ფლორენციაში დაბადებული და აშშ-ში გაზრდილი მსახიობის ცხოვრებას მშვიდს ნამდვილად ვერ უწოდებ. ათ წლამდე სექტაში ღმერთის პირმშოები" იზრდებოდა, მერე აშშ-ში გაიქცა და უამრავი პროფესიის გამოცვლა მოასწრო.
მისი ბოიფრენდების სიაში ირიცხებიან მერილინ მენსონი და რობერტ როდრიგესი.
2007 წელს როუზი ავარიაში მოყვა და არაერთი პლასტიკური ოპერაციის გადატანა მოუხდა, რომ სახის კანი აღედგინა.
მიუხედავად ამდენი შეუთავსებლობისა, ფილმები მაკგოუენის მონაწილეობით უცილობლად წარმატებული ხდება - საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე სურათი მისი ფილმოგრაფიიდან: ყვირილი", შავი ორქიდეა", შიშის პლანეტა", სიკვდილის მტკიცებულება".
გარდა ამისა, მაყურებლისთვის ცნობილია ტელესერიალ მოჯადოებულებში" მონაწილეობით. სულ ცოტა ხნის წინ კი როუზი გამოჩნდა ფანტასტიკურ ბოევიკში კონანი
- ბარბაროსი". მსახიობი სიამოვნებით ესაუბრა ჟურნალისტებს საკუთარი ცხოვრებისა და ახალი როლის შესახებ. თავი არაფრით არ გადავიპარსე!"
- თქვენი პერსონაჟი მარიკი სიუჟეტისთვის ალბათ მნიშვნელოვანი ვინმეა?
- კარგი შეკითხვაა. ჩემი აზრით, კონანის სამყაროს ის ბევრ რამეს მატებს. ფილმში ბევრი მაგარი ბიჭია, ხელში მახვილით. მეც ვმონაწილეობ ხმლით ორთაბრძოლებში, თუმცა მგონია, რომ მარიკი თავის მოძრაობებს განუმეორებელ სტილს სძენს.
- ნუთუ მართლა მოგიხდათ თმის გადაპარსვა როლისთვის, თუ ეს თანამედროვე გრიმის სასწაულებია?
- თავდაპირველად რეჟისორმა მთხოვა გადაპარსვა, მაგრამ უარი ვუთხარი. ძალიან რთული იქნებოდა მერე თმის გაზრდა, მე ხომ გრძელი თმა მაქვს. ასე რომ, 6-6 საათი გრიმით მიწევდა ყოფნა - ღამის ორი საათიდან სამუშაო დღის დასრულებამდე.
მერე კი კიდევ ერთი საათი მჭირდებოდა გრიმის მოსახსნელად, თუმცა შედეგი ამად ღირდა.
- ალბათ ტანსაცმელიც გბოჭავდათ?
- საშინლად, თუმცა სიუჟეტის მიხედვით ჩემი გმირი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი იყო, არადა, კოსტიუმების ჩაცმაში სულ დახმარება მჭირდებოდა. ფეხი რომ დამცდენოდა და დავვარდნილიყავი, დამოუკიდებლად ვეღარ ვდგებოდი. მაგრამ კოსტიუმი მართლაც საუცხოო იყო, ასე რომ, იძულებული ვიყავი მომეთმინა.
- რით მიგიზიდათ ამ პროექტმა? თქვენი ფილმოგრაფიის გათვალისწინებით ასეთ როლში ნაკლებად გელოდით...
- ყოველთვის მიზიდავდა არაბანალური პერსონაჟები. ამ როლითაც, მგონია, რომ ჩემი თაყვანისმცემლები კმაყოფილები დარჩებიან. როცა სცენარი გამომიგზავნეს, თავდაპირველად როლი მამაკაცისთვის იყო განკუთვნილი.
მესმოდა, რომ ძლიერი როლი იყო, მამაკაცების როლები ხომ, როგორც წესი, უფრო ძლიერად არის დაწერილი. თუმცა მივხვდი, რომ მომეწონებოდა მარიკის განსახიერება. ძალიან მოსაწყენი იქნებოდა სულ ნორმალურად ყოფნა. ყველა ჩემს გმირს შორის მას ყველაზე უცხო გარეგნობა აქვს. ეს მაგარია, ძალიან სახალისო.
- თვითონ ასრულებდით ილეთებს?
- დიახ, ორთაბრძოლის მთავარ სცენაში თვითონ ვთამაშობდი. სცენა, როცა კედელზე მახეთქებენ, ჩემით ვერ შევასრულე, დანარჩენი ყველაფერი თვითონ გავაკეთე. საერთოდ, მომწონს ილეთების შესრულება და ვარჯიში.
ხშირად სათანადოდ ვერ მაფასებენ იმის გამო, რომ მხოლოდ 47 კილოგრამი ვარ. არადა, ძალიან ცდებიან. უფროს ძმებთან ერთად ვიზრდებოდი და ყოველთვის ისეთი გოგონა ვიყავი, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებდა.
ბავშვობა სექტაში
ცალკე აღნიშვნის ღირსია როუზის ცხოვრების ეტაპები. განსაკუთრებით კი მისი ბავშვობა. კონანი-ბარბაროსის" პრემიერაზე როუზმა აღიარა, რომ მისი ბავშვობა სულაც არ ყოფილა ნათელი და ბედნიერი. ის და მამამისი საკმაოდ საშიში რელიგიური სექტის ღმერთის პირმშოების" წევრები იყვნენ. სექტა მხოლოდ მაშინ მიატოვეს, როცა გოგონას ცხრა წელი შეუსრულდა.
როუზის მამას შეეშინდა, მის ქალიშვილს რაიმე უბედურება არ შემთხვეოდა, უფრო ზუსტად კი, ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარიყო.
მსახიობის თქმით, ამ სექტაში პოლიგამიისა და თავისუფალი სიყვარულის კულტი მეფობდა, ასე რომ, ქალები მასში მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ობიექტები იყვნენ, რომლებსაც მამაკაცების ყველა ახირება უნდა შეესრულებინათ. კაცებს შეეძლოთ რამდენიმე ცოლი ჰყოლოდათ და მათ ისე მოქცეოდნენ, როგორც მოესურვებოდათ.
საბედნიეროდ, როუზის მამა დროულად მოეგო გონს, სიმამაცე მოიკრიბა და სექტას ჩამოსცილდა, რათა შვილი უბედურებისგან ეხსნა. თუმცა იმ საშინელი დროის მოგონებები როუზს დღესაც არ ტოვებს.
მეორე მხრივ, მისივე თქმით, ალბათ ამ წლებმაც გამოაწრთო, დაეხმარა უფრო ძლიერი გამხდარიყო და მოგვიანებით ის საშინელი ავარია გადაეტანა, რომელმაც სახე დაუმახინჯა.
დღეს ცდილობს წარსულზე არ იფიქროს და ოპტიმიზმით უყურებს მომავალს. იმედი აქვს, უბედურებები უკვე მიილია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საჯაროდ რა ხანია არავის ხვდება. მის თითზე ცოტა ხნის წინ ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს, მაგრამ საქმროს ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია.