საღამოს დარჩენილმა ნაწილმა ინცდიდენტების გარეშე ჩაიარა.
პირად თემებზე, დიდად, აღარც უსაუბრიათ. ისე ტექნიკურად შემოაბრუნა ღვინიანიძემ ყველაფერი სათავისოდ, ეჭვსაც ვერ შეიტანდით, დიდიხნის დაგეგმილი თუ ჰქონდა ეს დიალოგი. ფაქტობრივად, საქმიან შეხვედრას უძღვებოდა, მეგობრულ სტილში.
არც ელენე იმჩნევდა, ყველაფერს რომ ამჩნევდა. ისე აღიზიანებდა ეს კაცი, თვითონაც ვერ ხვდებოდა, ეს უარყოფითი დამოკიდებულება დემნას მონაყოლის დამსახურება იყო, თუ დავითიც მუშაობდა საამისოდ. ვერაფრით მოახერხა მასში დადებითის დანახვა. ვერც ერთ ჭრილში. იმაზეც კი ნერვები ეშლებოდა, კაცი რომ ასე იდეალურად აჩენდა თავს და ელემენტარულ შეცდომასაც კი არ უშვებდა.
– ვფიქრობ, ჩვენი პირველი შეხვედრის უსიამოვნება გაგიქარწყლე. ხომ ასეა? – გაუღიმა ლენას, დესერტი რომ შემოიტანეს.
– უსიამოვნება არ ყოფილა. – და არც მაჩაბელი ჩამორჩა ღიმილში. – უბრალოდ, არავისთან ვიჭერ საქმეს, სანამ არ შევისწავლი. ეს კი, ჩემს პროფესიაზე, განსაკუთრებით ვრცელდება.
– და არ იყო საკმარისი ის, რომ უფროსი სხვანაირად ფიქრობდა?!
– დავით, გიორგი შეიძლება კომპანიის უფროსია, მაგრამ ფინანსური მხარე მე მაბარია. ჩემი ერთი შეცდომაც კი, თუნდაც, სრულიად გაუაზრებელი, საკმრისი იქნება ამხელა კორპორაციის გაკოტრებისათვის. ვალდებულიც კი ვარ, უნდობლობა გამოვიჩინო, სანამ პარტნიორი ჩემთვის სრულიად გახსნილი არ იქნება.
– ზედმეტად საქმიანი ხარ. – ჩაეცინა და გაგრძელებასაც აპირებდა, დაცვის ბიჭებიდან ერთ – ერთმა, ბოდიშის მოხდით რომ შეყო ოთახში თავი და მხოლოდ ნებართვის აღების შემდეგ მიუტანა კონვერტი.
– საჩქარო იყო... – მოიბოდიშა კიდევ ერთხელ და ლენას არც მისი დაძაბულობა გამოჰპარვია, არც ღვინიანიძის გამომეტყველების ცვლილება და არც ის, კაცმა, სრულიად მოულოდნელად, ბუხართან რომ გადაინაცვლა და რამდენიმე წამში, კონვერტიდან ამოღებული ფურცელი ცეცხლში შეაგდო.
– უსიამოვნო სიახლეა? – ვერც მოასწრო ენაზე კბილის დაჭერა, ისე გაექცა შეკითხვა.
– ბატონო?!
– წერილს ვგულისხმობ... – უპასუხა ისე, წამითაც არ მოუშორებია მზერა და ღვინის ბოკლით ხელში, მშვიდად მიუახლოვდა ბუხარს.
– არა. არაფერი მნიშვნელოვანი...
– არ მეგონა, დღევანდელ დროში, ასეთი სერიოზული ბიზნესმენები ფოსტით თუ სარგებლობდნენ...
– რატომ?! მე მიყვარს წერილები...
– მეც მიყვარს. მაგრამ, ვინახავ კიდეც.
– ზოგჯერ, არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით თავის დამძიმება. ზოგი ინფორმაცია მხოლოდ იმისთვისაა, რომ მივიღოთ, პასუხის დაბრუნება კი, აუცილებლობას არ წარმოადგენს. – ზედმეტად ორაზროვნად საუბრობდა და რომ არა ეჭვები, ელენე იმასაც იფიქრებდა, საინტერესო ადამიანიაო. თუმცა, მისი ინტერესის ერთადერთ სფეროს ახლა ის წერილი წარმოადგენდა, რამდენიმე წამის წინ რომ დაიწვა. განა, რა ინფორმაცია იყო ასეთი, მაშინვე რომ გაანადგურა?!
– ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა... – გაუღიმა მოულოდნელად. ისედაც დიდხანს გაძლო, მეტად თამაშის თავი უკვე აღარ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ დემნას მდგომარეობაც აშფოთებდა.
– რატომ ჩქარობ?!
– მელოდებიან... – უპასუხა სწრაფად, დაკვირვების შემდეგ კი, ხაგზასმით დაამატა: – შვილი მელოდება.
– იმედია, ერთხელ გავიცნობ შენს ქალიშვილს... არ მოგყავს – ხოლმე სამსახურში?
– დაკავებულია. – ჩაეცინა, ლილუს საქმიანი იმიჯი რომ გაახსენდა. ისე მოირგებდა ხოლმე დატვირთული ქალის როლს, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მის გულწრფელობაში. – სწავლობს, მუსიკალურ სკოლაში დადის, თავის საქმეებშია ჩართული, არ სცალია უფროსებისთვის...
– არც მაშინ მოიცლის, ამას მე თუ მოვინდომებ? – უცნაურად შეეცვალა ტონი ღვინიანიძეს. ბუხრის თავზე ჩამოდგა საკუთარი ბოკალი და ისე ნელა, მტაცებლური სიდინჯით მიუახლოვდა ქალს, ვერ გაიგებდით, ეფლირტავებოდა, თუ, რაღაც მნიშვნელოვანის გარკვევას ცდილობდა.
ლენას კი, წარბიც არ შეხრია მის საქციელზე. არც უკან გაწეულა და არც სახეზე შეტყობია უსიამოვნება. პირიქით, ჯიუტად არ იშორებდა ღიმილს, მიუხედავად იმისა, შინაგანად აფეთქების ზღვარზე რომ იყო უკვე.
– ლილუსთვის პრიორიტეტეს ადამიანის ვინაობა და თანამდებობა არ წარმოადგენს. თავისი პრინციპების მიხედვით არჩევს, ვინ იმსახურებს მის დროს. ამიტომ, წინასწარ ვერაფერს გეტყვი. ახლა კი, მართლა უნდა დაგტოვო...
– მძღოლს ვეტყვი, მანქანა მოამზადოს.
– არაა საჭირო, ჩემი მძღოლი გარეთ მელოდება. – იცრუა ურცხვად და აღარც გაჩერებულა მეტხანს. სწრაფად გადაუხადა მადლობა მასპინძლობისთვის და გარეთ რომ გავიდა, თავს ძლივს იკავებდა, სირბილით არ გადაეკვეთა ეზო და გულაჩქარებული არ ჩამხტარიყო მანქანაში. ეს ინფორმაციული ვაკუუმი უკვე სერიოზულად მოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე და ზუსტად იცოდა, ძალიან მალე თუ არ გაიგებდა დემნას მდგომარეობას, ვეღარაფრით მოახერხებდა დამშვიდებას. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ, სწორედ მისი წამოწყებული იყო...
* * *
ყველაფერი მალევე მოაგვარეს. საბუთებიც, პასპორტებიც. ოჯახებსაც აუხსნეს, ასე რომ ჯობდა დროებით და შესთავაზეც კიდეც, თუ უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს, მათთან ერთად წასულიყვნენ. უარი უთხრეს. და არც დემნას დაუძალებია დიდად, რადგან ისედაც ზუსტად იცოდა, საზღვარს გადაკვეთდა თუ არა, აღარაფერი დაემუქრებოდათ. მათ მხოლოდ მისი გაჩუმება უნდოდათ და როცა ჩათვლიდნენ, ყველაფერზე უარი რომ ათქმევინეს, ისე გაქრებოდნენ, როგორც გამოჩდნენ.
მაინც უჭირდა საქმესთან შელევა. იმდენი წელი, დრო და ენერგია დაახარჯა ამ ყველაფერს, ნერვებიც კი ეშლებოდა, ბოლოს მაინც დანებება რომ მოუწია. მაგრამ, სხვა გზა უკვე აღარ იყო. ზღვარზე მივიდა და გადაწყვეტილებას დროულად თუ არ მიიღებდა, თვითონაც კი ვეღარ შეძლებდა მათ შეჩერებას. კარგად იცოდა, როგორ ძლიერ ძალასთან უწევდა ჭიდილი და ისიც საკმაოდ ნათლად გააგებინეს, რაზეც იყვნენ წამსვლელები.
მეტად ვეღარ გარისკავდა.
თუმცა, არ დააცადეს. არ დასცალდა მშვიდად წასვლა და ყველაფრის დატოვება. არც ის დასცალდა, მიცემული პირობა რომ შეესრულებინა და მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, ეს ყველაფერიც წინასწარ იყო დაგეგმილი, თუ გასაცილებელ სიურპრიზად მოუწყვეს...
ოფისში იყო, ყველანაირი საქმე რომ კოლეგებისთვის გადაებარებინა. ისედაც არ ჰქონდა აღებული ბევრი, მაგრამ იყო ერთი ორი ისეთი, უყურადღებოდ რომ ვერ დატოვებდა. იცოდა, ადრე თუ გვიან, სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებოდა, რეპუტაციის შელახვა კი, ნამდვილად არ აწყობდა, მით უმეტეს, რომ ისედაც აღარ იყო კარგ დღეში.
ელენემაც იცოდა, უმნიშვნელო დეტალები რომ არ იყო და აუცილებლად უნდა მოეგვარებინა. სწორედ ამიტომ არ სწყენია, ექიმთან რომ ვერ მიყვებოდა. რაღაც მხრივ, სიამოვნებდა კიდეც ის ფაქტი, პირველი რომ თვითონ შეიტყობდა ბავშვის სქესს. უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. გიჟდებოდა დემნას ემოციების ნახვაზე და წინასწარ გეგმავდა, როგორ შეატყობინებდა მომავალი შვილის ვინაობას. აქამდე ვერც ახერხებდნენ ამაზე ფიქრს, ახლა კი, საბოლოოდ რომ შორდებოდნენ ამ მოჯადოვებულ წრეს, თითქოს სუნთვითაც კი უფრო თავისუფლად სუნთქავდა ელენე.
არც იმის შეშინებია, ლილუც რომ წაეყვანა ექიმთან. უნდოდა, თავიდანვე გაეცნო მომავალი დაიკო, ან ძამიკო. მუცელი ჯერ ისე არ ჰქონდა წამოზრდილი, არც ბავშვი მოძრაობდა, ასე რომ ჰქონოდათ ურთიერთობის საშუალება, ამიტომ, პირდაპირ მონიტორზე ჩვენება გადაწყვიტა და ალბათ, არც არასდროს დაავიწყდება შვილის ის გაფართოებული თვალები, მოძრავ წერტილს რომ შეჰყურებდა ეკრანზე და ვერაფერი გაეგო. მხოლოდ ის აინტერესებდა პატარას, ბიჭისთვის უნდა მოეფიქრებინა სახელი, თუ გოგოსთვის. პატარა თითებს უსვამდა დედიკოს მუცელზე და მართალია, ბოლომდე კარგად ვერ აღიქვამდა სიტუაციას, თუმცა, საოცრად მოსწონდა ის ფაქტი, ისეთი მეგობარი რომ გაუჩნდებოდა, ღამითაც მასთან რომ დარჩებოდა და საიდუმლოებსაც გაუმხელდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, პირველად გრძნობდა ელენე ამხელა ბედნიერებას, საავადმყოფოდან რომ გამოვიდა. კი არ დადიოდა, დაფრინავდა თითქოს. არასდროს გაუსვამს დემნას ხაზი იმისთვის, რომ ბიჭი უნდოდა. პირიქით, ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ლილუსთან, ისეთი თბილი და ამოუხსნელად ძლიერი კავშირი, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, მეორე ასეთი, როგორღა უნდა დაეტია გულს... არც ულაპარაკიათ საერთოდ მეორე ბავშვის სქესზე. კარგად იცოდა ლენამ, იმ კაცების კატეგორიას რომ არ მიეკუთვნებოდა მისი ქმარი, მხოლოდ ბიჭს რომ აღიქვამენ შვილად და მემკვიდრედ. თუმცა, მაინც გაუხარდა ბიჭი... პატარა კიკინებიანის სიტკბოება უკვე გაგებული ჰქონდა და ახლა უნდოდა, ლილუს გვერდით ძმა ჰყოლოდა. ისეთი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და დაიცავდა. მაშინაც, მშობლები რომ აღარ ეყოლებოდათ გვერდით.
– ახლა მე და შენ წავალთ მამიკოსთან, ოღონდ, შენ ჯერ არაფერი არ უნდა თქვა. ხო, დე? – მუცელზე შეუღიტინა ვარდისფერკაბიანს და მანქანის უკანა სავარძელზე რომ მოათავსა, ფრთხილად შეუკრა ღვედი.
– საიდუმლო უნდა გვქონდეს? – თვალები აენთო უმცროს ხერგიანს. – მარტო მარტო მე და შენ?
– ხო, დე, მარტო მარტო მე და შენ. მამას სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ. კარგი?
– სიურპრიზი რა არის? – ჰკითხა ბავშვური გულწრფელობით და ვეღარაფრით შეიკავა ლენამ თავი, ფუმფულა კისერში რომ არ ეკოცნა პატარა ჭორიკანასთვის.
აჟიტირებული მიუჯდა საჭეს. გულიც კი არ უგრძნობდა ცუდს. აღარ ჰქონდა დარჩენილი უარყოფითი ემოციებისთვის ადგილი. ბედნიერებაც კი აღარ ეტეოდა უკვე, სხვა გრძნობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ისე უხაროდა... ის კი, უფრო მეტად ახარებდა, ერთი დღეღა რომ აშორებდათ გამგზავრებამდე.
ვერაფრით მოითმინა. გზიდანვე დაურეკა დემნას. ყურსასმენები ეკეთა და ისე ესაუბრებოდა, თან არ უნდოდა შემჩნევა, ბავშვის სქესი რომ უკვე იცოდა, მაგრამ, ვერც მალავდა და ათას სისულელეს იგონებდა, ასე, სატელეფონო საუბარში რომ არ წამოსცდენოდა ყველაფერი.
– სად მოგაკითხოთ?
– ჩემი გოგოები ჩემთან მოდიან? – ჩაეცინა ხერგიანს. – მითხარი, სად ხართ და მე თვითონ მოვალ.
– ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა! – აჰყვა სიცილში თვითონაც და მოსახვევში შესვლამდე სიჩქარის დაკლება სცადა, მანქანა რომ არ დაემორჩილა.
წამიერად გაეყინა სხეული. არც უფიქრია, კიდევ თუ ელოდათ რამე. არც დაუშვია, მათი გაკეთებული თუ იყო... ემოციურ ფონს დააბრალა და კიდევ სცადა შენელება, მაგრამ ამის ნაცვლად, სიჩქარე რომ მოემატა, შეშინებულმა გახედა უკანა სავარძელზე ჩაძინებულ ბავშვს.
– ლენა, აქ ხარ? – და დემნას აღელვებული ხმაც, მხოლოდ მოგვიანებით ჩაესმა. – ლენ, მაშინებ!
– აქ ვარ... – ამოილუღლუღა ისე, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთი იცოდა მხოლოდ, მანქანას თუ ვერ გააჩერებდა, როგორმე უნდა შეენელებინა მაინც და თუ ავარია იქნებოდა, ისეთი მოეხდინა, ლილუ მაინც რომ არ დაზიანებულიყო დიდად.
– რა ხდება, რა მოგივიდა?
– დემნა... – სიტყვებსაც ვეღარ აბამდა ერთმანეთს. გამალებული ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა მის თავს, შედეგად კი, უმაღლესი ნიშნულისკენ მიმავალ სპიდომეტრის ისარს და გამვლელი მანქანების მძღოლების უკმაყოფილებას იღებდა...
– ლენა, გამაგებინე რა ხდება!
– მანქანას ვეღარ ვაჩერებ... – აღმოხდა ბოლოს, თუმცა, იმ მომენტში უკვე თვითონაც კარგად იცოდა, ზედმეტად გვიანი რომ იყო ყველაფერი...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი