უკვე რამდენიმე წელია, რაც თიკო სადუნიშვილი არც ტელეეკრანებზე და არც საზოგადოებაში აღარ ჩნდება. ამის მიზეზებზე მან ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა:
„6 წლის წინ რა ხდებოდა, რატომ გავქრი ტელესივრციდან, სოციალური ქსელებიდან? ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაცების გადაფასება ხდება. თითქოს აზრს და ინტერესს კარგავ. ჩემი გაქრობაც ამ მიზეზით მოხდა. მქონდა დეპრესიული მომენტები, პანიკური შეტევები, დამოკიდებულება ანტიდეპრესანტებთან, დამოკიდებული ვიყავი ნარკოტიკებზე, ცნობიერების შემცვლელ ნივთიერებებზე. მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს. ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ ნივთიერებების ბრალი არ არის, რა ზიანიც მივიღე. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ცხოვრების მიზნების გადაფასების ეტაპიც.
დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია და დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებთან აღარ ვურთიერთობდი, ოთახიდან არ გამოვდიოდი, სუიციდურ აქტზეც მეფიქრებოდა. ჩემთვის რაღაც მომენტში ეს იყო ფსკერი. მე გარეგნულად ეს არ მეტყობოდა, უფრო ემოციურად ვიყავი ცუდად.
ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა თავს ცუდად გრძნობ, არის აღიარება საკუთარ თავთან და დახმარების თხოვნა სხვებისთვის. მე მიჭირდა ჩემს თავთან აღიარება, რომ ცუდად ვიყავი. გავურბოდი ამ მდგომარეობას, ვემალებოდი ამ ყველაფერს და ნივთიერებებიც სწორედ ამისთვისაა, რეალობიდან გაქცევისთვის. მზე ძალიან მიყვარდა, გათენება... მაგრამ დადგა პერიოდი, როცა მზესაც ვემალებოდი, სიბნელეში ვცხოვრობდი, აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდიდი. რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებდი და ვხედავდი, რომ ჩემი მომავალი ჩემი წარსული იყო. ავდექი და ვუპასუხე კითხვებს, როგორი ურთიერთობა მინდა მქონდეს საკუთარ თავთან, ადამიანებთან და სამყაროსთან და როგორი მქონდა მაშინ. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება შემეცვალა.
ჩემმა შვილმა იცოდა ჩემი პრობლემის შესახებ. ბოლომდე ვერ ვუზიარებდი ყველაფერს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი ბევრად მაღალია არა მხოლოდ შვილთან, არამედ მშობლებთანაც, ყველასთან. ახლა თავს ვგრძნობ ძალიან კარგად” - თქვა თიკო სადუნიშვილმა.