ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობის შემდეგ ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის შესახებ ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილთან ისაუბრა. ინტერვიუ „რადიო თავისუფლების“ გვერდზე გამოქვეყნდა:
“ძალიან ცუდად ვიყავი და მალევე მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ მაქვს უფლება გავჩერდე და ამ დროს თვალწინ ჩამიარა იმ წლებმა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებოდი. არავინ არ იცოდა, რომ ძალადობის ქვეშ ვიყავი. მივხვდი, რომ რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი და ბრძოლა დაიწყო, უნდა მივიყვანო ბოლომდე. მე უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე.
ამ ხალხს რაც შეეხება, არასოდეს არ მიფიქრია, რომ ვინმესთვის პასუხი გამეცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობ, სენტიმენტების მომენტი აღარ მაქვს. მაშინ ძალიან მიჭირდა და არის რამდენიმე ფრაზა, რომლებიც სულ მემახსოვრება: “ეს გოგო ფეხებით უნდა დაკიდო… ჩამოვართვათ დედობის უფლება...
მინდა, როდესაც სასამართლო დასრულდება, ხალხს ვუთხრათ, რომ ასეთი რამ არასოდეს არ დაწერონ. ვგმობ ყველანაირ ბულინგს, რადგან შენ არ იცი, იმ ადამიანის გამძლეობა სადამდე მიდის. შენ არ იცი, იმ ადამიანს რა შეიძლება დაემართოს. გამოტოვებული მაქვს ჩემი ცხოვრების საუკეთესო 8 წელი. ძალიან არ მინდა, რომ ქალებმა ამდენი ხანი მოითმინონ. მე ერთადერთი, რასაც ვნანობ, ძალიან ბევრი ვითმინე და ეს არაფრით არ შეიძლება. ამის გამო შესაძლოა ერთ დღეს აღარც იყო.
ამდენი ხანი ვერ გაძლებ ბრძოლაში, თუ არ გჯერა, რომ სიმართლეს დაამტკიცებ. ეს ბრძოლა ჩემთვის იმდენად რთული იყო, რომ უკან მოხედვის მეშინია. არასოდეს არ ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა არ ღირდა. ის, რაც მე გამოვიარე ამ ორ წელიწადში რთულია: ბრძოლები, მუქარები, ძალიან ცუდი ბულინგი. იმედი მაქვს, რომ ეს დაეხმარება სხვა ქალებს, რომ არ გაუჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, არ შერცხვეთ ამაზე ხმამაღლა საუბრის“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.