ჩვენი რუბრიკის - “ფილმები ცნობილი ადამიანების რჩევით” შემდეგი სტუმარი გახლავთ ახალგაზრდა მწერალი - Toresa mossy (ვახო მოსიაშვილი), რომელიც სამი წიგნის ავტორი გახლავთ.
Toresa mossy-მ ლიტერატურული პრემია საბა, 2014 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის მიიღო. მისი სადებიუტო რომანის სახელწოდებაა "სიბრძნე სიცრუისა".
ქართველი მწერლის საყვარელი ფილმების ხუთეული კი ასე გამოიყურება:
კვენტინ ტარანტინოს ეს ფილმი მრავალი წლის წინ ვნახე და ძალიან ღრმა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ის თუ როგორ ფლობს რეჟისორი სიუჟეტს, როგორ იწყებს და ავითარებს ამბავს. ეს იყო, რაღაც ახალი და თხრობის ეს განსაკუთრებული, განსხვავებული მანერა დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცა ჩემთვის.
ბევრი გაგებით ეს ფილმი ჩემთვის რევოლუციური იყო. ფორმებს თავი რომ დავანებოთ ამ ფილმის მთავარი იდეა ისაა, რაზეც ერთხელ მაინც უფიქრია ყველას. რამდენად რეალურია რეალობა ჩვენ გარშემო? იქნებ ყველაფერი მხოლოდ პროექციაა, იქნებ მთელი სამყარო ფანტაზიაა? და მთავარი მაინც რეალობასთან შეჯახების მტკივნეული მომენტია. განსაკუთრებით მახსოვს ადგილი, როდესაც საკუთარი ეკიპაჟის მოღალატე, აგენტს ხვდება რესტორანში და სტეიკს ჭამს. მის სახეზე განუზომელი ნეტარება იკითხება. ეს გვახსენებს ჩვენ არჩევანს, რომ თუ დავაკვირდებით რეალობას, დავიწყებთ მისი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობას, შესაძლოა სტეიკი ვეღარასოდეს შევჭამოთ. ეს ფილმი მარადიულ დილემებზეა. ჩემთვის კი კიდევ ერთი დაუვიწყარი ფრაზაა ამ ფილმში, რომელსაც ძალიან ხშირად ვუმეორებ ხოლმე ჩემ თავს: "ნუ ცდილობ კოვზის გაღუნვას ნეო, იფიქრე იმაზე, რომ კოვზი საერთოდ არ არსებობს".
ესაა ჰანეკის წარმოუდგენლად შემზარავი ფილმი. მიუხედავად იმისა რომ აქ არც ზღაპრული მონსტრები დარბიან და არც ადამიანებს ანაწევრებენ ბენზოხერხით და საერთოდაც არ არის საშინელებათა ჟანრის ფილმი, ის შემაძრწუნებელია თავისი რეალურობით. ხოლო მსახიობის გამოსვლა კამერაში პირდაპირ მაყურებელზე, არათუ ანეიტრალებს ამ შემზარავობას, არამედ თავისი ცინიკურობით გზაფრავს. მე ვფიქრობ ბოროტების ჭეშმარიტი ბუნება ასე არავის გაუშიშვლებია. საქმე იმაშია, რომ ბოროტება, რომელსაც ცხოვრებაში ვაწყდებით როგორც წესი ბანალურია და აქვს მოტივი. მაგრამ ეს ბოროტება ახსნადი და გასაგებია. გაცილებით უფრო იშვიათად ვხვდებით ბოროტებას, რომელიც ჩვენთვის აუხსნელია, არ გააჩნია მოტივი და ესაა უფსკრული, რომლის მიღმაც უბრალოდ არაფერია. სწორედ ამის გამო ის ხშირად ჩვენთვის უბრალოდ აუხსნელი და გაუგებარია. მე ვფიქრობ ეს ფილმი ერთ ადამიანურ ისტორიაში აშიშვლებს ისეთ ბოროტებას, როგორიც იყო სტალინი თავად, მის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირით და დღევანდელი რუსეთი მთელი თავისი ცინიკური აბსურდულობით.
ესაა ალფრედ ჰიჩკოკის ბოლო ნამუშევარი, სადაც მგონია რომ ბოლომდე ჩანს რეჟისორის პროფესიონალიზმი და გენიალურობა. როგორ შეუძლია გენიოსს ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი აქციოს გენიალურ ნამუშევრად. ფილმი იწყება თაღლითი ექსტრასენსისა და მასთან შეკრული ტაქსის მძღოლის დიალოგით. მოქმედება მანქანაში ხდება, ერთვები ამბავში, უსმენ მათ კამათს, მაგრამ მოულოდნელად მანქანა შუქნიშანთან ჩერდება. კადრში ჩანს ქალი, რომელიც წინ, გადასასვლელზე გადადის, მოულოდნელად კადრი გამოდის მანქანიდან და მიყვება ამ ქალს და იწყება აბსოლუტურად სხვა ისტორია ამ ქალზე, თუმცა რა თქმა უნდა ბოლოს ყველა სიუჟეტური ხაზი იკვრება. ესაა საოცარი ოსტატობა, სიუჟეტით თამაშის უმაღლესი კლასი, რამაც ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.
ეს მიუზიკლი მთლიანად The Beatles-ის მუსიკაზეა აწყობილი და La la land-თან ერთად ჩემთვის უსაყვარლეს მიუზიკლს წარმოადგენს. თავს ვერ დავდებ მის სხვა ღირსებებზე, თუმცა წმინდად სუბიექტურად ეს ნამუშევარი ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარი იყო. საქმე იმაშია, რომ 12 წლის ასაკში, ბნელ და ნაცრისფერ 90-იანებში, The Beatles-ის მუსიკამ ჩემში მთავარი გარდატეხა მოახდინა. ამ მუსიკამ დამარწმუნა რომ ჩემი რეალობის მიღმა არსებობდა ნათელი და ფერადი სამყარო, რომელიც ადრე თუ გვიან ყველანაირ ძალადობასა და უსამართლობას დაამსხვრევდა და ამან მე მიბიძგა მერწმუნა იმ იდეალების, რომლებისაც დღემდე ურყევად მწამს. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ამ მიუზიკლს ვუყურე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მუსიკის სუბიექტური აღქმის მიღმა არსებობს კიდევ ობიექტური აღქმაც, რომელიც მილიონობით განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს, მომავლის რწმენას და ადამიანების სიყვარულს უნერგავს. ამიტომ ეს მიუზიკლი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
<div class="apester-media" height="697" data-media-id="5c779407fd3ff018350c99b2"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>