19 სექტემბერს რუსთაველის თეატრის მსახიობის, მარინა კახიანის დაბადების დღე იყო. მას 65 წელი შეუსრულდა. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვა.
ერთ-ერთ გადაცემაში მარინა კახიანმა საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა:
„ბევრი პროფესია არსებობს, რომლებიც მომწონს. პირველ რიგში, ეს არის პროფესია ექიმი. მე ვიქნებოდი ექიმი, რადგან მგონია, რომ ყველაზე ღირსეული საქმეა, მაგრამ მაინც - მსახიობობა... ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და რისი კეთებაც ყველაზე ძალიან მიყვარს. მსახიობობა ადვილი ჰგონიათ და არ არის ადვილი. ცოტა ფსიქოლოგიც უნდა იყო, თამამიც უნდა იყო. მე ძალიან შემიშალა ხელი ჩემმა მორცხვობამ. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე არ გამიმართლა, რადგან მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა რობიკო სტურუამ გადაწყვიტა, ერთადერთხელ აეყვანა სამსახიობო ჯგუფი და ამან ის განაპირობა, რომ მე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. ერთ-ერთ მთავარ როლზე მან აიყვანა ახალგაზრდა გოგონა და ეს გოგონა ვიყავი მე. მე არ ვიცი, გავიაზრე თუ არა მაშინ, რა ბედის საჩუქარი იყო ეს ჩემთვის. ბევრი შესაძლებლობა მომცა ცხოვრებამ, ბევრი ხმაურიანი როლი მხვდა წილად. ხანდახან ვთვლი, რომ შემეძლო ყველაფერი უკეთესად გამეკეთებინა და რაღაც დავაკელი. რაზეც ვოცნებობდი, პრინციპში, ის მაქვს. მაქვს საშუალება, ყოველდღიურად შევხვდე მაყურებელს. დიდად არ მიყვარს ჩემი თავის ყურება ეკრანზე, იშვიათად რომ რამე მომეწონოს“ - ამბობდა ის.
მსახიობმა პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა:
„ხშირად აიგივებენ პერსონაჟს მსახიობთან. მე ვთვლი, რომ განსაკუთრებით „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟთან არაფერი საერთო არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მეც ვარ დედა და ბებია. ჩემი შვილისთვის მეც ბევრჯერ მიმიცია რჩევა, ის ძალიან ადრე დარჩა მამის გარეშე და ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ის დღეს კარგი ადამიანი და კარგი ვაჟკაცია. მიუხედავად საკმაოდ რთული ცხოვრებისა, სევდა დეპრესიაში არასდროს გადამსვლია. არასდროს მეცალა იმისთვის, რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. მუდმივად შეყვარებული ვარ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და იმ ჯადოსნურ ადგილზე, სადაც ყოველდღე მიწევს ყოფნა“ - აღნიშნა მან.