"ძალიან პატარა - 18 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი"
სახელი, გვარი: თაკო ცქვიტინიძე.
ასაკი: 36 წლის.
პროფესია: მსახიობი, ჟურნალისტი.
ჰობი: ჩოგბურთი.
ცხოვრების დევიზი: "იცხოვრე დღეს, რადგან "გუშინ" აღარ არის და "ხვალ" შეიძლება აღარ იყოს".
- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ვიზუალური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ის ადამიანი არ ვარ, ვინც სარკეში ჩახედვისას თვითკმაყოფილია - ვაიმე, რა ლამაზი ვარო!.. ყოველი გარდამტეხი პერიოდი მახსოვს, თითოეული წელი ჩემთვის დიდ გამოცდილებას და ხასიათის ცვლილებას ნიშნავს. პლუს, იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ამ აზრს იზიარებს - ასეთი ვარ და რა ვქნაო? კონკრეტული სიტუაციები არსებობს, როცა უნდა შეიცვალო. მეც რადიკალურად შევიცვალე. ვცდილობ, ამ ცვლილებებს დადებითი მიმართულება მივცე... ყოველდღე - არა, მაგრამ გარკვეული პერიოდების შემდეგ, სარკეში ჩახედვისას სხვადასხვა ადამიანს ვხედავ და ვცდილობ, რაღაცები უფრო მეტად შევცვალო. ჩემთვის თვითგანვითარება უმნიშვნელოვანესია.
- ერთი მავნე ჩვევა, ხასიათის თვისება დაგვისახელეთ, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობთ...
- არ მინდა, ისე გამოჩნდეს, რომ თავს ვიქებ - ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ ჩემი პროფესიების მიუხედავად, ზოგჯერ ზედმეტად მორიდებული ვარ. კამერა რომ ჩაირთვება და წითელი შუქი აინთება, იმ დროს უკვე ჟურნალისტი ვხდები; როდესაც მესამე ზარი დაირეკება და სცენაზე შევალ, იქ უკვე მსახიობი ვარ; ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა ზედმეტად მორიდებული გახლავართ, რაც რაღაცებში ხელს მიშლის: შეიძლება ადამიანთან ზედმეტად დარეკვა და მისთვის შეკითხვის დასმა მომერიდოს, - ვაიმე, არ შევაწუხო-მეთქი. სითამამე მაკლია ხოლმე.
- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღეთ?
- (ფიქრობს) საერთოდ, შენიშვნას ცუდად არასდროს ვიღებ, პირიქით... მსახიობებს გვახასიათებს, რომ მაგალითად, სპექტაკლის პრემიერის შემდეგ გარშემო მყოფი კომპეტენტური ადამიანების აზრით ვინტერესდებით. აქეთ ვითხოვთ შენიშვნებს, კრიტიკას, რომ ხარვეზი გამოვასწოროთ... შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე ეთერში ვარ. გამორიცხულია, სახლში მოვიდე, მეცალოს და ჩემი ეთერი არ "გადავახვიო". რა თქმა უნდა, ამას თვითტკბობის გამო არ ვაკეთებ: მინდა ყველაფერს შევხედო, რომ ვიცოდე, სად რა იყო არასწორი, გამოსასწორებელი, ზედმეტად ბევრი როდის ვილაპარაკე ან როგორ ვიჯექი... მანერებს ვაკვირდები, ყველაფერს ვაანალიზებ... შესაბამისად, შენიშვნას რომ მაძლევენ, მძაფრად არ აღვიქვამ, პირიქით - თუ ადეკვატური და მისაღებია, გამოსწორებას ვცდილობ. შენიშვნის მეტი რა მიმიღია? ბოლოს - ვერ ვიხსენებ... დედა ჩაცმულობას, ვარცხნილობასა და მაკიაჟთან დაკავშირებულ შენიშვნებს ხშირად მაძლევს. სავარაუდოდ, ბოლო შენიშვნაც მისგან მივიღე (იღიმის).
- თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური რა ჭორი მოგისმენიათ?
- ბოლო დროს ასეთი რამ არ ყოფილა, თუმცა წლების წინ, როცა "პირველ სტერეოზე" ვმუშაობდი (როცა ტელეეკრანზე პირველად გამოვჩნდი), რატომღაც ყველას ეგონა, რომ ტუჩი, ცხვირი "გაკეთებული" მქონდა. ახლახან იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ღონისძიების წამყვანი უნდა ვყოფილიყავი და დამიწუნეს - "აწყობილი" გოგოაო (იცინის). ახლა ის ეპოქა აღარ არის, რომ ადამიანმა მსგავსი რაღაცები დამალო, პირიქით - "ინსტაგრამზე" "სთორებს" ვნახულობთ, გოგონები ტუჩს პირდაპირ ეთერში როგორ იკეთებენ. ეს დასამალი აღარ არის და მე ხომ არ დავიწყებ პრანჭვა-გრეხას? "გაკეთებული" რომ მქონდეს რამე, ნამდვილად ვიტყოდი (იღიმის)... ძირითადად, ამ ტიპის ჭორები მსმენია. რამე გულსატკენი ან მძაფრი არაფერი მახსენდება, განსაკუთრებით - ბოლოდროინდელი.