მის მიმართ საზოგადოების ყურადღება არასოდეს ნელდება. ორჯერ გააცდინა გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" და ორჯერვე უამრავი ჭორი აუგორეს.
ზოგმა გაათხოვა და მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ გაგზავნა, ისიც თქვეს შორენა ბეგაშვილმა შეთავაზებები მოსკოვიდან მიიღო და შეიძლება საქართველო დატოვოსო.
მას შემდეგ, რაც ერევანში მიმავალი მსახიობი ავარიაში მოყვა, ერთი თვე სახლში მკურნალობდა. სად დაისვენა და როგორ გრძნობს დღეს თავს, ამაზე შორენამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.
- შორენა, მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყევი, როგორ ხარ?
- ერთი თვე გავატარე სახლში და გამოჯანმრთელებული პირდაპირ სამსახურში გავედი. მაშინ "იღბლიანი ბორბალის" ერთი გადაცემა გამიცდა. მუხლები მქონდა დაბეჟილი და ავარიის დროს მანქანას თავი მივარტყი.
- მძღოლს ხომ არ უჩივლე?
- არა, როგორც იცით, გადაღებაზე მივდიოდი. ეს ავარია მისი ბრალი არ ყოფილა. თან ჩივილისთვის აღარავის სცხელოდა, მთავარია, ცოცხალი გადავრჩი და ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა. შემდეგ იმ გადაღებებზე სხვა გოგონა აირჩიეს.
- ყველა გადაცემის გაცდენისას შენზე ახალი ჭორი ჩნდება.
- უმიზეზოდ არც ერთი გადაცემა არ გამიცდენია. მეორედ მოსკოვში ვიყავი. ლევან თუთბერიძის ფილმი "უშენოდ მგონი მოვკვდები" ფესტივალზე იყო წარდგენილი.
მე, რეჟისორი და გიორგი ზანგური რამდენიმე დღით მოსკოვში გავემგზავრეთ, ამიტომ კიდევ ერთი გადაცემა გავაცდინე (იცინის).
- ეტყობა ძალიან ელოდება შენს გამოჩენას მაყურებელი, თორემ ამდენი ჭორი არ აგორდებოდა...
- ასე ძალიან ეტყობა, როცა გადაცემაში არ ვარ? ჟურნალისტები მირეკავდნენ და ისინი მეუბნებოდნენ ახალ-ახალ ჭორებს, რომლებიც ჩემზე ვრცელდებოდა. მე კიდევ იმ დროს სახლში ვიწექი და არაფერი მაინტერესებდა იმის გარდა, რომ ნორმალურად ვყოფილიყავი და მალე ავმდგარიყავი. ხშირად ტელეფონსაც ვერ ვპასუხობდი, უბრალოდ, ამის თავი არ მქონდა.
- მოსკოვური ამბები მოგვიყევი...
- ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და ფილმმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენების შემდეგ უამრავი მსახიობი, რეჟისორი და კრიტიკოსი მოდიოდა და კომპლიმენტებს გვეუბნებოდნენ. ჩემთვის ეს ცოტა წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ საქართველოში ყველა ამაყია და ზევიდან გიყურებს.
- აქაც ამბობენ, რომ ამ ფილმში განსაკუთრებულად კარგია შორენა ბეგაშვილი.
- კი, მეც ძალიან მიყვარს "უშენოდ მგონი მოვკვდები", თუმცა სხვა ფილმებს ალბათ უფრო ნაკლებად უკვირდებიან და ყურადღებას სხვა რაღაცებს აქცევენ.
- მოსკოვში რაიმე შეთავაზებები ხომ არ მიგიღია?
- კონკრეტულად არაფერი, მაგრამ მოდიოდნენ და ჩემს ნომერს იწერდნენ. ისედაც ძალიან დიდი ყურადღება იგრძნობა ქართველების მიმართ. გიორგი ზანგური ძალიან მოეწონათ, ხომ იცით, იქ ქართველი კაცები როგორი პოპულარულები არიან (იცინის), ასევე მეც, უბრალოდ ასე არ ხდება, რომ მეორე დღესვე დაგირეკონ.
- წელს სად იყავი დასასვენებლად, შენი შვილი ევა თუ გყავდა თან?
- მე და ევა განუყრელი დუეტი ვართ, მაგრამ წელს ისე მოხდა, რომ ერთად ვერ წავედით. რამდენიმე დღე გადაღებაზე ვიყავი, ის თურქეთში იყო წასული. მე რომ ჩამოვედი, მერე ქობულეთში წავიდა. მცირე დრო გავატარეთ ერთად, მაგრამ ახლა თბილისში ვართ და აუზზე ვისვენებთ (იცინის).
- შენთვის რამდენად კომფორტულია საქართველოში დასვენება, როდესაც უამრავი ადამიანი გაკვირდება?
- ამიტომაც აქ არც ვისვენებ. გინახავთ ოდესმე ბათუმის ან ქობულეთის პლაჟზე ვისვენებდე? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. არ შემიძლია დავისვენო, როცა ათასი თვალი გიყურებს, ძნელია წამოწვე, ლიფი გაიხსნა უკან და ისე გაირუჯო, რომ ზოლი არ გეტყობოდეს.
არ მინდა იმის თქმა, რომელ ქვეყნაში დავისვენე. უკვე იმდენად მაღიზიანებს, რომ ჩემზე ყველამ ყველაფერი იცის.
- იქ არ გაქცევდნენ ყურადღებას?
- ყურადღებას ყველა ქალს აქცევენ და კომპლიმენტებსაც ეუბნებიან, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. თან ახლა საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. რაც გამოვჯანმრთელდი, თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ, რადგან ცხოვრების ფასს მივხვდი.
- სიკვდილს ჩახედე თვალებში, თუ ასეთი მძიმე ავარიაც არ ყოფილა?
- მძიმე არ იყო, მაგრამ ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რომ კარიერა დავასრულე და ეკრანზე ვეღარ გამოვჩნდებოდი. ძალიან შემეშინდა.
- და ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიე.
- არა, ყოველთვის ასე ვიყავი და ყველას ვეუბნებოდი, ივარჯიშეთ, არ მოწიოთ, არ დალიოთ-მეთქი. მე ასე ვცხოვრობდი. სხვათა შორის სახლშიც მაქვს დიდი ტრენაჟორი, რომელზეც ვვარჯიშობ.
- შენი გრაფიკიდან გამომდინარე, ადრე დაძინებას რამდენად ახერხებ?
- თუ გადაღება არ მაქვს, 11-12 საათზე უკვე უნდა მეძინოს. რა თქმა უნდა, ეს იმ დღეებს არ ეხება, როცა მეგობრები სადმე წასვლას გადავწყვეტთ. როდესაც ძილი მაკლდება, ეს პირდაპირ ჩემს გარეგნობაზე აისახება.
- ახლა რომელ ფილმში გიღებენ, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ ფილმში ჯადოქრის როლს შეასრულებ.
- ამ ფილმზე ნამდვილად არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არ ვიცი, დაამტკიცებენ თუ არა. ფოტოსესია შედგა, მაგრამ გადაღებები არ დაწყებულა.
- დაგამახინჯეს, თუ ლამაზი ჯადოქარი ხარ?
- არა, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩაფიქრებულია, რომ საკმაოდ მახინჯი ჯადოქარი უნდა ვიყო.
- ამჟამად თავისუფალი ხარ გადაღებებისგან?
- კი, თუმცა რამდენიმე ფოტოსესია მქონდა. ჟურნალებისთვის გადამიღეს, ასევე საცურაო კოსტიუმების ფოტოსესიაში, ოღონდ არა საქართველოში. ამ ეტაპზე ამით ვარ დაკავებული, ფილმის გადაღება სექტემბერშია დაგეგმილი.
- ტელევიზიიდან ხომ არ გაქვს ახალი შემოთავაზება, გარდა "იღბლიანი ბორბლისა". გაგრძელდება ახალ სეზონზე?
- კი, გაგრძელდება, რადგან ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. სხვა შემოთავაზება ჯერ ჩემამდე არ მოსულა.
- ბოლო დროს ისეთი სკანდალური აღარ ხარ, მაგრამ რეიტინგს მაინც ინარჩუნებ.
- არც ერთი სკანდალი ჩემი დაგეგმილი არ ყოფილა. რაც კი ყოფილა, სამწუხარო იყო ჩემთვის და საბედნიერო ჩემი კარიერისთვის. ახლა წყნარად ვცხოვრობ.
- კარგად უმალავ საზოგადოებას შენს პირად ცხოვრებას?
- რაც უნდა დაუმალო, მგონი, მაინც ყველაფერი ჩანს. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ რამეს მალავს, ძალიან ცდება, ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, დეტალები არ იციან. მე ამ ეტაპზე მირჩევნია, ჩემი პირადი ცხოვრება ჩემთან დარჩეს და სახალხოდ არ გამოვიტანო.
- როგორ ფიქრობ, მიგიღო ქართულმა ბომონდმა?
- (იცინის) არც აქამდე ვუჩიოდი და არც იმაზე ვფიქრობდი, მიმიღებდნენ თუ არა. ვინ არის ქართული ბომონდი, უკაცრავად?
- ცნობილი მომღერლები, მსახიობები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გადაცემაში და ჟურნალების გარეკანზე ხშირად ჩნდებიან.
- არ მქონია ის იდეფიქსი, რომ მათ მივეღე. მათ ჩემთან შედარებით ძლიერი საყრდენი აქვთ. ბევრისთვის ნერვების მომშლელია, რომ ჩამოვიდა გოგო რუსთავიდან და უცებ აალაპარაკა მთელი თბილისი.
მე ვმუშაობ და ალბათ ამიტომაა, რომ ამდენი ხანია ჩემი საქმე გამომდის. სხვებზე სალაპარაკოდ არ მცალია. მიყვარს ჩემი საქმე და სხვასაც ალბათ ასე უნდა უყვარდეს.
- თუმცა პოპულარობა მამაკაცებთან ურთიერთობაში მაინც ხელს გიშლის...
- შეიძლება ჩემზე უფრო მეტად იეჭვიანონ, ვიდრე ჩემი მეზობლის შეყვარებულმა, მაგრამ როდესაც ადამიანი გამიცნობს, ხვდება, როგორი ვარ და ეჭვი არ ეპარება ჩემში.
- თუმცა გვინახავს ისეთებიც, ვინც შენს პოპულარობას შეუშინებია.
- იმიტომ, რომ გამაღიზიანებელია, როცა ყოველდღე ვიღაც რეკავს და მესიჯებს მიგზავნის.
- ამ გადმოსახედიდან რა ისწავლე საკუთარ შეცდომებზე?
- ცხოვრებამ მასწავლა, რომ მშვიდი უნდა ვიყო. საერთოდ, გაწონასწორებული ადამიანი ვარ. სიტუაციას შესაბამისად ვაფასებ და ეს მშველის თავის დამკვიდრებაში.
საერთოდაც, ასეთი ადამიანები უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე ფეთქებადი და გაუწონასწორებელი პიროვნებები. მე ჩემი ცხოვრება და მიზანი მაქვს. ყველას წარმატებას ვუსურვებ თავის საქმეში.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)