ცხოვრება არცთუ ხშირად გვთავაზობს იმას, რაც გვსურს. თუმცა ბევრი რამ არის ისეთი, რაც მაინც მადლობას გათქმევინებს. ეს გრიგოლ წიტაიშვილზეც ითქმის - მსახიობი ცხოვრების კმაყოფილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ჩავლილ წლებს მადლობას მაინც ეუბნება - ვმადლობ სიცოცხლეს, რადგან ისევ ვტკბები დილით და რაც მთავარია, ბევრს ისევ ვუყვარვარო.
- ბათუმში დავიბადე, ჭაობის დასახლებაში, მაგრამ ახლა იქ აღარც ჭაობია და აღარც პატარა სახლები. უდაბნოშიც რომ დაიბადოს კაცი, თავისი უდაბნო სიკვდილამდე ეყვარება, ისე, როგორც მე ჩემი "ჭაობი". არადა, ტკბილი ბავშვობა არ მქონია, არ მახსოვს დედა, რომელიც 1937-ში, სულ თვეების ბავშვს გადამისახლეს. ბებიაჩემი, დეიდა და მამიდაჩემი იყვნენ ჩემი ცრემლების გამზიარებლები. ერთი ხანობა მახინჯაურის ინტერნატში მიმიყვანა ბებიამ, ფიქრობდა, რომ ჩემი განათლებისთვის იქ ყოფნა ჯობდა, მაგრამ ერთხელაც მოვარდა მამიდაჩემი და ინტერნატის ხელმძღვანელებთან ბებიას უჩივლა: ან მე მომცეს ბავშვი და გავზრდი, ან თვითონ წაიყვანოს, რა უნდა ინტერნატშიო. მერე ამოვიდა მამაჩემიც თავის ცოლთან ერთად, დამიძახეს დირექტორთან და მკითხეს, ბებიასთან გირჩევნია ყოფნა თუ მამაშენთანო. ბებიაჩემზე ვგიჟდებოდი, მაგრამ გამოვაცხადე, მამასთან უნდა წავიდე-მეთქი. რა ვიცი, რატომ... იქნებ იმიტომ, რომ დედის დაბრუნებას სულ ველოდი და არ მინდოდა დედინაცვლისთვის დამეთმო მისი ადგილი. ამიტომაც დედინაცვალს ომი გამოვუცხადე - ქალი მე და ჩემს დას თავზე დაგვტრიალებდა, მე კი ვეჩხუბებოდი. ახლა კი ვნანობ, შესანიშნავი ქალი იყო და რატომ ვტკენდი გულს. მეათე კლასში რომ გადავედი, დედა დაბრუნდა. მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან უცხო იყო და უცხოდვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, თანაც თავგზაარეული. ისე გათხოვდა, ჩემთან, ასე ვთქვათ, "ჩამოჯდომაც" ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე ვუვლიდი, მას ხომ ჩემ მეტი არავინ ჰყავდა. ჩვენ მშობლის მოვლის მოვალეობები კისერზე იმ ზეციურ ტვირთად გვადევს, რომელიც თუ მოვიშორეთ, დავიღუპებით. ამას ახლა უფრო კარგად ვაცნობიერებ. სიმართლე რომ ვთქვა, ოდესმე, ალბათ, დედინაცვალსაც მოვუვლიდი, რომ დასჭირვებოდა.
- გისმენთ და ვფიქრობ, როგორ ახერხებენ ადამიანები ასეთი მძიმე ცხოვრებიდან ფეხზე დადგომას...
- უმეტესობას თავად აიძულებს რთული ცხოვრება, გაიქცეს, თავს უშველოს, მაგრამ გააჩნია, კაცი ამ დროს სად წავა, შეიძლება უფრო უარეს სიძნელეში მოხვდეს. მაგრამ ამ დროს გულში თუ სიკეთის ერთ მარცვალსაც იპოვი, ცუდის აშორების შესაძლებლობას ის მოგცემს.
ჩემთვის ეს "მარცვალი" ის ხალხი იყო, ვისი სიკეთეც მახსოვდა, და კიდევ ხელოვნება: კინოებსა და თეატრებს ვერ მაშორებდნენ. თუმცა მსახიობობაზე არც მიფიქრია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, წამო, თბილისში უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბაროთო! რომ არაფერი ვიცი-მეთქი! იმან კიდევ, მაინც წამოდიო და მეც წამოვედი. აქ მისაღები გამოცდები ყველგან დამთავრებული იყო, გარდა თეატრალური ინსტიტუტისა, სადაც ისევ ჩემმა მეგობარმა შემატანინა საბუთები, რა გენაღვლება, სინჯეო. გამოცდაზე რომ მკითხეს, რაიმე იციო? უარის ნიშნად თავი გავაქნიე. მერე გამომცდელებმა რაღაც მუსიკა ჩართეს და ამ მუსიკას ხმაც ავაყოლე და ტანიც. თურმე ცეკვაც შემეძლო და სიმღერაც. ასე მოვხვდი ინსტიტუტში. ჩემს კურსზე იმედა კახიანი, ბელა მირიანაშვილი და ამისთანები სწავლობდნენ და მათი სილამაზის შემხედვარე რა კინოში წავიდოდი! ისინი კი სულ მექაჩებოდნენ კინოსკენ და არ მივყვებოდი. მერე კინო მაინც მოვიდა. ერთ-ერთი რეჟისორი ფილმს ბათუმის პორტში უცხოურ გემებზე იღებდა და "მასოვკაში" დამპატიჟა. ერთხელაც ოპერატორმა მითხრა, გუგული მგელაძე ფილმს იღებს და გასინჯვაზე გეპატიჟებაო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, არ მინდა-მეთქი. ამ ოპერატორმა, თუ კაცი ხარ, ნუ გამაწბილებ, უბრალოდ, სასინჯ კადრებში გადაგიღებენ, მაინც არავინ აგიყვანსო. არადა, ამიყვანეს. იმ ფილმს "ცისკრის ზარები" ერქვა...გაგრძელება