ქართველ ინფლუენსერებსა და "იუთუბერებს" შორის მას მარტივად გამოარჩევთ, მშვიდი, სასაიმოვნო ხმა აქვს. "ინსტაგრამი" კი მინიმალისტურ და დახვეწილ სტილში აქვს მოწყობილი. მარიამ წილოსანი ბევრისთვის კი ცნობილი, როგორც "მარისანი", უკვე 2 წელია აქტიურად მართავს თავის სოციალურ ქსელებს. გამომწერებს "ბიუთი" სფეროზე საინტერესო რჩევებს უზიარებს და ამავდროულად, ცხოვრების პატარ-პატარა გამოცდილებებითაც ანებივრებს მათ. ცნობილ ინფლუენსერს თავის მოვლაზე, პროფესიასა და ცოტა პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.
- დავიწყებ სახელით, "ინსტაგრამზე" "მარისანის" სახელით გიცნობთ, როგორ შეარჩიე?
- ძალიან დიდი ხანია ეს სახელი მქვია. გვარად წილოსანი ვარ, ერთხელ მეგობრებმა დამიძახეს სანი და ზედმეტსახელადაც ეს შემერქვა. შემდეგ, "ინსტაგრამზე" დავიწერე და მას შემდეგ ასე დარჩა.
- რამდენი ხანია, რაც ინფლუენსერის ცხოვრება მოირგე და როგორ მოგწონს?
- პროფესიულად უკვე 2 წელია, თუმცა იქამდე მომწონდა ფოტოების გადაღება, ესთეტიური Feed-ის აგება ინსტაგრამზე და ამას ვაკეთებდი ჩემთვის. ბევრი ძებნის შემდეგ, კიდევ უფრო დავხვეწე სტილი და ამან გამომწერები მომიტანა. ორი წელია აქტიურად ვარ "იუთუბსა" და "ინსტაგრამზე", მომწონს ის რომ მაქვს თავისუფლება, რაც მაძლევს საშუალებას გამოვხატო ჩემი ინტერესები, ხასიათი და სტილი. მომწონს ისიც, რომ ადამიანებს ეს გარკვეულწილად ეხმარება და აძლევს ინსპირაციას.
- დღეს ბევრი გოგო ცდილობს იუთუბერი და ინფლუენსერი გახდეს, რას ურჩევდი მათ?
- "ინსტაგრამზე" მქონდა მსგავსი შეკითხვა. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ამ სფეროში შემოვიდეს, იმის გამო რომ მიიღოს რაღაც საჩუქრები, გამოუგზავნონ ბრენდებმა ტანსაცმელი და პროდუქტები. ეს გარკვეულწილად მესმის, რადგან თინეიჯერები ამ ყველაფერს უყურებენ სოციალურ ქსელში. ინფლუენსერები სულ დებენ და დებენ საჩუქრებს, უამრავ ნივთს და მატერიალური კუთხით მიდის ჩვენი სოციალური ქსელი. ამის გამო არ გააკეთოთ ეს, უნდა შეგეძლოთ რომ შემოთავაზებების უმეტესობას უთხრათ უარი და გაფილტროთ. სულ რეკლამები უინტერესოს ხდის კონტენტს.
გარდა ამისა, ყველას ვისაც ამ სფეროში სურს ყოფნა უნდა იცოდეს, რომ ყველა ადამიანში არის ინდივიდუალიზმი, რაც მასისთვის იქნება საინტერესო. ეს შეიძლება დროთა განმვალობაში იპოვოთ ან უკვე ნაპოვნი გაქვთ და უნდა შეფუთოთ თქვენი თავი ხალხისთვის, რაღაცა განსხვავებული სათქმელი უნდა გქონდეთ მასისთვის. არ არის საჭირო განსაკუთრებული კამერები და ძვირადღირებული ტექნიკა. "იუთუბზე" კარგია თუ კამერით გადაიღებთ და სამონტაჟო პროგრამებიც გეცოდინებათ მაგრამ, "ინსტაგრამსა" და "ტიკ-ტოკზე" ისეთი კონტენტი იქმნება რომ ტელეფონითაც შეძლებთ გადაღებას.
- სოციალური ქსელიდან ჩანს რომ შვედეთს ხშირად სტუმრობ, გეგმავ საცხოვრებლად გადასვლას?
- დიახ, მე და ჩემს შეყვარებულს გვაქვს ნაქირავები ბინა, რომელიც მოვაწყვეთ და ახლო მომავალში ალბათ გადავალ. სულ ისე, რომ მოვწყდე საქართველოს არა, რადგან ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ხანდახან იქაურ დეპრესიულ ზამთარს ჩვენს ქვეყანაში გამოვექცევი ხოლმე, მაგრამ გადასვლა არის გეგმაში.
- ზაფხული მოვიდა, როგორც "ბიუთი ბლოგერი" სახის მოვლის რა რჩევებს გაუზიარებდი მარაოს მკითხველს?
- რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი საცხი მაღალი SPF-ის შემცველით. თუ ზამთარში ვიყენებდით SPF 15 ან 30-ს ზაფხულში SPF 50 უნდა გამოვიყენოთ, თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეში რამდენჯერმე დავიტანოთ სახეზე. შეგიძლიათ შეიძინოთ სპრეის სახით, რომელსაც მაკიაჟის ზემოდან შეიშხურებთ. ძალიან კარგი კომბოა C ვიტამინის შრატის გამოყენება მზისგან დამცავთან ერთად, მის გარეშე, მხოლოდ შრატი არ არის რეკომენდირებული. ეს ორი პროდუქტი ერთად საუკეთესო საშუალებაა ლაქებისგან თავდასაცავად, გაორმაგებული ძალაა მზის წინააღმდეგ. აჯანსაღებს კანს, მოჰყავს ერთ ტონში და იცავს კანს დაზიანებისგან. ამავდროულად, კარგი იქნება თუ იზრუნებთ ჰიდრატაციაზე და გაუწყლოვანებას აარიდებთ თავს. გამოიყენეთ ესენცია, ტონერები, ისეთი პროდუქტები, რომლებიც იზრუნებენ რომ კანს წყლიანობა დაუბრუნონ.
- რა ასაკიდან არის რეკომენდირებული მზისგან დამცავი საცხის გამოყენება?
- ვფიქრობ, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა იყენებდეს მას. დედაჩემი არ იყენებდა ჩემთვის, ყოველთვის ვიწვებოდი ზღვაზე. ყველამ ძალიან პატარა ასაკიდანვე უნდა დავიცვათ მზისგან კანი. მითუმეტეს უკვე ქართულ ბაზარზე არსებობს სხვადასხვა საცხი ასაკის მიხედვით.
- თმის სიჯანსაღისთვისაც გაგვიზიარე რამდენიმე საყვარელი პროდუქტი...
- ჩემი გამოცდილებით, მე დიდ შედეგს ვხედავ, როდესაც ომეგა სამის ვიტამინებს ვიღებ, კარგად მოქმედებს თმაზე. ასევე ვიყენებ თმის ნიღბებს და ვცდილობ მოვერიდო ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც თმის მოვლის საშუალებებში ხშირად გვხვდება, მაგალითად: სულფატები, სილიკონები და სხვა. მაქსიმალურად ბუნებრივ პროდუქტებს ვარჩევ.
ახლა თმა საკმაოდ მოკლე მაქვს და გრძელი თმის შემთხვევაშიც ბუნებრივად ვიშრობ მას, ვიყენებ არგანის ზეთს, ძალიან უხდება და ტალღოვან იერს მატებს. საშრობს იშვიათად ვიყენებ. თმის უთოს იმ შემთხვევაში ვხმარობ, თუ გამოსასვლელ საღამოზე მივდივარ და მის გამოყენებამდე აუცილებლად სპეციალური საშუალებით ვიცავ თმას.
- რის გარეშეა წარმოუდგენელი "მარისანის" ცხოვრება?
- პირველი თავში მუსიკა მომდის.
- რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
- კლასიკა და ჯაზი, თუმცა ბევრი ჟანრის მუსიკას ვუსმენ, ეს შეიძლება იყოს არტ როკიც, გააჩნია ხასიათს.
- მარიამ მინიმალიზმი და ესთეტიკა შენი ცხოვრების ნაწილია, როგორ იპოვე შენი თავი ამ მიმართულებაში?
- ძალიან მომწონდა მინიმალიზმი და პირველად ინტერიერს მოვარგე ის, შემდეგ უფრო ჩავეძიე და ცხოვრების სტილად ვაქციე. მოვსინჯე, თავიდან ცოტა ექსტრიმში შევედი ყველაფერი გავაჩუქე და ორი წყვილი შარვალი და ერთი ზედა დავიტოვე, შემდეგ გამოვედი ექსტრემიდან და დავაბალანსე. ჩემთვის მინიმალიზმი არის სტილი და ცოდნა იმის თუ რა გჭირდება შენ, იმისთვის რომ იგრძნო თავი კომფორტულად, ბედნიერად, რომ ამ მიმართულებით წახვიდე და ფინანსები, მატერიალური სამყაროც ამ მიმართულებით მოიწყო.
მინიმალიზმი დამეხმარა ბევრ რაღაცაში, მათ შორის, ურთიერთობებშიც. მინიმალიზმი არ არის მხოლოდ მატერიალური და გარეგანი, ეს არის ჩვენში და ამან შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს დადებითი ცვლილებები და კარგისკენ შეცვალოს ცხოვრება. უკვე აღარ მოველი დიდ განსაკუთრებულ რაღაცებს, ყველა დეტალით ვტკბები და მსიამოვნებს პატარ-პატარა ნაბიჯებიც. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი ამ მიმართულებით წარვმართე კარგი ამბებიც დაიწყო.
- შენს სტილში ძირითადად რამდენიმე ფერი დომინირებს, სხვა დანარჩენ ფერებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- თუ ჩემს სტილში რაიმე ახალი ფერს შემოვიტან ეს იქნება ლურჯი, პასტელური ფერები. მაგალითად, ახლა მომწონს ლიმონის ფერი, ასევე მომწონს ხაკისფერი. თუ ფერი ჩემს სტილშია აუცილებლად მკრთალია და ყოველთვის არის შეხამებული ნეიტრალურ სამოსთან. მძაფრი და მკაფიო ფერები მაწუხებს.
- რა არის შენი განტვირთვის საშუალება?
- ძალიან მიყვარს სეირნობა, იოგა, ვარჯიში, მუსიკა და მეგობრებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი, ბევრი რამ, თუნდაც ყავის დალევა დილაობით.
- "ამბიენტი" ახალი წამოწყება... როგორ მიდის შენი საკუთარი ბრენდის ამბები?
- ბრენდის საქმეები მიდის სტაბილურად, კარგად, თუმცა მინდა სულ სხვა კუთხით წავრმართო, მაქვს იდეები და ჯერ პროცესშია, დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ საკმაოდ კარგად მივდვიართ. ამ ეტაპზე ვართ მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, გვინდა გავცდეთ ჩვენს ქვეყანას და ახალი კონცეფციით გავიდეთ უცხო ქვეყნებში.
- საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამბედავი ნაბიჯია... დიდხანს ემზადებოდი ამისთვის?
- იდეა ყოველთვის მქონდა, თუმცა სპონტანურად დავიწყეთ ყველაფერი. ჩემს ცხოვრებაში მეგობარი გამოჩნდა, რომელმაც მიბიძგა რომ ეს გამეკეთებინა, დიდი ხანი ვეძებდით კარგი ნაჭრების მომწოდებელს, შემდეგ 2 თვეში თავი მოვაბით ყველაფერს და ასე შეიქმნა "ამბიენტიც". გაზაფხულზე გამოვუშვით პირველი კოლექვია, ახლა გვსურს ბრენდი კიდევ უფრო მინიმალისტური გახდეს, არ გვინდა ყოველ სეზონზე გამოვუშვათ სამოსი, კიდევ უფრო ეკომეგობრულად უნდა გადავაქციოთ "ამბიენტი" და ვანხოთ, რა გამოვა.
- გამომწერები იცნობენ შენს შეყვარებულს, ოსკარს. სად გაიცანი და რამდენი ხანია ერთად ხართ?
- ერთმანეთი საფორტეპიანო კონკურსზე გავიცანით, ლიეტუვაში, 5 წლის წინ, კონკურსის შემდეგ მიმოწერა დავიწყეთ, პერიოდულად ერთმანეთსაც ვსტუმრობდით და ასე გამოვიდა ყველაფერი.
- მანძილზე ურთიერთობა ისწავლეთ, თუმცა რთულია ასე შორს გყავდეს საყვარელი ადამიანი, რამ გადაგალახინათ სირთულეები?
- მნიშნველოვანია ის, რომ ჩვენი ურთიერთობა მანძილით დაიწყო და არ დაწყებულა სიახლოვით. ხშირად, როდესაც წყვილი ერთ ქალაქში ცხოვრობს და შემდეგ შორდება ერთმანეთს უფრო რთულად გადააქვთ ეს განშორება, ჩვენ უკვე მანძილზე ვცხოვრობდით და თავიდან სერიოზულად არც ვყურებდით ამ ურთიერთობას. ნელ-ნელა გადაიზარდა სერიოზულ გრძნობებში. მნიშვნელოვანია რომ ამ დროს პრიორიტეტად დააყენო ეს ურთიერთობა. თუ გინდა რომ მანძილმა ხელი არ შეგიშალოს, როგორც კი თანხა ჩაგივარდება, თუნცად 3 დღით, ერთი კვირით უნდა ჩააკითხო იმ ადამიანს, ფიზიკურ სიახლოვეს სოციალური ქსელი ვერ ჩაანაცვლებს. ასევე ხშირი კომუნიკაციაც აუცილებელია. მე და ოსკარი ყოველდღიურად ვურეკავდით ერთმანეთს ვიდეოთვალით, საღამოობით ვუყვებდით ერთმანეთს დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს და რამდენიმე ტექსტურ შეტყობინებას ვწერდით.
მანძილზე ურთიერთობა შეიძლება არაჯანსაღში გადაიზარდოს, რადგან სულ ეჭვიანობ, სულ ტელეფონზე ხარ, ელოდები. რთულია ნამდვილად და კონტროლია საჭირო, რომ ბოლოს ტოქსიკური ურთიერთობა არ ჩამოყალიბდეს.
- დარწმუნებული ვარ სამომავლოდ ბევრი გეგმა გექნება, გაგვიზიარებ რამდენიმეს?
- სხვათაშორის არ მაქვს ბევრი გეგმა, ყოველდღიურად ახალ-ახალ რაღაცებს ვაკეთებ, შეიძლება რაღაც დავიწყო, დავასრულო. შეიძლება, სულ სხვა კუთხით წავიდე, ასე გაწერილი გეგმა არ მაქვს და რაღაც მხრივ მომწონს. ჩემზე კარგად მოქმედებს, მთავარია ვისიამოვნო ცხოვრებით.
- 5 გადაწყვეტილება, ნაბიჯი, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა...
- პირველი იყო მიმღებლობა, მიმღებლობის გამომუშავება, როდესაც შეგიძლია ყველა განსხვავებული აზრი და შეხედულება გაიზიარო და ცხოვრებას შეხედო ბევრი სხვადასხვა ლუპით და ნეიტრალური ლინზით, ამან კარგი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე.
მეორე, გააზრება იმის, რომ არ არსებობს არც კარგი არც ცუდი, არც კეთილი და არც ბორტი, ყველაფერი არის ნეიტრალური და ჩვენ ვმუხტავთ ყველა მოვლენას ამა თუ იმ განწყობით.
მესამე, ჩემი სოვიალური ქსელის აქტიურობა. დავიწყე ჩემი გვერდის მართვა, ბევრ კარგს მივაგენი ამ სფეროში, საკუთარი თავი კიდევ უფრო უკეთ ვიპოვე.
მეოთხე, საკუთარი გარეგნობის მიღება, გარეგნობაში საინტერესო შტრიხების პოვნა, რომლის აქცენტირებით შენებურ ვიზუალს მიაგნებ. ეს მნიშნველოვანია. მგონია, რომ ყველა ერთი კონკრეტული ტრენდების მიმდევარია და ამიტომ ადამიანები ვგავართ ერთმანეთს, გვიჭირს ინდივიდუალიზმის შეტანა ჩვენს გარეგნობაში.
საქართველოში პოპულარულია პლასტიკური ქირურგია, რა თქმა უნდა, თუ დიდი სურვილი და კომპლექსი აქვს ვინმეს, ჩემი რა საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პლასტიკური ქირურგია ინდივიდუალიზმს გაკარგვინებს. ადამიანმა თავის ნაკლს უნდა გაუსვას ხაზი და ამის ხარჯზე გამოჩნდეს განსხვავებული ტიპაჟი.
მეხუთე, იყო გახნილი. იყო მომენტში, არ დაემონო შენს კარიერულ და სხვა მიზნებს, არ გახდე შენი მიზნების მონა. იცხოვრო ახლანდელი მომენტით და ტკბებოდე იმით, რაც შენს გარშემო ახლა ხდება.