ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის დიალოგის ქოუჩი ქეთი ირემაშვილი ,,დილის პალიტრის’’ ეთერში საკუთარი თავის მართვის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს:
,,საკუთარი თავის მართვის მნიშვნელობა გაიზარდა ბოლო პერიოდში. თანამედროვე ადამიანს უკვე აღარ ჰყოფნის თავისი ცოდნა და უნარები, რომ საკუთარი თავის სრულყოფილი რეალიზაცია მოახდინოს და იყოს ბოლომდე ეფექტური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ურთიერთობების სფერო, პროფესიული ასპარეზი, სოციალურ გარემოში საკუთარი თავის რეალიზაცია თუ სხვა. ყველა ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ ემოციური ინტელექტი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის მართვის ხელოვნება და შემდეგ ამის მისადაგება უკვე სხვებთან ურთიერთობაში, იქნება ეს მიკროდონეზე თუ სოციუმის სხვადასხვა გაცილებით დიდი მასშტაბის მაკროდონეზე. ემოციური ინტელექტის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას ურთიერთობებშიც და პროფესიულ ასპარეზზეც.
რას ნიშნავს საკუთარი თავის მართვა?
პირველ რიგში, ეს არის ერთგვარი ღირებულება. თუ რამით შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი მართოს, კრიზისულ სიტუაციაშიც და არაკრიზისულშიც, შედარებით ნაკლებად სტრესულ გარემოებაში, ეს არის გაცნობიერებულობის ხარისხის გაზრდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის შესახებ. ვმართო საკუთარი თავი, ნიშნავს ვიცნობდე ჩემს თავს, ვიცნობდე ჩემს ემოციებს, შემეძლოს ჩემი ემოციების იდენტიფიკაცია, ანუ თითოეულისთვის სახელის დარქმევა, მერე ამის მიღება საკუთარ თავში და აღიარება. ერთ-ერთი უპირველესი წინაპირობა საკუთარი თავის მართვისთვის გახლავთ აგრესიის მიღება და საკუთარ აგრესიასთან მუშაობა. როდესაც ადამიანი არ მუშაობს საკუთარ აგრესიასთან, აგრესია უკვე მოქმედებს საკუთარი ნებით. ყველა ადამიანს გარკვეულ პერიოდში უწევს რაღაც უსამართლობასთან შეჩეხება და შეზღუდვა საკუთარი თავის გამოხატვის. არავის არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ზრდასრულობამდე, ყველა ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა გვქონოდა. სხვადასხვა მიზეზის გამო... მარტო აღზრდას, გარემოს და სოციალურ პირობებს ამას ვერ დავაბრალებთ. რასაკვირველია, ადამიანის ბუნებაც არის მთავარი, მაგრამ, ცხადია, ყოველთვის არ გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ემოციები გამოვხატოთ. ჩვენს კულტურაში არ არის წახალისებული ემოციის გამოხატვა და გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებებიც ახლავს თან. მაგალითად, თუ ხშირად საუბრობ და ბევრს საუბრობ, სხვა სახელი გაქვს; თუ ზედმეტ სითამამეს წარმოაჩენ, სხვა... ამიტომ ადამიანი იძულებულია, რომ ბავშვობიდანვე დაემორჩილოს თვითშეზღუდვას. როდესაც ხდება აგრესიის შეკავება და სხვადასხვა ტიპის ემოციის შეკავება, ეს ემოციები გროვდება და ხდება ამის არასახარბიელოდ გამოყენება. მაგალითად, მშობელი, რომელმაც ვერ მოახერხა სამსახურში თავის უფროსს მეწინააღმდეგებოდა, რადგან იერარქიულად მის უფროსს ექვემდებარება, მოდის სახლში და აგრესიას ანთხევს ბავშვზე არა განზრახ ან წინასწარი შეცნობით, არამედ მისი ნებისგან დამოუკიდებლად. რასაკვირველია, მთელი ის მოცულობა აგრესიისა, რომელიც მე ვერსად ვერ წავიღე, გროვდება და უსამართლო ადრესატთან მიდის, რასაც არც მშობლისთვის მოაქვს სარგებელი, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს და არც საერთოდ. საკუთარ აგრესიასთან სამუშაოდ არსებობს მრავალი ტექნიკა. დღევანდელ დღეს მოდადაც კი იქცა ეს, ზოგი მას ჰყვება ინერციით, ზოგს გაცნობიერებული აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი თავის შეცნობა აუცილებელია" - ამბობს ის.