ახალგაზრდა, ქართველი პედაგოგი ლელა მოწყობილი მესამე წელია ჩინეთში მოღვაწეობს... იგი ჩინეთიდან გვესაუბრა და გვიამბო პანდემიის პირობებში რატომ გრძნობდა და გრძნობს ყველაზე დაცულად თავს იქ, საიდანაც ვირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
- ჩინეთში 2 წლის წინ, 2019 წლის სექტემბერში წამოვედი და პანდემიაც მალევე დაიწყო... საქართველოდან უფრო ადრე მეკითხებოდნენ, ხომ მშვიდობაა მანდ, ვირუსის შესახებ საუბრობენო, მაგრამ ჩემს ქალაქში 2020 წლის, 21 იანვრამდე არაფერი მიგრძვნია. 21 იანვარს, როცა უკვე ჩემი პროვინციის რეგიონში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე დღეს ყველას ნიღბები გვეკეთა...
წამოსვლაზე არ მიფიქრია, რადგან ჩემი თანამშრომლები და კომპანიის ხელმძღვანელები აბსოლუტურად მშვიდად იყვნენ და მარწმუნებდნენ რომ უსაფრთხოდ ვიყავით, ჩვენი ქალაქი - იანანი კარგად კონტროლდებაო... პატარა ქალაქია, 3 მილიონი მოსახლეა სულ. საბედნიეროდ მე ვირუსი არ შემხვედრია. ამ დროს უზარმაზარ სკოლაში ვმუშაობდი და უამრავ მასწავლებელს რომ ვკითხე, არც მათ და არც მათ ახლობლებს არ შეხვედრიათ. ასე ამბობდნენ, ვირუსი აქ კი არა, ვუჰანშიაო, თითქოს ვუჰანი მარსზე ყოფილიყო და არა ჩინეთში. 2020 წლის თებერვალში მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირდა და მას შემდეგ იქ ვირუსის შემთხვევა არ გვქონია...
თუმცა, მთელს ჩინეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუშაობა პირველ ივნისამდე შეაჩერეს. საშუალო და დაწყებითი სკოლები, ასევე ტრენინგ ცენტრები ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადავედით. მხოლოდ ბაღებში დასაქმებული უცხოელი მასწავლებლები აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, რადგან ბაღები ონლაინ გაკვეთილებზე არ გადასულან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე... ახლა ვცხოვრობ სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ - ჩონჩინში და ბაღის პედაგოგად ვმუშაობ. იმ უბანში, სადაც ახლა ვარ, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინვე მაღალი რისკის ტერიტორიად გამოცხადდა.
აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც კი აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ტესტირება ჩაგვიტარდა და ბაღი 2 კვირის მანძილზე დაკეტილი იყო.... ჩინელებს მაღალი ნდობა აქვთ ხელისუფლების მიმართ და მშვიდად არიან. როცა პანდემია დაიწყო, ჩინურ სოციალურ ქსელში ვიჩატში (ფეისბუქის მსგავსია) მხოლოდ აქ დასაქმებული უცხოელები წერდნენ და ლოცულობდნენ პანდემიისგან ჩინეთის გადარჩენაზე, თორემ თავად ჩინელები კობი ბრაიანტის თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე პოსტავდნენ მხოლოდ. ჩემი ამჟამინდელი ქალაქი ჩონჩინი (მოსახლეობა 15 მლნ) გამოცხადდა მაღალი რისკის შემცველ ქალაქად 1 ნოემბერს და როცა ვიკითხე, რამდენი შემთხვევა გვქონდა ვირუსის, აღმოჩნდა რომ აქაც 6 შემთხვევა იყო მხოლოდ. 6 შემთხვევა აქ მაღალ ციფრს ნიშნავს, როცა კოვიდზეა საუბარი.
- გვიამბეთ თქვენს შესახებ...
- ქობულეთიდან ვარ, დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე ჩინეთში წამოსვლა, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ქვეყნის კულტურა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობ... 2 წელი ვიმუშავე საშუალო სკოლაში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი. აქ ერთ კლასში 50 და მეტი მოსწავლე ზის. არის სკოლები, სადაც მასწავლებელს ერთ კლასში 80 მოსწავლე უზის. პირადად მე მყავდა დაახლოებით 1200 მოსწავლე, კვირაში 22-25 გაკვეთილს ვატარებდი. ბავშვებს ძალიან უყვართ უცხოელი მასწავლებლები, როცა გხედავენ, უკვე უყვარხარ. რადგან ჩვენ არ ვიყენებთ იმ ჩინურ სწავლების მეთოდებს, რასაც ჩინელი მასწავლებლები იყენებენ - სახაზავით ცემა, აურაცხელი საშინაო დავალებები, უამრავი ტესტირება...
ჩინელი მოსწავლეები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და თბილები, ყოველთვის სიყვარულს გამოხატავენ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, ტაშით გხვდებიან, გაკვეთილის ბოლოს მადლობას გიხდიან საინტერესო გაკვეთილისთვის. აქვთ საშინლად სტრესული რეჟიმი - დილით უნდა გაიღვიძონ 6-ის ნახევარზე, შემდეგ მასწავლებლებთან ერთად უნდა ირბინონ სტადიონზე 20 წუთის მანძილზე, შემდეგ ეწყებათ გაკვეთილები და ღამის 10-ის ნახევარზე სრულდება მათი სასწავლო დღე. ღამის 10-ზე უკვე უნდა დაიძინონ.
სკოლაში, სადაც ვმუშაობდი, ბავშვები ღამით, სკოლის საცხოვრებელში რჩებოდნენ. მხოლოდ თვეში ერთხელ მიდიოდნენ სახლებში. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს სკოლა უზრუნველყოფდა ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ბავშვების განათლებას, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა საპირისპირო - სკოლაში ყველა ბავშვი იყო ძალიან მდიდარი ოჯახებიდან და მშობლების მიერ შვილების სკოლაში საცხოვრებლად მიყვანა ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ ბავშვებს მაქსიმალურად კარგად ესწავლათ კონტროლის პირობებში, რადგან სახლში, ტელეფონის და კომპიუტერის გამო ისინი კარგად ვერ იმეცადინებდნენ. პანდემიამდე, ჩემი სკოლის მოსწავლეები სკოლას მიჰყავდა ექსკურსიებზე ლოს-ანჯელესში, ახალ ზელანდიასა და ტოკიოში. მშობლები აფინანსებდნენ ამ მოგზაურობას.
სკოლებს აქვთ სტანდარტული, უზარმაზარი სტადიონები. სტანდარტული ზომის საკალათბურთო მოედნები, სპორტს დიდ ყურადღებას აქცევენ. ფიზკულტურის გაკვეთილების გარდა, ბავშვებმა უნდა ირბინონ დღეში 2-ჯერ 20-20 წუთი - დილით და შუადღეს. სკოლაში არის უამრავი კლუბი, 50-ზე მეტი... ისტორიის, თანამედროვე ტექნოლოგიების, მზარეულის, ინგლისურის, ფიზიკის, ბადმინტონის და ა.შ. მოსწავლეები სხვადასხვა კლუბებში ნაწილდებიან. ბავშვები ფიზაქტივობას ისე არიან შეჩვეულები, გაკვეთილებს შორის შესვენების დროს (10 წუთი) ყველა კალათბურთს, ჩინურ ჭადრაკს თამაშობს...