კინოგიდის დღევანდელი რესპონდენტი მწერალი თათული ღვინიანიძეა. თათულის გაუჭირდა საყვარელი ფილმების სიიდან საუკეთესოების გამორჩევა.
მისი საყვარელი ფილმების რეიტინგი ასე გამოიყურება:
ადამიანები სუსტები არიან, სულიერი ტკივილის ატანა არ შეუძლიათ. მათ ურჩევნიათ დაივიწყონ ბედნიერი მოგონებები, თუ ტკივილი გაუყუჩდებათ ან სრულიად გაქრება. როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, თუ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს გონებიდან ამოვშლიდით? წაიშლებოდნენ ისინი გულიდანაც თუ შინაგან სამყაროში სიცარიელე დაგვრჩებოდა იმის ნიშნად, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაქრა? ყველა ურთიერთობა თავიდანვე კრახისთვისაა განწირული? გრძნობები მართლა კვდება თუ ტრანსფორმირდება და ოდესმე აუცილებლად ბრუნდება უკან? იქნებ ტკივილის ატანა ღირს იმ ბედნიერი წუთებისთვის, რომლებსაც ერთმანეთს ვჩუქნით? - ვფიქრობ, მიშელ გონდრიმ ბრწყინვალედ და ამომწურავად უპასუხა ამ შეკითხვებს. ჯიმ ქერიმ და ქეით უინსლეტმა კი არაჩვეულებრივად შეასრულეს თავიანთი როლები და ადამიანის სულის ყველაზე მიუვალი ნაწილები გააშიშვლეს.
უყურეთ სამეცნიერო ფანტასტიკა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია. ამიტომ ძალიან მინდოდა ტოპებში "ინტერსტელარიც" შემეყვანა. ვფიქრობ, ,,ინტერსტელარიც" აუცილებლად უნდა ნახოს მოაზროვნე ადამიანმა, რომელსაც სტანდარტული ფილმები დიდი ხანია მოსწყინდა. ახლა კი, კიდევ უფრო არასტანდარტულ კინოსურათზე, ,,ჩამოსვლაზე" გადავიდეთ. ერთი შეხედვით, ეს არის ფილმი ენაზე, თანამშრომლობაზე, ადამიანების მიერ ბარიერებისა და წინაღობების გადალახვაზე, შიშის დამარცხებაზე, მეცნიერებისთვის თავის მიძღვნაზე. გარდა ამისა, ახალი რასის შეცნობაზე, ამ პროცესის მზაობასა და ეტაპებზე. სიმართლე რომ ვთქვათ, მართლაც, ვინ იცის, როდის ჩამოგვაკითხავენ. მგონი, აღარავინ დავობს იმაზე, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. უგუნურობად და გადამეტებულ ამბიციად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ამხელა კოსმოსში მხოლოდ ჩვენს პლანეტაზეა სიცოცხლე. საყურადღებოა ამ ფილმში წამოჭრილი თეორია, დროის მართვა ენის საშუალებით. რეჟისორი გვანახებს, რომ ენა, რომლითაც ვსაუბრობთ ან კომუნიკაციას ვამყარებთ, პირდაპირ კავშირშია გონებასთან და ის ჩვენი ტვინის მუშაობას განსაზღვრავს. არ ვიცი, ქართველმა მაყურებელმა რამდენად შენიშნა, მაგრამ დედამიწაზე დაშვებული ერთ-ერთი ამოუცნობი ობიექტი შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთთან დაეშვა. ფილმში ნაჩვენებ რუკას თუ დააკვირდებით, თქვენც დარწმუნდებით ამაში. უცხოპლანეტელთა ხომალდების რაოდენობა 12-ია... რატომ? იქნებ რაიმე კავშირი აქვს ბიბლიასთან? ჩემი აზრით ,,ჩამოსვლა" გაჯერებულია მეტაფორებით, პარალელებითა და მინიშნებებით. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს. ბოლოს ვიტყოდი, რომ -"If you could see your whole life laid out in front of you, would you change things?”- ეს არის ფილმში გაჟღერებული ერთ-ერთი ღრმა და დასაფიქრებელი კითხვა, რომელზე პასუხიც მაყურებელმა აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა იპოვოს.
უყურეთ
"Live life as if there were no second chances" - სწორედ სიცოცხლით ტკბობას და წვრილმანებში ბედნიერების დაჭერას გვასწავლის ფილმი ,,დროის შესახებ". სიყვარულით გაჯერებული, ლამაზად გადაღებული კადრები ერთმანეთს ენაცვლება და შენ თვალწინ მთელი ცხოვრება მიფრინავს - გასავლელი ან უკვე გავლილი.
უყურეთ
"დიდი გეთსბი" ჩემთვის არის ეკრანიზაცია, რომელმაც წიგნს აჯობა, ასეთი რამ კი ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გეთსბის როლს ვერავინ შეისისხლხორცებდა ისე, როგორც ლეონარდო დიკაპრიომ შეძლო, ზედგამოჭრილია ამ როლისთვის. ზოგადად, ეს გმირი, ვფიქრობ, ბევრი ქალისთვის ოცნების მამაკაცია, კაცისთვის კი მისაბაძი მაგალითი. ადამიანმა დაიწყო 0-იდან და თითქმის ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც სურდა... მან ლამის არარეალური ერთგულება გამოავლინა დეიზის მიმართ, ქალის, რომელიც სულაც არ იმსახურებდა მის ღრმა და ძლიერ სიყვარულს. ძალიან მომწონს ამ ფილმის საუნდტრეკები - ლანა დელ რეის Young and Beautiful და ფერჯის A Little Party Never Killed Nobody. შეუძლებელია ცალკე არ გამოვყო კოსტიუმები, რომლებშიც მხატვრებმა და დიზაინერებმა აშკარად დიდი შრომა ჩადეს. ბაზ ლურმანმა (სხვათა შორის, ყველასთვის საყვარელი ,,მულენ რუჟი" - ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით - სწორედ მას ეკუთვნის) იდეალურად შეძლო მეოცე საუკუნის გაცოცხლება! უყურეთ
მოკლედ ვიტყვი, ეს არის ფილმი ადამიანებზე, რომლებსაც უწევთ სამართლიანობისთვის, ზნეობისა და ბავშვებისთვის ბრძოლა უადამიანო, უსამართლო სამყაროში. ვფიქრობ, ყველაზე მძიმე ფილმია, რაც კი მინახავს... გენიალურია მისი რეჟისორი - ჰუანგ დანგ-ჰიაკი, ხოლო გონ იუ მთავარი როლისთვის ნამდვილად "ოსკარს" იმსახურებდა. უყურეთ
,,შენთან ყოფნა" არის ფილმი სიყვარულზე, რომელიც სიკვდილმაც ვერ დაამარცხა... ქმარზე, რომელიც ძალიან ცდილობს, ცოლის გარდაცვალებას შეეგუოს და შვილს მიხედოს, იყოს კარგი მამა და ერთგული ქმარი; არის პატარა ბიჭზეც, რომელიც ძალიან ცდილობს, უდედოდ ცხოვრებას შეეგუოს, მაგრამ არ გამოსდის, ერთი წლის შემდეგაც კი მის მოლოდინშია. ,,ღამის ცხოველები" კი პირიქით, არის ცოლზე, რომელმაც მწერალი ქმარი უპერსპექტივობის გამო მიატოვა და მდიდარ მამაკაცს მისთხოვდა, თუმცა დრო გავიდა და თავისი არჩევანი ძალიან ინანა. მეტაფორებითა და მინიშნებებით გაჯერებული ფილმია. ზოგადად, ემი ადამსს სჩვევია ასეთ კინოსურათებში გამოჩენა. ,,სილამაზე შიგნიდან" სათაურითვე ყველაფერს ამბობს, ეს არის ფილმი ადამიანზე, რომელსაც მოუწია მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით, სულის შეყვარება, სხეულის არასტაბილურობის გამო... დაინტრიგდით? მაშინ აუცილებლად ნახეთ, ვუ ჯინი ყოველდღე ახალ სხეულში როგორ იღვიძებს.
უყურეთ