იტალიელი ვარსკვლავი მონიკა ბელუჩის შესახებ ამბობენ, რომ მან რამდენიმე ოპერაციის მეშვეობით შეინარჩუნა გარეგნობა, თუმცა თვითონ მსახიობი აღნიშნავს, რომ დღემდე არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის.
იხილეთ ინტერვიუ მონიკასთან:
თქვენი პარტნიორი რობერტ დე ნირო იყო, რომელიც ოცი წლით არის უფროსი თქვენზე. ეს ხელს ხომ არ გიშლიდათ?
- ასაკის დათვლა შეუძლებელია, განსაკუთრებით, როდესაც ასეთ მსახიობზე ვლაპარაკობთ. მუშაობისადმი მისი მგზნებარე დამოკიდებულება არაჩვეულებრივია, გადაღებების დროს იტალიურიც კი ისწავლა. მისი ტვინი ახალგაზრდაა, ასევე გულიც, რობერტს განუმეორებელი ხიბლი აქვს. გადასაღებ მოედანზე ყველა ქალი მასზე იყო შეყვარებული.
- თქვენც?
- მე ყოველდღე სიყვარულში ვცხოვრობ, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ მოვიქცე - უბრალოდ, ვქმნი მას ჩემ გარშემო. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უკვე 16 წელია ერთი და იგივე პარტნიორი მყავს - ვენსან კასელი, და ჩვენ ორი ქალიშვილი გვყავს. შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ სიყვარულზე ძალიან ვარ დამოკიდებული.
- შესანიშნავად გამოიყურებით. თუმცა მაინც გრძნობთ, რომ ბერდებით?
- გინდათ ჩემს პასპორტში ჩაიხედოთ? სანამ ჯანმრთელად ვართ, დროს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი, რაც ადამიანის სილამაზეს ქმნის - მისი გონება, გრძნობები და შთაგონებაა. ისე თავისთავად სილამაზე არაფერს არ ნიშნავს.
- თუმცა ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ თქვენ პლასტიკური ოპერაციები გაქვთ გაკეთებული...
- იმედი მაქვს, რომ კვლავ ვიპოვი საკუთარ თავში ძალას, ოპერაციებს არ მივმართო და ბუნებრივად დაბერებული ქალის სტატუსს შევინარჩუნებ.
- დაბერების არ გეშინიათ?
- მეშინია. მაგრამ არა ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკური. მინდა რაც შეიძლება მეტხანს დავრჩე ჩემს ქალიშვილებთან - მანამ, სანამ მათ დავჭირდები. სიბერე კი არ გაძლევს ამის საშუალებას - ის გაცილებით მეტ დროს ითხოვს დასვენებისთვის.
თუმცა ახლა რეჟისორები სულ უფრო და უფრო საინტერესო სცენარებს მიგზავნიან. გამოდის, სიბერესაც აქვს თავისი უპირატესობა.
- სამუშაო დღეებში როგორ გამოიყურებით?
- თუ ცოტა მძინავს, თვალებდალურჯებული ვიღვიძებ. ხშირად მაქვს მუწუკები, თმაც გამომიშრება ხოლმე. ჩემი ბავშვების დაბადების შემდეგ სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ თავს.
დიდი ხანია დროა ქვეყანამ გაიგოს, რომ ცხოვრებაში სულაც არ ვარ ისეთი, როგორც ჟურნალებში გამოვიყურები. მე სრულიად ჩვეულებრივი ქალი ვარ. არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ მაღაზიებშიც თავად დავდივარ პროდუქტების საყიდლად.
- ერთდროულად ცხოვრობთ ლონდონში, პარიზსა და რომში, და რაც უნდა დიდი სურვილი გქონდეთ, არ გექნებათ ნორმალური ცხოვრება...
- გეთანხმებით, ჩემი დატვირთული გრაფიკი კოშმარია, თუმცა მაინც ვცდილობთ მთელი ოჯახი ხშირად ვიყოთ ერთად. მე ბუნებით ბოშა ვარ. ბავშვები ყველგან თან დამყავს, ქვეყნიდან ქვეყანაში დავატარებ, ბაღიდან ბაღში.
- თავად ამზადებთ?
- აი, ყველას შურს ვენსანის, მიაჩნიათ, რომ მას საოცრად გაუმართლა, რადგან მე, როგორც ნამდვილი იტალიელი, კარგად უნდა ვტრიალებდე სამზარეულოში. თუმცა მთლად ასეც არ არის.
სამზარეულოში სრული არარაობა ვარ, რაღაც მარტივს ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ქალიშვილებისთვის. თუმცაღა თავად ძალიან მიყვარს ჭამა - ჩემთვის ეს ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა.
- ალბათ ბევრი ვარსკვლავივით თქვენც გაღიზიანებთ თქვენი პროფესიის საჯაროობა?
- ვცდილობ ამას ყურადღება არ მივაქციო. მაპატიეთ, მაგრამ არ მიყვარს ადამიანების შეშვება ჩემს პირად სამყაროში. არ ვლაპარაკობ ჩემი და ვენსანის ოჯახურ ცხოვრებაზე, მინდა დავიცვა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, თუ სიმართლე გინდათ გითხრათ, ახალი არაფერია ჩემთვის იმაში, რასაც თქვენ საჯაროობას უწოდებთ.
სადაც მე დავიბადე და გავიზარდე (იტალიის პროვინცია უმბრიას ჩიტა-დი-კასტელოში) საერთოდ არ არის კერძო ცხოვრება. ყველა ყველას იცნობს, ლამის ერთად ჭამენ საჭმელს და ჩემი ორიანები სახლამდე ჩემზე ადრე მიდიოდნენ. წეს-ჩვეულებებიც ჩვეულებრივი იყო: კაცები გზად მისტვენდნენ, ქალები კი ჭორაობდნენ.
- მოზარდობისას მოწიფული მამაკაცების მზერა და ყურადღება არ გაღიზიანებდათ ან არ გაკომპლექსებდათ?
- უფრო ალბათ ის მწყინდა, თუ არ მიყურებდნენ (იცინის). მე მგონია, რომ სილამაზეზე არ შეიძლება ილაპარაკო როგორც რაღაც ტვირთზე. სილამაზე დიდი შანსია, ამის გამო მხოლოდ მადლობა შეიძლება თქვა.
- არ განიცდით იმას, რომ ადამიანებს უფრო თქვენი სილამაზე იზიდავს, ვიდრე თქვენი პიროვნება?
- იმედი მაქვს, მე ეს არ მეხება. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ თუ ქალი ლამაზია, მაშინ ის აუცილებლად სულელია. ჩემი აზრით, ეს ძალიან მოძველებული აზრია. პირადად მე, ლამაზ ქალს რომ ვხედავ, პირველ რიგში, იმაზე კი არ ვფიქრობ, რომ ის სულელი აღმოჩნდება, არამედ იმას, რომ ის უბრალოდ ლამაზია.
- თქვენი მშობლები როგორ ცხოვრობენ?
- მგონი, საერთოდ არ იციან, რომ მათ ქალიშვილს მთელ მსოფლიოში ვარსკვლავს უწოდებენ. მშობლები აცნობიერებენ ჩემს პოპულარობას იტალიაში - ამით მთავრდება ყველაფერი.
როცა იქ ჩავდივარ, სახლში ნამდვილი ფუსფუსი იწყება. მეზობლები იკრიბებიან, რომ ჩემ შესახებ ახალი ამბები გაიგონ და ყოველ ჯერზე იმას ამბობენ, რომ ეკრანი მასუქებს. აბა, როგორ მოგწონთ ეს?