რთულია, იცხოვრო სამყაროში, სადაც ერთეულები აზროვნებენ, დანარჩენები - დოგმებად ქცეული ტრადიციებით არიან ზომბირებულნი, სადაც ჩაგრავენ, ჭორავენ, ამცირებენ, გულს სტკენენ, ვერ ფიქრობენ, შესაბამისად, ვერც ცხოვრობენ, მხოლოდ არსებობაა მთავარი პრიორიტეტი და ამავდროულად, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილით ამაყობენ...
ადამიანებს რაღაც უხილავი აკავშირებთ მშობლიურ გარემოსთან და ეს კავშირი მაშინვე დიდ ტვირთად იქცევა, როგორც კი გააცნობიერებ, რომ მშობლიური მიწა ჭაობია და თანამემამულენი - ბაყაყები, რომლებისთვისაც ფიქრი შეუძლებელი, წარმოუდგენელი და სახიფათო პროცესია.
ასეთ საზოგადოებაში, სადაც თავს ისე გრძნობ, როგორც თეთრი ყვავი, შენნაირი განწირული, მიუსაფარი სულის ხილვა ერთდროულად გგვრის სიხარულსა და სევდას. ერთმანეთს შეხვედრისთანავე ცნობთ და გულში დაგროვილ ნაღველს ანიავებთ. ორი ასეთი ინდივიდის შეხვედრისას წარმართულ დიალოგში აუცილებლად გაიჟღერებს ჭაობიდან გაქცევის, თავის დაღწევის იდეა, რომელსაც რეალურად ზუსტად იგივე შედეგი მოჰყვება განხორციელების შემთხვევაში, როგორიც მოჰყვა იმ ვირთხის ჩიტობისადმი ლტოლვას, რომელიც ღამურად გადაიქცა და საკუთარი თავიცა და ადგილიც საბოლოოდ დაკარგა. გაწყდა კავშირი სამშობლოსთან და არა და არ იშვა ის სასურველ ლოკაციასთან.
მე და თაია პოტენციური ღამურები ვიყავით. ჭაობიდან თავის დაღწევას არ ვცდილობდით, თუმცა ვაანალიზებდით, სად ვცხოვრობდით. ბედმა გაგვიღიმა და ერთმანეთს მაშინ შევხვდით, როცა ძალიან პატარები ვიყავით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, როგორ ისახებოდა ბავშვი. განაყოფიერების საიდუმლომ აღგვაშფოთა ფრიად, როცა შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ, რელიგიისთვის შეგვეფარებინა თავი. ვთვლიდით, რომ სასულიერო მოღვაწეობა გვიხსნიდა ამქვეყნიური ბიწიერებისგან. თუმცა ერთი რამ გვაფიქრებდა ორივეს - შვილი გვინდოდა გვყოლოდა, როცა ზრდასრულები ვიქნებოდით და დიდხანს უშედეგოდ ვეცადეთ, უსექსოდ და მშობიარობის გარეშე ჩვილის შობის გზა მოგვეძებნა. როგორ ამოგვეყვანა პატარა მუცლიდან ისე, რომ ვაგინას აგვეცდინა, გამოვიკვლიეთ, მაგრამ ჩასახვის თავსატეხი ვერ ამოვხსენით და კვლავ სასულიერო სფეროში დავინახეთ შვება. მაგრამ ორივე წამოვიზარდეთ და ჰორმონებმა თავისი ქნეს. თუმცა კი მაინც სასაცილოდ და ირონიულად გვეჩვენებოდა, რომ ბავშვობის თავსატეხი თავისთავად ამოიხსნა და ისე დავფეხმძიმდი, სექსი არ მქონია.
პირველი ღამე სამი თვის ორსულს მქონდა, თან ძალიან წარუმატებელი. საქალწულე აპკის დარღვევას დაახლოებით ორი ან სამი კვირა დასჭირდა. უამრავი წარუმატებელი მცდელობის, ძლიერი ტკივილებისა და სისხლის ღვრის შემდეგ, მოსახდენი მოხდა, როგორც აქ ამბობენ.
ხინესში ორი კვირა დავყავით, 7 დღე ლეონის სახლში – კარლისთან, შერონთან, ანტონიოსთან და მაქსიმის პატარა ბიძაშვილებთან ერთად, ხოლო მომდევნო კვირა მაქსიმის საცხოვრებელ სახლში გავატარეთ ბებიამისთან – ლაურასთან ერთად.
ლაურა პირველივე შეხვედრისას ამოვიცანი, მაგრამ შემდეგ ბევრმა გარემოებამ მაფიქრებინა, რომ შევცდი და გარკვეული პერიოდი მცდარი შეხედულება მქონდა მასზე. პირველად სწორედ იმ საღამოს ვნახე, როცა კარლისთან და შერონთან ვიყავით ყველანი ერთად შეკრებილები. კარი გაიღო და საშუალოზე ოდნავ დაბალი, მოკლეთმიანი, სუსტი მოხუცი შემოვიდა საბრალო გამომეტყველებით. წვრილად გამოქნილი მრგვალი წარბების შიდა ბოლოები უსასრულოდ აეზიდა მაღლა და პატარა ბავშვს წააგავდა, რომელიც ცდილობს, უსუსური გამომეტყველებით დედას ნაყინის ფული გამოსძალოს. ლაურას ყველა მიეგება, მიესალმნენ და მიულოცეს. დაბნეულმა თვალების ცეცება დაიწყო და მზერა ჩემზე შეაჩერა, შეშფოთდა. წამიერად მომეჩვენა, თითქოს დანახვისთანავე შევძულდი, ჩანთა ამოქექა, სათვალე იპოვა და წაგრძელებულ ცხვირზე მოირგო, შემათვალიერა და სახეზე ალერსიანი ღიმილი გადაეფინა. მოულოდნელად, შეშინებული გამომეტყველებით გახედ–გამოხედა მარცხნივ მდგომ შერონსა და მარჯვნივ – იზაბელას.
– კარგი გოგოა? მოგწონთ?
თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ვიტრინაში გამოდებული ფეხსაცმელი ვიყავი. ყველამ გაუცინა, ეტყობოდა, მიჩვეულები იყვნენ მისგან მსგავს არაადეკვატურობას და ამას საყვარელი მოხუცის გულუბრყვილობად ნათლავდნენ.
– კი, ულამაზესი გოგოა, ვერ ხედავ, რა წვრილი წელი აქვს?
– ძალიან ლამაზია, ლაურა ბებო, რა თვალები აქვს, რა თმა?! ზრდილობიანი, ნაზი და მორცხვია...
– ხოო? მართლა რა ლამაზია, შემომხედე ბებიკო! – დაეთანხმა ლაურაც და სახე მისკენ მიმაბრუნებინა.
– სუსტი, ლამაზი და უსაყვარლესი გოგოა!
– გაგიჟებულები ვართ, ისე მოგვწონს, ყველას ძალიან მოგვაწონა თავი...
და მოულოდნელად საყვარელმა განაწყენებულმა ბებომ წამოიძახა:
– რაო? ნუთუ ჩემი მაქსიკო ცუდია?
შევცბი, ასეთ უადგილო კომენტარს არ ველოდი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა ან რა რეაქცია მქონოდა. ყველამ გადაიხარხარა, მეც ძალით გავიცინე.
– რას ამბობთ, ლაურა ბებო, მაქსიკოც კარგი ბიჭია, ერთმანეთს უხდებიან ძალიან.
– რომელი ჯობია? – იკითხა ლაურამ, ამჯერად ცოტა დამშვიდებულმა და კვლავ ხმამაღალი სიცილი გაისმა ოთახში.
– რთული სათქმელია, ორივენი ულამაზესები არიან!
– ძალიან კარგები არიან, სხვათა შორის, ერთმანეთსაც კი ჰგვანან.
– არა, არა, ლაურა, ძალიან მომწონს ეს ბავშვი, ძალიან კარგი გოგოა! – ამშვიდებდნენ ქათინაურებითა და თბილი სიტყვებით ლაურა ბებოს, თუმცა ის არ ოკდებოდა.
– რატო რა, ჩემი მაქსიკო რითია ნაკლები?
ისევ სიცილი.
– მოდი ბებიკო, მოიწიე აქეთ, შუქზე შეგხედო... – მითხრა უზომოდ თბილი, ტკბილი და ალერსიანი გამომეტყველებით ქალბატონმა ლაურამ. მეც წინ გადავდგი ნაბიჯი.
– ვაიმე, ღმერთო ჩემო, ეს რა სილამაზეა, ნუთუ?! – წამოიძახა გახარებულმა. – ღმერთმა ანგელოზი გადმომიგდო ციდან! შენ შემოგევლე, დადუ! – მომეხვია და კვლავ უკან დაიხია, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა ჩემთვის – რა ლამაზი ხარ, დადუნიკო?!
– დიდი მადლობა... – ამოვილუღლუღე მორცხვად.
ქალის ყოველი ქმედებიდან სიყალბე გამოსჭვიოდა, არაადეკვატურად იქცეოდა, თითქოს თავს ისულელებდა. ქალები ცალკე მივუსხედით სუფრას და ბევრი ვისაუბრეთ, უფრო სწორად, მათ ილაპარაკეს, მე კი უსაშველოდ მოწყენილი და გადაღლილი ვიჯექი და ვისმენდი ათას სისულელეს. ლაურა ხშირად ამბობდა ისეთ პარადოქსულ ფრაზებს, როგორებიცაა: "იცით? მე ძალიან მიყვარს ადამიანები!", "მე ძალიან კეთილი ვარ", "მე ძალიან სტუმართმოყვარე ვარ!"... გამუდმებით მაქსიმეს აქებდა და შვილიშვილის ამგვარ სიკარგეს, თამამად ითვლიდა თავის დამსახურებებში. ხშირად ჰყვებოდა, ვის რა აჩუქა და ვის რითი დაეხმარა, ასევე ხშირად უსვამდა ხაზს განაჩუქები ნივთების ფასებს.
ადამიანებისადმი სიყვარულის გრძნობა მეც შემომწოლია არაერთხელ. ხანდახან მინდა ყველას ჩავეხუტო და მოვეფერო, დავეხმარო, მაგრამ ხმამაღლა არასდროს გამიჟღერებია ეს. აფიშირებული სიკეთე სიკეთე აღარაა, რადგან სიკეთე და ანგარება ვერასდროს შეძლებენ თანაარსებობას. მე არ მესმის, როგორ შეიძლება გეგონოს, რომ სიკეთეს აკეთებ, როცა ამას იმისთვის აკეთებ, რომ ხალხმა თქვას, სიკეთეს აკეთებსო... მარაზმია!
ლაურასთან გატარებული კვირა დამღლელი აღმოჩნდა, არაფრის გაკეთების უფლებას და საშუალებას არ მაძლევდა. ხანდახან საძინებელში მოჰქონდა თავისი გამომცხვარი ორცხობილები და ეს დასაფასებელი პატივისცემა ძალიან მაწუხებდა. კვირის მიწურულს 50 სტელა მაჩუქა და ოფიციალურად გამაფრთხილა, მაქსიმს არ უთხრაო. ფაქტის გასაიდუმლოების მიზეზი რომ ვიკითხე, შენთვის გექნება, რა იცი, რაში დაგჭირდებაო... მე, რა თქმა უნდა, არ დამიმალავს ეს ამბავი მაქსიმისთვის, მაგრამ არც იმხელა მნიშვნელობა მიმინიჭებია, იმ წამსვე მეთქვა, ხინესიდან დედაქალაქისკენ მივდიოდით, როცა ფულის შესახებ ვუთხარი და აღმოვაჩინე, რომ ეს მაქსიმმა უკვე ისედაც იცოდა, ჩემზე ადრე ლაურას უთქვამს... ვერაფერი გავიგე, ვერ ვხვდებოდი, რა იყო მიზანი ან მიზეზი მსგავსი უაზრო ქმედებისა. ჩავთვალე, რომ ასაკის ბრალი იყო და მალევე დავივიწყე.
თავს ცუდად ვგრძნობდი, ოჯახური ცხოვრება ეროვნული ტრადიციების ამაზრზენობას უფრო და უფრო აშკარად მანახებდა და დღითი დღე უფრო და უფრო ვითრგუნებოდი. ამავდროულად, დედობის პერსპექტივამ ჭაობიდან წასვლის იმედები, სიმართლე რომ ვთქვა, სურვილებთან ერთად ჩამიფერფლა.
ფლორენცვილში მივემგზავრებოდით მარტო საცხოვრებლად, სადაც უამრავი თავგადასავალი და საინტერესო სიახლე გველოდა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი...
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. თავი VIII. ყურადღების ეპიცენტრში