ყველაზე ქარიზმატული, ცეცხლოვანი, ინტელექტუალი, მეფე - ეს ის ეპითეტებია, რომელსაც თურქული კინემატოგრაფიის ვარსკვლავ ენგინ აქიურექზე საუბრისას კინოკრიტიკოსები და ფანები ხშირად იყენებენ. აქიურექი თურქული კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული მსახიობია, რომელსაც ქართველი მაყურებელი სხვადასხვა როლით იცნობს.
თურქულ სერიალებში მის მიერ განსახიერებულ გმირებს უკვე ლეგენდარულს უწოდებენ. ენგინი ერთ-ერთია იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც თურქულ კინოინდუსტრიას მსოფლიოს მასშტაბით წარმატება და აღიარება მოუტანა.
თურქეთში ამბობენ, რომ ენგინი - ეს ნიჭი და წარმატებაა. ჩვენს ქვეყანაში აქიურექს იცნობენ სერიალებიდან - "რა დააშავა ფატმაგულმა“, "შავი ფული და სიყვარული“ და ახლა უკვე სერიალით - "ელჩის ქალიშვილი“, რომელიც უახლესი ნამუშევარია.
სამივე სერიალი გლობალური მასშტაბითაა პოპულარული, უფრო მეტიც "შავი ფული და სიყვარული“ თურქულ სერიალებს შორის გაყიდვებით პირველ ადგილს იკავებს და მსგავსი წარმატება ამ დრომდე არცერთ თურქულ ნამუშევარს არ ჰქონია.
ენგინს ყველაზე ინტელექტუალ მსახიობს უწოდებენ. ის პროფესიით ისტორიკოსია და გარდა მსახიობისა, მწერალიცაა. მისი წიგნი Sessizlik სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.
ცოტა რამ ენგინ აქიურექის კარიერის შესახებ
ენგინი 1981 წლის 12 ოქტომბერს ანკარაში დაიბადა. მამა პოლიტიკოსია, დედა დიასახლისი. ენგინს ერთი ძმა ჰყავს. 2004 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ენგინმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო კონკურსში "თურქეთის ვარსკვლავი“, სადაც გაიმარჯვა, ამის შემდეგ კი, თავისი პირველი როლი მიიღო სერიალში Yabanci Damat. ენგინის პირველი წარმატებული სერიალი Bir Bulut Olsam იყო, სადაც "შეშლილი შეყვარებულის", მუსტაფა ბულუთის როლი შეასრულა და ეს როლი დღემდე მსახიობის სავიზიტო ბარათია.
"შავ ფულსა და სიყვარულში“ შესრულებული მთავარი როლისთვის სეულის საერთაშორისო ფესტივალზე ენგინმა 2014 წელს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული მიიღო. ასევე, ამავე როლით ნომინირებული იყო Emmy Awards-ზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
ენგინ აქიურექი არასდროს ირჩევს მარტივ როლებს, მისი გმირები გამოირჩევიან ხასიათის შტრიხების სიღრმით. მსახიობი თავისი როლებით საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეხმიანება და ცდილობს, ეკრანზე გადმოიტანოს ის მანკიერებები, რომელიც ძირითადად ქალზე ძალადობას, ხალხში არსებულ დრომოჭმულ შეხედულებებს ეხება და მაყურებელს აჩვენოს ცუდსა და კარგს შორის განსხვავება და ასევე ის გზები, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა კათარზისი განიცადოს.
სწორედ ამის გამო, ენგინის ფანები ამბობენ, რომ ის არ ჰგავს სხვებს, რომ გაცილებით მაღლა დგას დანარჩენ თურქ მსახიობებზე, მისი როლები არ არის შაბლონური, მარტივი და უბრალო "საპნის ოპერისთვის“ დამახასიათებელი, სწორედ ამის გამოა, რომ მის მიერ შესრულებული გმირები არასდროს ავიწყდებათ და არ რჩებიან ჩვეულებრივ რიგით "სეზონურ გმირებად."
"ელჩის ქალიშვილი"
ენგინის ბოლო ნამუშევარი, სერიალ "ელჩის ქალიშვილში“, მის მიერ შესრულებული მთავარი გმირი, სანჯარ ეფეა. სერიალის გადაღებები ახლახანს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გადასაღებ მოედანზე არაერთი პრობლემა წარმოიშვა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>