პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთგულმა მაყურებელმა იცის, რომ სერიალი დროებით დაპაუზებულია. როგორც განმარტავენ, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. რა განცდა აქვთ დღეს, რას საქმიანობენ და როგორია იმ მსახიობების მდგომარეობა, ვის ცხოვრებაშიც ეს სერიალი დიდი დოზით იყო? - ამის გასარკვევად მთავარ გმირებს დავუკავშირდით.
ლევან ყოჩიაშვილი:
- 11 წელია, ეს სერიალი გადის. დამეთანხმებით, პატარა დრო არ არის. შესაბამისად, "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, დავით გოცირიძე ისევ განვასახიერო. ჩემს გონებას, სხეულს ეს გმირი დამახსოვრებული ჰყავს. ამ პერსონაჟის გარეშე ცხოვრება ადვილი არ არის, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. შეიძლება ითქვას, რომ 11 წელი გადასაღებ მოედანზე ვცხოვრობდი.
- ყველაზე მეტად, რა გენატრებათ?
- პარტნიორები, ქეთი დევდარიანის დაწერილი ამბები, მოლოდინი - ნეტავ როგორ მოიქცევა დათო? ახალი რა იქნება, რისი გაკეთება მომიწევს? მთელი პროცესი -სცენარის წაკითხვიდან ეთერში გასვლამდე, ყველაფერი მენატრება.
- სერიალმა ძალიან პოპულარული გაგხადათ. როგორც მსახიობს, რა მოგცათ "ჩცდ"-მა?
- ძალიან დიდი გამოცდილება, კამერასთან, პარტნიორებთან მუშაობის. კვირაში სამი სერია გადიოდა და დროის ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პოპულარობა სასიამოვნოა. როცა ვიღაც გხვდება, გიღიმის და გეუბნება, რომ გიყურებს, ეს მსახიობისთვის სიცოცხლეა.
- თქვენი პერსონაჟი ხშირად გაოცებდათ?
- სულ ვფიქრობდი, ამ კაცის ცხოვრებაში მეტი რაღა უნდა მოხდეს, კიდევ რამ უნდა გამაკვირვოს?! მაგრამ მოვიდოდა სცენარი და სრულიად მოულოდნელი ამბავი შემოდიოდა. კარანტინის სერიებს სულ არ ველოდებოდი, მაგრამ უძლიერესი გამოვიდა. ჩემი და ნინას მონოლოგს საზოგადოება დიდხანს განიხილავდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა. ძალიან ბევრი წერილი მომდის ემიგრანტებისგან. როგორც მწერენ, "ჩემი ცოლის დაქალები" რომ გადიოდა, იკრიბებოდნენ და ერთად უყრებდნენ, სერიალი მათი შეკრებების ერთ-ერთი მიზეზი ყოფილა. ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარს, მადლობა მათ მრავალწლიანი ერთგულებისთვის!
ანა ტყებუჩავა:
- ახლა იმ ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც სერიალის გადაღებების პარალელურად შეუძლებელი იყო. იმ დროის დეფიციტს, რომელიც მაშინ მქონდა, ვინაზღაურებ. გადაღებების პროცესის დაპაუზება ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების ნაწილია: ხან არის, ხან - არა. გამართლება იყო, რომ ამდენი წელი სტაბილურად ვიღებდით, ვთამაშობდით და ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ დასრულდა...გაგრძელება