არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ნოეს კიდობანი არის საქართველოში, კერძოდ სოფელ ნუნისში.
ზოგადი ინფორმაცია: კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის ტყე-პარკში.
განთქმულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივად თბილი, მინერალური გოგირდოვანი წყლით, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს.
კომპლექსი ”სამთა ნუნისი" შედგება სამვარსკვლავიანი სასტუმროს, სტანდარტული და ეკონომკლასის კოტეჯებისაგან.
კვება: სამჯერადი - მენიუში შემავალი კერძები დამზადებულია ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტებისგან, შედგენილია ექიმთა რეკომენდაციით.
ჰავა ნუნისში სუბტროპიკულია, ცივი ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით. რკინიგზის სადგურ მოლითიდან დანიშნულების ადგილამდე, შეგიძლიათ იმგზავროთ კურორტის კუთვნილი ავტომანქანით ან ტაქსით.
ტაქსები დგას სადგურ მოლითთან და კურორტამდე მგზავრობის ღირებულებაა 8-10 ლარი. საკუთარი ავტომანქანით მგზავრობის მსურველთათვის აუცილებელია ორხიდიანი ავტომანქანა, ჩუმათელეთი-მოლითის 22 კმ-იანი მონაკვეთის გასავლელად. ამ გზის დასაფარავად დაახლოებით საათ-ნახევარი დაგჭირდებათ
ისტორიული ცნობები:
ნუნისის წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობები, ლეგენდის თანახმად, დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქას უკავშირდება.
დავით აღმაშენებელმა თვითონ გამოსცადა სამკურნალო წყლის საოცარი ძალა - ბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა, ქანცგაწყვეტილი და ზურგდატყავებული ცხენები ნუნისის წყალთან მიუყვანია, ცხენებს წყალი დაულევიათ და შიგ ჩაწოლილან.
მალე ჭამაც დაუწყიათ და ზურგიც გამრთელებიათ. ბრძოლიდან მობრუნებულ მეფე თამარს ნუნისის მიდამოებში შეუსვენია, სოფლის შემოგარენი მოსწონებია და ამ უმშვენიერეს ადგილას ეკლესიის აგება უბრძანებია. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა და დღემდეა შემონახული.
ხალხური გადმოცემით, ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველები ნუნისის მინერალური წყლის საშუალებით მუნისაგან იკურნებოდნენ.
შემდგომში მისი გამოყენება მოსახლეობას თავადაც უცდია და არაჩვეულებრივი შედეგის მოწმეც გამხდარა. მოკლე ხანში ნუნისის წყალი ცნობილი გახდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სამკურნალოდ.
ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ”ბერების კლდე”. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული.
ამბობენ, რომ ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ”ბერების კლდეს”. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ნოეს კიდობანი არის საქართველოში, კერძოდ სოფელ ნუნისში.
სვეტიცხოველზე გამოსახულ ხელს გონიო უჭირავს, რომლის კუთხის პროპორციული გაზრდის შემდეგ ზუსტად ისაზღვრება კიდობნის ადგილმდებარეობა, რომელიც ისევ ნუნისს უთითებს...
თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდებია, სინამდვილეში კი ნუნისი არის სამთო-კურორტი, ულამაზესი ბუნებითა და კარგად მოწყობილი დასასვენებელი კომპლექსით.