ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველასთვის კარგად ნაცნობი საკულტო სერიალი Sex And The City ეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება. HBO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, And Just Like That-ის პრემიერა 2021 წლის 9 დეკემბერს შედგება. მონატრებულ და საყვარელ სახეებთან ერთად, ახალი სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი მსახიობი იუნა შაფათავაც გამოჩნდება.
მან ამ სიახლისა და გამოცდილების შესახებ OK! Magazine Georgia-სთან ისაუბრა: „მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ And Just Like That-ის გადაღებები დაიწყო, მომინდა სერიალში მოხვედრა, თუმცა ვიცოდი, რომ შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლი იყო. კოვიდის გავრცელების შემდეგ ამერიკაში შემდგარი მსახიობები პროექტებზე უკვე თავისუფლად მუშაობდნენ. კასტინგები, ძირითადად, ონლაინ ტარდებოდა… ამ პროექტში მოსახვედრად უნდა ყოფილიყავი გილდიის (SAG Screen Actors Guild) წევრი, რომ “მოლაპარაკე” როლი გქონოდა. გამონაკლისები იშვიათად ხდებოდა, ასეთ პროექტებზე მით უმეტეს.
ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, ნაცნობობის გარეშე რთულია რამის გაკეთება. უბრალოდ, საქართველოსა და სხვა პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ შემოთავაზებაშია სხვაობა. ნიუ-იორკში დაახლოებით 50,000 მსახიობი ცხოვრობს და ყველას სურს მუშაობა. კოვიდის შემდეგ სოციალური აქტივობა ძალიან შეზღუდულია, ისევ და ისევ ვარსკვლავებზეა გათვლა. ვაქცინირება მუშაობის აუცილებელი პირობაა. მოკლედ, ვიპოვე სააგენტო და გავაგზავნე ანკეტა. შემდეგ შემიყვანეს სიაში, მეც ჩემს ანკეტას ამ პროექტზე თითქმის ყოველდღიურად ვაგზავნიდი. როდესაც გამოხმაურება მივიღე, მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, აყვანილი ვიყავი თუ არა. დიდი სურვილი კი მქონდა, დიდი როლი მიმეღო, მაგრამ ეს ე.წ. background როლია, რაც ნიშნავს სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩენას.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე უზარმაზარი გარდერობი აქვთ, სადაც ძალიან ფართო არჩევანია, სერიალიდან თავიდანვე გწერენ: “ეს არის luxe (chic) კლასის პროექტი და თუ გაქვთ შესაბამისი ტანსაცმელი, რისი ჩაცმაც გსურთ, წამოიღეთ.” ასე რომ, მე რაც მინდოდა – ჩავიცვი. გადაღება კონფიდენციალურად დაცულ ადგილას იყო, მოედანზე კი ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მთელი სერიოზულობით ამხედეს, დამხედეს და მითხრეს, გადასარევად გაცვიაო, თმაზე და მაკიაჟზე თანხმობა განაცხადეს. თმა დამიხვიეს და ძალიან ლამაზი მაკიაჟი გამიკეთეს. მაკიაჟი კი ბევრჯერ გაუკეთებიათ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს რაღაც სასწაული იყო… თვითონ ეპიზოდზე ვერ მოგიყვებით, არ მაქვს უფლება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გადასაღებ მოედანზე სერიალის ერთი წუთისთვისაც კი ძალიან ბევრი დრო და ენერგია იხარჯება. სუპერპროფესიონალური დონეა, უამრავი ადამიანი მუშაობს სცენის გაკეთებაზე. გამოცდილება ენით აღუწერელია. სასწაული!!! ჩემთვის ასეთი პროექტი იყო პირველი – ბოლივუდის გარდა, რაც თბილისში ოპერაში გადავიღეთ, მაგრამ ეს არის ნიუ-იორკი და Sex & the City-ს გაგრძელება. რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მკითხველებს, ეს არის სარა ჯესიკა პარკერი. დიახ, გამიმართლა და მე ის ვნახე, მაგრამ რომელ სცენაში, კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ჯერ ვერ მოგიყვებით. ეს გრძნობა იყო გადასარევი… გადასაღებ მოედანზე არათუ ფოტოების გადაღება, არამედ მსახიობების მიერ ერთმანეთის შეწუხებაც კი აკრძალულია.
შემიძლია გითხრათ, სარა ჯესიკა პარკერი ძალიან კარგად გამოიყურება; ყველანაირი კოსმეტიკური თუ პლასტიკური ქურურგიის ჩარევების გარეშე; ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ანათებს ნამდვილად და ყოველთვის კონცენტრირებულია გადაღების პროცესზე. ის ეპიზოდი, სადაც მე გამოვჩნდები (იმედია), გავა კათოლიკურ შობას (დაახლოებით). წინასწარ ვიხდი ბოდიშს, რომ უბრალოდ გამოვჩნდები. უფრო მეტს შევძლებდი აქამდე, კოვიდი რომ არა. კოვიდმა თითქმის 2 წელია, ყველაფერი შეანელა. რეპუტაცია და გადასაღებ მოედანზე ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ გარეგნობა და ნიჭი არაფერს ნიშნავს; შეიძლება წამში “გაფუჭდე”.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გადაღებაზე არ დაიშვები, თუ Anti sexual harrassment and discrimination ტრენინგი არ გაიარე. ყველაფერი უნდა მოისმინო და კითხვებზე უპასუხო, რის შემდეგაც სერტიფიკატს გაძლევენ, რომელიც სულ თან უნდა გქონდეს, რაც გულისხმობს ზედმეტი უაზრო კომპლიმენტი ან კომენტარი გარეგნობაზე, წარმოშობაზე, სექსუალური ხასიათის /სექსისტურ ხუმრობაზე, დისკრიმინაციული ხასიათის ან არასასიამოვნო კომენტარი იბლოკება უმალვე, თუ ასევე ვინმეს არ მოეწონა შენი ქცევა. რაც შეეხება ჩემს სამსახიობო კარიერას, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა; ზოგი ჯერ კიდევ მსვლელობის პროცესშია. ჩემი პიესა კირა/რეინკარნაცია 2019 წლის DreamUp საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გავიდა, რომელშიც მე ვითამაშე და დადგმაც მე მეკუთვნოდა.
არასოდეს მდომებია SAG გილდიის წევრობა, მაგრამ ახლა ეს ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდე გილდიის წევრი; რაც გამართლებაზეა, რა პროექტში მოხვდები და ვინ რა თვალით შემოგხედავს.. ამბობენ, 25 წლის ასაკში მსახიობის პროფესია მორჩენილია. 40 წლის ასაკში ჩამოვედი ამერიკაში და 45 წლის ასაკში ბევრს ილუზიაც არ აქვს არაფრის, მაგრამ გარეთ 2021 წელია და მთავარი, ჩემი აზრით, მონდომებაა. მსახიობად მუშაობას აქვს მთავარი ოქროს წესი: დიდია პროექტია თუ პატარა, გიხდიან თუ არ გიხდიან, უარი არასდროს არ უნდა თქვა, თუ მოგწონს და ნორმალური შემოთავაზება გაქვს, უნდა მიხვიდე. მთავარია გამოჩნდე, შენ ხომ არ იცი, გადასაღებ მოედანზე ვის გაიცნობ ან ვინ შეგხვდება… არასდროს იცი, რომელ შეხვედრას რა საქმიანი შემოთავაზება მოჰყვება. ჩემი აზრით, მთავარი მაინც ამ საქმიანობაში შრომისმოყვარეობა და მონდომებაა“ - აღნიშნა იუნა შაფათავამ.