– ვერ ვიჯერებ! – სიცილს ვერ იკავებდა დარასელი. – ასეთი სულელი როგორაა?! საერთოდ ვერ მიხვდა?! – გულწრფელად ხარხარებდა და არხეინად ტრიალებდა გორგოლაჭებიანი სავარძლის საზურგეზე გადაწოლილი.
– მაგას მე სულელი ვგონივარ! – გოგო კი, ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ჩანდა.
– კარგი ახლა! შენი როლიც ეგ იყო, ნუ აჭარბებ.
– ძალიან კარგად ვიცი, რაც მევალება, მაგრამ მაინც გასაბრაზებელია! – ჩაიდუდღუნა კიდევ ერთხელ.
– დეა, გეყოს!
– თავი ძლივს შევიკავე, ის მაგიდა რომ არ ავუტრიალე!
– აბა, რა ხდება, მოვგვარდით? – დროულად შევიდა კაბინეტში ღვინიანიძე.
– საოცრებები ჩაატარა! – გიორგიმ კი, კვლავ სიცილით უპასუხა და მზერით გაბუსხულ გოგოზე ანიშნა.
– აბა, რატომ ზის ასე? – გაეცინა დავითსაც. – რა იყო, დეა, ძალიან ხომ არ შეიჭერი როლში?
– თქვენ რა გედარდებათ?! – იფეთქა საბოლოოდ. – რომელს გიწევთ სულელი მდივნის როლის თამაში? უკვე ვეღარ ვითმენ, როდის მორჩება ეს ყველაფერი, აქედან რომ გავემგზავრო და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე! – ამოიოხრა და გამწარებულმა, ისე გადაჰკრა ვისკი, ეგონა, ესიამოვნებოდა, სანაცვლოდ კი, ერთიანად რომ ჩაეწვა გულ-მუცელი, ვეღარც სახის მიმიკის დამორჩილება მოახერხა და ბიჭებსაც სიცილის კიდევ ერთი მიზეზი მისცა.
ხერგიანს დაემშვიდობა თუ არა, მაშინვე გაუგზავნა გიორგის შეტყობინება, სასწრაფოდ უნდა გნახოთ, დავითსაც უთხარი და ჩვენს ადგილას მოდითო. ისე უნაკლოდ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ზუსტად იცოდა, წამითაც რომ არ გასჩენია დემნას ეჭვი მის გულწრფელობაში. ამდენხნიანი ერთად მუშაობის წყალობით, როგორღაც მაინც მოახერხა უფროსის შესწავლა და სიმართლე ითქვას, ამ ლანჩსაც ისე ელოდა, ბოლოს ლამის იმედიც კი გადაეწურა და სწორედ მაშინ წავიდა ყველაფერი კარგად, როცა უკვე ფიქრობდა, ფუჭად რომ ჩაიარა მისმა ფარსმა.
ამ დავალებას რომ თანხმდებოდა, თავიდანვე იცოდა, არც დრო იყო განსაზღვრული, ვერც ვერავინ მისცემდა რამე გარანტიას, დასასრულთან დაკავშირებით. ბევრი არც არაფერი ევალებოდა, უტვინო, დიდმკერდა მდივანი უნდა ყოფილიყო, უფროსზე რომ ჭკუას კარგავს და მის დავალებებსაც ზედმიწევნით კარგად ასრულებს. მართალია, დიდად გულზე არ ეხატებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იცოდა, მის გარდა სხვა რომ ამას ვერავინ გააკეთებდა. ისიც იცოდა, ხერგიანის ასე ნებაზე მიშვება რომ არ შეიძლებოდა და მუდმივად სჭირდებოდა გვერდით ისეთი მეთვალყურე, კომპანიაში მაინც რომ არ მისცემდა თავის ნებაზე ყოფნის საშუალებას.
მართალია, პრობლემები დასაწყისშივე შეექმნა და ლამის გიორგისთან ერთადაც გამოიჭირეს, თუმცა, როგორღაც მაინც გამოძვრა. ერთადერთი, რაზეც წუხდა, ის იყო, დემნასთან დაახლოებას რომ ვერაფრით ახერხებდა. არადა, როგორ ეგონა ყველას, მხოლოდ ოფისში კი არა, მის გარეთაც რომ შეძლებდა დეა ამ კაცის კონტროლს. აშკარად არასათანადოდ შეაფასეს კონკურენტი, თუმცა, საბოლოო გამარჯვებამდე არცთუ ისე ბევრი აშორებდათ და შეეძლოთ, ამაზე ფიქრით ენუგეშებინათ თავი.
– აბა, რას იზამ? – ფიქრებიდან გამოარკვია დავითის ხმამ.
– რასთან დაკავშირებით?
– მისცემ? – ჩაეცინა ირონიულად.
– კომპრომატებს, კი! – და დეაც მიუხვდა ნათქვამის ორაზროვნებას.
– ყველაფერი მოვამზადე უკვე! – გიორგი კი აშკარად დროს არ კარგავდა. საკმაოდ მოზრდილი საქაღალდე დააგდო მაგიდაზე და წარბები გამარჯვების ნიშნად აათამაშა. – არ მქონია უინტერესო ცხოვრება, ხომ იცით თქვენ!
– ასე ერთიანად ვერ მივუტან ყველაფერს.
– მერე, ერთიანად ვინ გთხოვს? ჯერ კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ!
– უფროსს გააგებინეთ უკვე? – ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის გაჟღერება მაინც დავითმა აიღო საკუთარ თავზე. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მხიარულობდნენ, მაგრამ წამითაც არ უნდა დავიწყებოდათ, საქმე საკმაოდ სერიოზულად რომ იყო და ერთ არასწორად გადადგმულ ნაბიჯსაც კი შეეძლო ყველანი ერთიანად ჩაეძირა.
– ნუთუ ასე კარგად ვასრულებ სულელის როლს, შენც რომ დაიჯერე? – აღშფოთდა დეა. – თქენზე ადრე იმას გავაგებინე, რა თქმა უნდა!
– და?
– და ყველაფერი მზადაა. მივცემთ ხერგიანს იმას, რაც სჭირდება. უფრო ზუსტად, რაც ჰგონია, რომ სჭირდება.
– შემდეგ კი, არაკანონიერი საქმიანობისთვის ვუჩივლებ. – ჩაეღიმა დარასელს. – შემიძლია, თანამშრომლის სექსუალური შევიწროებაც დავამატო, დეა არ იქნება უარზე. ერთი-ორი საინტერესო ბრალდებაც და, თვითონ ამოჰყოფს თავს იქ, სადაც ჩვენს გასტუმრებას ცდილობს.
– უკვე აღარ მჯერა, მაგ კაცს თუ მოვიშორებთ!
– დაიჯერე, დავით, დაიჯერე. სულ ცოტაც.
– პირადად უნდა მივაკითხო ციხეში, – სიცილით გაიქნია თავი გოგონამ. – მაგრამ ჯერ მის ცოლს მოვუყვები, როგორ მაბამდა!
– ყოფილს! – ერთდროულად წამოიძახეს გიორგიმ და დავითმა და შესაბამისი მზერაც დაიმსახურეს დეასგან.
– ახლა თავიდან არ დაიწყოთ! – წარმოთქვა მკაცრად, საჩვენებელი თითის დაქნევით. – გაფრთხილებთ ორივეს, საქმეს გააფუჭებთ!
– შენ შენს უფროსს მიხედე!
– მიხედილი მყავს. ხვალ მე დავპატიჟებ ლანჩზე, ნამდვილად იმსახურებს, სასიამოვნო ინფორმაციით რომ გავახარო! – წარბები აათამაშა და კმაყოფილი ღიმილით გადაწვა დივანზე.
როგორც იქნა, საქმე დასასრულისკენ მიდიოდა, ეს კი, მხოლოდ ამ სამეულის კი არა, მთელი დაჯგუფების სურვილს წარმოადგენდა უკვე. მიუხედავად იმისა, წლების განმავლობაში რომ ებრძოდნენ ერთ უბადრუკ იურისტს, ბოლო თვეები მაინც განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა, ახლა კი, ნამდვილად დრო იყო, ყველაფერი ლოგიკურ ფინალამდე მიეყვანათ...
* * *
შეჯახების შემდეგ, პირველად თვალები საავადმყოფოში რომ გაახილა, ამას იქაურობის აუტანელი სუნით, სხეულის ტკივილით და ათასგვარი აპარატის გამაყრუებელი ზუზუნით მიხვდა. მიხვდა, თუმცა, მაინც ვერ გაიაზრა, რა მოხდა. თითქოს, გონება უარს უცხადებდა რეალობის აღქმაზე. ისე დაღლილად, გამოფიტულად და ცარიელად გრძნობდა თავს, პირველად ვერც კი მიხვდა, რა აკლდა ასე ძალიან, სანამ არ დაინახა, სასუნთქ აპარატზე რომ იყო მიერთებული.
თითქოს, ახლად თვალებახელილი იყო, ისე ეცნობოდა ყველაფერს. დაკვირვებით სწავლობდა თითოეულ დეტალს და თავის გამოძრავების გარეშე, მხოლოდ მზერის მოტარებით ათვალიერებდა პალატას.
პირველყოფილი ინსტინქტები ამოძრავებდა თავიდან მხოლოდ და როცა დარწმუნდა, ცოცხალი რომ იყო, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო მისმა ტვინმაც ნელ-ნელა გამოფხიზლება. ჯერ ავარიის კადრები ამოუტივტივდა გონებაში, შემდეგ უკანა ხედვის სარკეში დანახული ლილუს სახე დაუდგა თვალწინ, გონებამ უფრო შორს, ექოსკოპიის კაბინეტშიც კი გადაისროლა და თითქოს, იმ მომენტში იფეთქა ყველაფერმა ხელახლა.
ავარია. ბავშვი. ლილუ.
ლილუ. ბავშვი. ავარია.
ავარია. ლილუ. ბავშვი.
– ბავშვი! – აღმოხდა ისე, თვითონაც ვერ მიხვდა, საიდან ამოუვიდა ასეთი ხმა.
ერთიანად დაეჭიმა ყველაფერი. ყველა კუნთი, ყველა ორგანო, თითოეული უჯრედით იგრძნო ტკივილი და აპარატიც, რომელზეც ასე მჭიდროდ იყო მიერთებული, ისე გულსაკლავად აყვირდა, მაშინვე შეცვივდნენ მასთან ექიმები.
არ ახსოვს, როგორ მოახერხეს მისი გაკავება. ახსოვს, რომ ძალიან გაუჭირდათ.
არ ახსოვს, როგორ გაუკეთეს დამამშვიდებელი. ახსოვს, რომ ძალიან ეტკინა.
არც ის ახსოვს, საიდან მოახერხა იმ აურზაურში ნაცნობი მზერის, ნაცნობი თვალების დანახვა, მაგრამ დეტალური სიზუსტით ახსოვს, სულ სხვანაირად რომ უყურებდნენ ის თვალები მაშინ.
– ბატონო, გაბრძანდით, თუ შეიძლება, ხელს გვიშლით! – ესმოდა შორიდან, ბუნდოვნად, მაგრამ რეაგირებას ვერ ახერხებდა.
– ქალბატონო, დამშვიდდით, დაწექით, დამამშვიდებლის დოზა გაზარდეთ, ვეღარ ვაკავებ! – ესმოდა გვერდით მდგარი ექთნის ხმაც, ახლოდან და გამოკვეთილად.
თითოეული სიტყვა ესმოდა, თითოეულ მოძრაობას ამჩნევდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა დემნას თვალების მეტს. მისი ჩაწითლებული, წყლიანი თვალების და მზერის, რომლითაც არ უნდა შეეხედა, ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო! მზერის, რომელშიც ყველაზე მეტად უუნარობას ხედავდა იმ მომენტში! სადღაც გამქრალიყო ის სიმტკიცე, სიჯიუტე, სითამამე. კვალიც აღარ დარჩენილიყო გამბედაობის, შეუპოვრობის, უშიშრობის. სიკვდილი გაბატონებულიყო მხოლოდ. შავი და ცივი. უსიტყვო და წამიერი. ზუსტად იმ წამის მსგავსი, რომელმაც დააყენა თავდაყირა ყველაფერი.
ერთიანად მოუდუნდა სხეული. ძალაგამოცლილი მიესვენა საწოლზე. ისეთმა ბურუსმა მოიცვა მისი გონება, ერთიანად, სიმძიმესავით დააწვა სქელი ღრუბლები და მიხვდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერაფრის თქმას მოახერხებდა ახლა. წამებში გაეყინა ყველა უჯრედი. ნაწილებად დაიშალა. ისე გაიფანტა, როგორც გაწყვეტილი, მარგალიტის მძივის ბურთულები. საკუთარ არსებაში ჩაიშალა და იმას კი ვერ მიხვდა, რატომ არ შეიშალა. როგორ გაუძლო. როგორ იყო ასეთი არაადამიანი, რომ ამას გაუძლო.
თვალები ეხუჭებოდა უკვე, დემნას მზერა კი მაინც არ ქრებოდა. უსიტყვოდ ეუბნებოდა ყველაფერს. უსიტყვოდ ატყობინებდა სიკვდილს და უსიტყვოდ სთხოვდა პატიებას.
– ლენა... – ჩაესმა შორიდან, სანამ ისევ გაითიშებოდა, ერთადერთი კი, რაც იმ მომენტში იგრძნო, მხოლოდ ის იყო, ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ახლა, ამ ადამიანისგან, კიდევ ერთი სიტყვა მაინც მოესმინა...
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება სამშაბათს