ლიფტის კარი გაიღო და გასასვლელისკენ გავეშურეთ. მუხლებში ძალა გამომეცალა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხეულში ცხელი, ბლანტი სითხე ჩამეღვარა.
ვიგრძენი, ღაწვები როგორ შემივარდისფრდა. ფეხებზე დავიხედე, ეს კედები არ უნდა ჩამეცვა... მაგრამ გამახსენდა, რომ არჩევანის საშუალება არც მქონია. თავი კვლავ მაღლა ავწიე, ღრმად ჩავისუნთქე და ხორბლისფერი კულულები უკან გადავყარე.
სახლი, რომელშიც მივდიოდით, მაქსიმის მამას - ლეონსა და მის ძმებს ეკუთვნოდათ. ღია კარში რამდენიმე სილუეტს მოვკარი თვალი და გამაჟრჟოლა. ეტყობოდათ, ერთი სული ჰქონდათ, როდის მნახავდნენ. მაქსიმმა ხელი ჩამკიდა, დავმშვიდდი.
- გამაჯობა! - მოგვესალმა საშუალო სიმაღლის კაცი, რომელიც მისი სიმაღლის ქალის მარცხნივ, ერთი ნაბიჯით წინ იდგა შუა კარში. კაცი საერთოდ არ ჰგავდა ლევის, მაგრამ როგორღაც ეტყობოდათ, რომ ძმები იყვნენ. ცოლ-ქმარს მომღიმარი სახე ჰქონდა, თვალები ცნობისმოყვარეობით წამონთებოდა.
- შემოდით! - გვითხრა ცოლმა სულმოუთქმელად, როცა კარამდე ჯერ კიდევ 7-8 ნაბიჯი მაინც გვქონდა გასავლელი. წინ ლევი მიდიოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. შინ შესულებს ორი მაგიდა დაგვხვდა გაწყობილი, ერთი - სასტუმრო ოთახში, უფრო დიდი იყო, მეორე - სამზარეულოში, შინაურებისთვის. ყველა გაკვირვებული მათვალიერებდა. ვგრძნობდი, შიგადაშიგ მუცლისკენ როგორ აპარებდნენ თვალს. გაოცებას ვერ მალავდნენ, აშკარა იყო, რომ სხვანაირი წარმოვედგინე ყველას. ჩემთვის უმთავრესი ამოცანა იყო იმ მომენტში, უკეთესს ელოდნენ თუ უარესს. თეთრთმიანი, ულვაშიანი კაცი, რომელიც იმაზე ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალურად იყო, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მაქსიმის ბაბუა ყოფილა. ქერათმიანი, საკმაოდ კონსერვატულად და უგემოვნოდ ჩაცმული ქალი, მზრუნველი, ყურადღებიანი ან ზედმეტად ცნობისმოყვარე გამომეტყველებით - ლევის ცოლი. თამაში მიეტოვებინათ და აღტაცებულები მომჩერებოდნენ.
ლევის ხუთი წლის გოგონა, ორი დაახლოებით იმავე ასაკის ბიჭი, რომლებიც უთუოდ ლევისა და ლეონის მესამე ძმის - კარლის შვილები უნდა ყოფილიყვნენ და ყველაზე პატარა გოგონა. თავიდან ვერ მივხვდი, ეს უკანასკნელი ვის ახლდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ვითარებაში გავერკვიე, შევიტყვე, რომ ის მაქსიმის ბაბუის - ანტონიოს ძმის შვილიშვილი იყო. პატარა მიას ჟღალთმიანი დედა ჰყავდა, აქტიური, სიცოცხლით სავსე და მეგობრული გოგო იყო ტინა, თუმცა მიხვრა-მოხვრით, ქცევითა და საუბრის მანერით პროვინციელობას ამჟღავნებდა. აქვე იყვნენ ტინას დედამთილ-მამამთილიცა და ორი ან სამი უცნობი ადამიანი, რომლების სახეები და ვინაობაც გონების იმ ბურუსით მოცულ ნაწილში მაქვს შენახული, სადაც უმნიშვნელო, ზედმეტ, უსარგებლო ინფორმაციას ვანთავსებ.
- კარგად ვიმგზავრეთ, შუა კვირაა და გზები არ იყო გადატვირთული. - თქვა ლევიმ.
-არადა, ჩვენ მოგვეჩვენა, რომ დიდხანს მოდიოდით - სახეზე ეშმაკური სიცილი უთამაშებდა კარლს.
-თქვენ რძლის მოლოდინმა წამი საუკუნედ გადაგიქციათ! ჰა-ჰა! - ლევის ხუმრობაზე ყველას გაეცინა. მე ვიდექი და უხერხულად ვიღიმოდი.
- მოლოდინი უდავოდ ღირდა! - ლაპარაკში ჩაერია ლევის ცოლი, ტამარა.
- ღირდა რომელია?! ეს რა კარგი გოგო გინახავს, ბიჭო, მაქსი, ჰა? - მაქსიმს მხარზე წაჰკრა ხელი კარლიმ და კვლავ გაიცინეს.
- ულამაზესია! - ლაპარაკში ჩაერია მიას ბებო, სასიამოვნო ქალი ჩანდა. ერთდროულად წარბები მაღლა ასწიეს, ტუჩების კუთხეები კი ძირს ჩამოუშვეს და თავის ქნევით დაეთანხმნენ იზაბელას.
- მადლობა! - ვთქვი გაუბედავად.
- თან როგორი სუსტი და ჰაეროვანია?! - ეს შერონი იყო, კარლის ცოლი. მომეჩვენა, რომ გასცდნენ იმ ზღვარს, სადამდეც მოსწონთ თუ არა კონკრეტული ობიექტი, ქათინაურებს მაინც გაიძახიან, რადგან სიტუაცია მოითხოვს ასე. რეაქციები ბუნებრივი იყო, როგორც ჩანდა, მოლოდინს გადავაჭარბე.
- დახატულია, რა თვალები აქ?
- დახატულია, დახატული! აბა, ნამდვილი თვალებით ამას სად გამოყვებოდა? ჰე-ჰე-ჰე! - წამოიძახა კარლმა.
- დედი, ჩემო ლამაზო! მშიერი იქნები, შორი გზიდან მოდიხარ, წამოდი სუფრასთან - დამიყვავა ტამარამ.
- არა, გმადლობთ, არ მშია! - მოვიტყუე.
- წამოდი, წამოდი!
- არა, მართლა გეუბნებით! - ისევ.
- კარგი, თუ არ უნდა, ყველა ერთად როცა დავსხდებით... - თქვა ლევიმ.
- რას ველოდებით? - ჰკითხა შერონმა.
- სესილიას ბიძამ დაგვირეკა, მისამართი ვუთხარით და რამდენიმე წუთში მოვა...
- ოო.. - ერთხმად აღმოხდათ იქ მყოფებს.
"ო, არა! აქ რა უნდა? რატომ უნდა მოვიდეს?! რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა მოვიქცე?! კარგი, ამაზე უარესებიც მელის, ყველაფერი წინ მაქ... უნდა დავმშვიდდე!", - გავიფიქრე და მღელვარების დასაფარავად კვლავ გავიღიმე, ტლანქად, ძალიან ტლანქად... ბიძაჩემმა არაფერი იცოდა და არცერთმა რომელიმე ჩემმა ნათესავმა, ეგონათ, რომ უცებ თავში დამარტყა და გათხოვების ხასიათზე გავიღვიძე. მე და მაქსიმი სასტუმრო ოთახში სავარძელზე დავსხედით, დანარჩენები ოთახებში დადიოდნენ, ჩემთან კონტაქტში შემოსვლას ცდილობდნენ, შორიდან მათვალიერებდნენ, ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე და კვლავ მიყურებდნენ.
- პირველი შენ წადი!
- რა? სად? - დაბნეული და დაძაბული ვიყავი, ხუმრობა ვერ გავიგე.
- ბიძაშენი რომ მოვა, პირველი შენ შეხვდი, მე დავიმალები.
გამეცინა.
- რა უნდა ვუთხრა?
- არ წამოვალ, მოსახდენი უკვე მოხდა-თქო. - ოჯახურ გარემოში ხუმრობის ხასიათზე დადგა მაქსიმი, მე სულაც არ მეცინებოდა.
კარი გაიღო და ანრი შემოვიდა, ნათლიაჩემი და ვიღაც სპორტსმენი ახლდა, რომელსაც არ ვიცნობდი. ბიძას შეშინებული სახე ჰქონდა, რომ დამინახა, მომეჩვენა, თითქოს დამშვიდდა. საშინლად შემრცხვა, ვიგრძენი, ღაწვები როგორ ამელეწა, თითები მანჟეტებში ჩავმალე და გადავაჯვარედინე.
- გამარჯობა.
ჩემკენ წამოვიდა, თვალებში ჩამხედა და ისე გადამკოცნა, ვითომც არაფერი. ყელში ბურთი გამეჩხირა, ღმერთს ვევედრებოდი, ცრემლები არ წამსკდომოდა. დრამებს ვერ ვიტანდი.
- მოდი ჩემთან, დავსხდეთ. - სავარძელზე დაჯდა და მეც გვერდით მიმისვა. მაქსიმის ნათესავები შორიდან გვადევნებდნენ თვალს. მაქსიმი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა.
- რატომ გააკეთე ეს?
დავდუმდი, ხმა ჩამიწყდა, ზედმეტად ტრაგიკულად მომეჩვენა შეკითხვა, თითქოს ოთახში ჰაერი დამძიმდა, ვერაფერი ვუპასუხე.
- კარგი, რა გაეწყობა, მაშინ მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე... გიყვარს?
გულზე მომეშვა.
- კი.
- გიყვარს? - კიდევ ერთხელ გამიმეორა და თვალებში ჩამხედა, თითქოს ჩემ მიღმა რამეს ხედავდა.
- კიი! - ვეცადე, უფრო მტკიცედ მეპასუხა.
- ხომ არავის დაუძალებია, ეს ხომ შენი გადაწყვეტილებაა?
- არა, არავის დაუძალებია... - თავს იდიოტურად ვგრძნობდი.
- კარგი.
ფეხზე წამოდგა და მაქსიმს ხელი ჩამოართვა.
- შემაშინეთ. არ უნდა გეჩქარათ, მაგრამ რაკი ასე გინდოდათ, თქვენი ნებაა! შეებით ოჯახის უღელს და გაუფრთხილდით ერთმანეთს! - ამას ნამდვილად არ ველოდი, მე ხომ სულ რაღაც 17 წლის ვიყავი. ნუთუ ასე მარტივად შეეგუა ამ პარადოქსულ სიახლეს?
ეს იყო და თითქოს ყველა ამას ელოდაო, ოთახში შემოცვივდნენ და ანრის გადაეხვივნენ. პირველი კარლი მოეხვია, შემდეგ ლევი, მერე იყო ის ერთი-ორი უცნობი და ბოლოს ბაბუა ანტონიო. ანრი მაგიდასთან მიიპატიჟეს და სუფრას შემოვუსხედით. ერთადერთი ქალი ვიყავი იმ ოთახში, სუფრასთან მხოლოდ კაცები ისხდნენ, მეტი ადგილი მრგვალ მაგიდასთან არ იყო. თუმცა საჭმლის დანახვაზე ყველაფერი დამავიწყდა, აღარაფერი მანაღვლებდა, ისე მშიოდა, მზად ვიყავი, ყველას ნაცვლად მე მეჭამა. ტრადიციულად, ყველამ გვადღეგრძელა. ანრი თანმხლებ სტუმრებთან ერთად მალევე წავიდა, ალბათ, მაქსიმუმ თხუთმეტ ან ოც წუთში.
სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა, მხოლოდ რამდენიმე ლუკმა შევჭამე და მალევე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. მძაფრად ვიგრძენი ყოველი კერძის თითოეული ინგრედიენტის სურნელი და გავღიზიანდი, ბოდიში მოვიხადე და ოთახიდან გავედი. საპირფარეშოსკენ მიმავალი ქალების სუფრასთან დამიჭირეს, რომ უფრო კარგად, ახლოდან დავეთვალიერებინე და გამოვეკითხე. რა გაეწყობოდა, გადმოვინაცვლე ქალთა სამყაროში...
უნდა შევგუებოდი, სხვა გზა არ მქონდა, ფლორენცვილში დავიბადე, გავიზარდე და აქ ცხოვრებას ვაპირებდი...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. VII თავი. მოლოდინი