებები, როგორ მიაჩვიე ორგანიზმი ამხელა ინტერვალს?
- ყველაფერი დროისა და ნებისყოფის ამბავია. 18 საათიანი კვება მას შემდეგ დავიწყე, რაც არასწორი კვებით მთელი ორგანიზმი გავინადგურე, გასტრიტიდან დაწყებული ეზოფაგიტით დამთავრებული ყველაფერი მჭირდა და მივხვდი რომ ეს არ იყო სწორი ქცევა და იმ ინტერვალურ შიმშილზე გადავედი, რომელიც ჩემთვის შედეგიანი აღმოჩნდა. კუჭის სიმსუბუქემ და დროულად მიღებულმა საკვებმა იმდენად დიდი კომფორტი შემიქმნა რომ მივეჩვიე, უკვე რთულია ეს კომფორტი დავარღვიო, ამიტომ მუდამ ვამბობ რომ დრო და ნებისყოფა ყველაფერს შველის.
- რითი შეიძლება ვიკვებოთ ამ სეზონზე იმისთვის რომ მსუბუქად ვიგრძნოთ თავი?
- ზაფხული არ წარმომიდგენია კიტრი-პომიდვრისა და ყველის გარეშე, დიდი ხანია შემწვარი პროდუქტები არ მიჭამია, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ასე დაემთხვა. ამ პერიოდში, როდესაც შეხვედრაზე ან სადილზე მივდივარ, ყოველთვის სალათს ან წვნიანს ვუკვეთავ, ვცდილობ ცომეული ნაკლებად მივიღო და ყველა ის პროდუქტიც ამოღებული მაქვს რაციონიდან, რომელიც შებერილობას იწვევს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ზედმეტი ემულგატორებით გატენილ, საზიანო პროდუქტებს არ ვჭამ, მარკეტში რომ შევდივარ არასდროს ვყიდულობ ისეთ რამეს, რომელიც ჭრაჭუნა ქაღალდებში დევს და აწერია ნაჯერი ცხიმი, პალმის ზეთი და სხვა. მაქსიმალურად ვერდები მსგავსს საკვებს და თუ ჩემს სხეულს ძალიან მოენატრება რომელიმე მათგანი თვეში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება მივირთვა, ისიც იმიტომ რომ აკრძალვა არ ვიგრძნო.
- გაგვიმხილე შენი ზაფხულის რუტინის 3 გამორჩეული პროდუქტი, ტანისა და სახის მოვლის საშუალებებიდან...
- აქამდე ასეთი ბუმი არ ყოფილა, იმდენად დიდი საფრთხე ემუქრება ოზონის შრეს რომ უკვე დროა დავიცვათ თავი. არ არსებობს სახლიდან გამოვიდე SPF მზისგან დამცავის გარეშე, რამდენიმე მაქვს არჩეული და აუცილებლად ყოველდღურად ვისვამ. თუ BB კრემი SPF-ს შეიცავს უკეთესი, ერფეროვანი მბზინვარე კანი მაქვს ხოლმე.
რაც შეეხება ტანს, ძალიან მომწონს დატენიანებული კანი, მაგალითად ქართული წარმოების რამდენიმე ზეთი მაქვს და დღისით მოკლე შორტსა და ქვედაბოლოზე, მბზინვარე და რბილი კანი მიჩანს. ხოლო თმა, იმის გამო რომ გადაღებების დროს სალონში სტუმრობა ხშირად მიწევს, ჩემით ბუნებრივად ვიშრობ თმას და იშვიათად ვიკეთებ ნიღბებს. ვიჭრი ბოლოებს, მკვდარი ბოლოები აჩერებს თმის ზრდას.
- რამდენიმე თვის წინ კაბების გაჩუქება დაიწყე, საიდან მოგივიდა ეს იდეა?
- იდეა უცბად დაიბადა, ძალიან მომინდა ამხელა საზოგადოებრივ ნეგატივში, იქ, სადაც კარგ ადამიანებს გვიწევს ცხოვრება, პატარა მასშტაბზე ხალხი გამეხარებინა. დიდი, გრანდიოზული საქველმოქმედო იდეებიც მაქვს, თუმცა ჯერ პატარა მასშტაბით დავიწყე. ადრე ფარულად ვაკეთებდი ყველაფერს, ისე ვარიგებდი და ვჩუქნიდი ხალხს სამოსს არავინ იცოდა, ახლა მომინდა საჯარო გამხდარიყო და ბევრი დადებითიც ვნახე. უდიდესი პოზიტივი დავაგროვე ხალხისგან, შევამჩნიე რომ რამდენიმე გოგომ და კომპანიამაც სცადა იგივე და გამოუვიდათ, გადამდებია ეს პოზიტივი. ზოგადად მინდა დიდი დადებითი ენერგიისა და სიკეთის გაცემას და მიღებას მივეჩვიოთ და მე რომ გავცემ მჭირდება უკანაც იგივე მივიღო. გოგოებს ერთადერთს ვთხოვ რომ ინსტაგრამზე რაიმე სასიამოვნო და დადებითი დაწერონ იმ პოსტების ქვეშ, სადაც კაბები ჩუქდება.
ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს, უბრალოდ მინდა ეს სიკეთე და პოზიტივი გავრცელდეს ჰაერში და თუ მე ამის მიზეზი ვიქნები, უკეთესი. ყოველთვის მირჩევნია, იმაზე მეტი პოზიტივი მივიღო ხალხისგან ვიდრე სიმბოლურად რაიმე თანხა. ეს არის ჩემი მთავარი იდეაც, რომ გავავრცელო სიკეთე უხარია ხალხს და რატომაც არა გავაბედნიეროთ სხვებიც. თუ რაიმე მასშტაბური არ გამომდის, ჯერ ამით დავიწყებ. დღეს ძალიან კარგი იდეა მომივიდა ექსკლუზიურად პირველი თქვენ გეტყვით.
"100 გასაჩუქებელი კაბა", "100 კაბა პოზიტივის სანაცვლოდ". ეს იდეა დამებადა, უკვე 12-მდე გავაჩუქე და ვაპირებ 2022 წლამდე 100 კაბა გავაჩუქო. საზოგადოებაში ხშირად ვჩანვარ ტელევიზიებისა თუ გადაღებების მიზნით და არ მიყვარს როდესაც ტანსაცმელებში ვმეორდები არის იმის საშუალება რომ გავამრავალფეროვნო გარდერობიც. უამრავი კოპანიაა, რომელიც მიგზავნის საკუთარ ტანსაცმელს და კომპანიებსაც მივცემ საშუალებას გავარეკლამო მათი სამოსი და სხვაც გავახარო. მინდა ამ ჩემს წამოწყებაში სხვა კომპანიების ჩავრთო და თუ ქართულები იქნება ყველაფერი უფრო მაგარი გამოვა.
- როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე გოგოებს, რომლებთანაც კაბა მიგაქვს?
- ბევრი მწერს, არ მინდა კაბა სად უნდა შეგხვდე ეგ მითხარი და მოვალო, კეთილი და მაგარი კამპანიაა. ღმერთმა ქნას ახალი იდეები დამებადოს და დიდ მასშტაბებზე გასვლაც შევძლო. ასევე მინდა ბიჭებიც ჩავრთო ამ ყველაფერში, მწერენ ხოლმე ჩვენ რატო გვჩაგრავთო. მინდა ზოგადი რაღაცეებიც გავაჩუქო, რომელსაც ორივე სქესის წარმომადგენელი გამოიყენებს.
- ზოდიაქო, ასტროლოგია გიყვარს, როგორ იპოვე ჰარმონია ამ სფეროში და რაში გეხმარება?
- სანამ "დიჰარმონიის" მაქსიმუმს არ მივაღწიე ვერ მივხვდი რომ ჰარმონია მჭირდებოდა. დეპრესიისა და დისკომფორტის შემდეგ, მივხვდი რომ ზოდიაქომ და ასტროლოგიამ ჰარმონიამდე მიმიყვანა. ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში თუ რაიმე დიდი გადატრიალება არ მოხდება ვერ მიიღებთ სამყაროსგან იმ ინფორმაციას რაც გჭირდება. მარტო ასტროლოგია არა, ძალიან ბევრი სფერო მოვიარე და მომწონს ეს ყველაფერი, ჩვენი ცხოვრება და სამყარო გამიქსულია და ეს სფეროები მე სულიერ, მენტალურ ზრდაში მეხმარება. ამ ყველაფრის საბოლოო დანიშნულება არ ვიცი, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
- როგორია ახალი ალექსანდრა პაიჭაძის ცხოვრება?
- როგორც ყოველთვის იყო დღესაც ასეა, მაგრამ ამ პერიოდში უფრო დიდი მასშტაბებზე გადავედი და უფრო საოცარი გახდა. ახლა შევცვალე მანქანა, ძალიან მოულოდნელად და ეს სიახლეც მაქვს ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაშიც საინტერესო სიახლეებია. ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია და დამოუკიდებელი გახდა.
შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ცუდი იყოს ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, შეიძლება ვიღაცამ ვერც გადაიტანოს, მაგრამ მე აზროვნებით მივიღე ყველა სიტუაცია და უკვე ძირითადად ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ კარგი რაღაცეები ხდება. როგორც ჭამაზე იძახი უარს ისე ამბობ ადამიანი უარს ნეგატიურ მოვლენებზე. მინდა, მივიღებ ტრაგედიას, მინდა მივიღებ ძალიან კარგ ამბებს, ეს ჩემზეა დამოკიდებული.
- წიგნების კითხვა შენი ჰობია, რას გვირჩევდი ზაფხულში წასაკითხად?
- გირჩევდით რაიმე რომანტიკულ კლასიკას. იმდენად მივეჩვიე და გამაზარმაცა ტექნოლოგიებმა, რომ ჩართული მაქვს ვიდეო ან აუდიო ვერსიები და იმას ვუსმენ, ვტკბები ამით. თან კარგი მსახიობი ახმოვანებს ან კითხულობს წიგნს და დიდ სიამოვნებას ვიღებ. მოსმენის პარალელურად მილიონ რამეს ვაკეთებ და მეხმარება რომ მუდმივად ტემპში ვიყო. ახლა თუ გავედი ქალაქიდან ზღვის სანაპიროზე ან მთაში და გავმარტოვდი, დავუბრუნდები ჩემს ძველ ტრადიციას და კითხვას გავაგრძელებ, ბევრი წინი მაქ მომარაგებული.
- ხშირად საუბრობ სიყვარულსა და ურთიერთობაზე შენთვის რას ნიშნავს სიყვარული?
- ჩემთვის სიყვარული უბრალოდ მდგომარეობაა, სადაც სხვა ადამიანებიც შემოდიან ხოლმე, უბრალოდ სიყვარულით უნდა იყო სავსე და გაჟღენთილი. პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, მეორე რიგში სამყაროს მიმართ, მერე მშობლების მიმართ.
- როგორია შეყვარებული ალექსანდრა პაიჭაძე?
- კი ხედავთ როგორიც ვარ, ჩვეულებრივი, ეს ჩემთვის განსხვავებული მდგომარეობა არ არის. მაგრამ როდესაც მამაკაცი მიყვარს ყველაზე ლამაზი მაშინ ვარ.
- როგორ ფიქრობ ქალს რა თვისება უხდება და რა არ უხდება?
- ქალს უხდება სინაზე და მისი ქალური საწყისის მაქსიმალური წარმოჩენა. არ უხდება მამაკაცურობა.
- ბოლოს გკითხავ, რა არის შენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
- გავაგრძელებ გადაცემა "ქალებში" ყოფნას, მაქვს უამრავი შემოთავაზება ძალიან კარგი კომპანიებისგან და მინდა რომ სრულფასოვნად ვითანამშრომლო მათთან და რეალიზაცია გავუკეთო ჩემს თავს.